ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ისევ გარეჯი, ისევ გაურკვევლობა!
ამ ინტერვიუმ კიდევ უფრო მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. არა რესპონდენტმა, არამედ ვითარებამ.
არ ვარ "აღტაცებული" იმ ორი სპეციალისტის პატიმრობით, პროტესტებით, ქუჩის აქციებით.
საზოგადოება გახლეჩილია... სანახევრო სიმართლით; პოლიტიკური კონიუნქტურით; თემის სიფაქიზიდან გამომდინარე სიფრთხილით, რომელიც მის განხილვისას გაწონასწორებულ, თავშეკავებულ ტონალობას მოითხოვს. თანაც, გეოპოლიტიკური თუ რეგიონალური უმწვავესი დაძაბულობის ფონზე.
გამოსავალი?
კი, უნდა დაველოდოთ, სასამართლო განხილვის დამთავრებას. მაგრამ ნუ მოვიტყუებთ თავს, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც ეჭვის თვალით შესცქერს ვითარებას, ნებისმიერ განაჩენს.
ეგებ, ღირდეს მოეწყოს დახურული დებატები, მხოლოდ სპეციალისტების მონაწილეობით, წინა თაობების იმ წარმომადგენლების მოწვევით, რომლებიც სხვადასხვა დროს, თანამდებობრივად დაკავშირებულნი იყვნენ ამ პროცესთან... თანაც, აუცილებლად და მხოლოდ დინჯად, ა რ გ უ მ ე ნ ტ ე ბ ი თ და ფ ა ქ ტ ე ბ ი თ, შიშველი ემოციების, "სუფრის პატრიოტიზმისა" და გულზე მჯიღის ცემის გარეშე; და ობიექტური, აბსოლუტურად მიუკერძოებელი, პოლიტიკისგან გაძარცვული გაშუქება მედიაში.
კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ ყველამ: არ არის ეს მიტინგებზე, გაფიცვებისას, სპეციალური განათლების არმქონე ტიპაჟის აქტიურობითა და ლანძღვა-გინებით განხილვის საგანი. ყოველმხრივ ფაქიზი თემაა, დაკავშირებული თუ გამომდინარე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უმწვავესი რეალობიდან.
და კიდევ ერთი: არსად, არცერთი შეხლა-შემოხლის და ურა-დებატებისას არ სახელდება პირველი პირების - უწინარესად, ბოლო 30 წლიანი პერიოდის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სასაზღვრო უწყების, ასევე, შსს და თავდაცვის სამინისტროს თავკაცთა გვარები.
რატომ?
ვისგან ველოდოთ დასაბუთებულ პასუხს ამ შეკითხვაზე?
ინტერვიუს სანახავად გადადით ბმულზე: