კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის შიგნით მობილური ჯგუფების ჩამოყალიბებაზე საუბრობს. გეგმის თანახმად, ქართველ სტუდენტთა ჯგუფებს უკრაინელი მეგობრებიც შემოუერთდებიან, რომლებიც სავარაუდოდ, სპეცსამსახურების თანამშრომლები იქნებიან. მათი მიზანი ერთიანი ძალით დედაქალაქის პრობლემებზე აპელირება, და „კმარას" მიერ კარგად აპრობირებული მეთოდების გამოყენებაა.
„სტუდენტებს უკავშირდებიან კონკრეტული პიროვნებები და საქართველოში სამოგზაურო ტურების მოწყობას სთავაზობენ ორკვირიანი გასვლებით. თითოეულ ასეთ ტურისტულ ჯგუფში 10-15 კაცი უნდა იყოს გაერთიანებული. ტურების დაგეგმვა ხდება შეკრებებზე. უკვე ცნობილია, რომ ივლისის თვეში ერთ-ერთი ჯგუფი ეკლესია-მონასტრების მოსალოცად გავა. დაგეგმილია ზემო იმერეთში რამდენიმე მონასტრის მონახულება, ასვლა მდინარე ყვირილას სათავესთან, ერწოს ტბაზე, რომელიც ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დღევანდელ ტერიტორიას ესაზღვრება. ახალგაზრდებს, რომლებსაც ამ მარშრუტით უშვებენ, ეუბნებიან - თუკი იქ რამე კონფლიქტური სიტუაცია იქნება, თქვენ მას უნდა გაუმკლავდეთ. გექნებათ ყველანაირი საშუალება, რომ რუსების პროვოკაცია დააფიქსიროთ. ყველაფერს გადაიღებთ და ჩამოსვლისთანავე მთელი ქართული მედია გვერდით დაგიდგებათ. ეს თქვენ გაძლევთ საშუალებას, იყოთ არა მხოლოდ სტუდენტები, რომლებმაც მოინახულეს ეკლესია-მონასტრები, არამედ თქვენ ხდებით ახალგაზრდა პოლიტიკოსები... როგორც უკვე გითხარით, მიდის სხვა ჯგუფების მომზადების ინტენსიური პროცესი.
საინტერესო ის არის, რომ ქართველ სტუდენტთა ტურისტულ ჯგუფებს უკრაინელი მეგობრებიც უნდა შემოუერთდნენ. ჩემი ვარაუდით, ისინი ან სპეცსამსახურების თანამშრომლები იქნებიან, ან სხვადასხვა სპეცჯგუფების მებრძოლები, საბრძოლო ვითარებაში გამოცდილი ხალხი.
გეგმა ასეთია: ეს ჯგუფები სხვადასხვა რეგიონების მონახულების შემდეგ თბილისში შეიკრიბებიან. მათ ევალებათ, რომ ჯგუფის წევრებმა და ხელმძღვანელებმა ერთმანეთი გაიცნონ და ნანახი პრობლემები გაუზიარონ, ანუ თბილისში მოხდება გაერთიანება და შემდეგ, ერთიანი ძალით დედაქალაქის პრობლემებზე აპელირება, გამოყენებული იქნება „კმარას" მიერ კარგად აპრობირებული მეთოდები, მათი აზრით უმტკივნეულო, სინამდვილეში კი უაღრესად პროვოკაციული", - აცხადებს მოლაშვილი.