logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ედუარდ შევარდნაძე გაყიდეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა!
- +

2 ივლისი. 2016. 18:31

 

 

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე, სულხან მოლაშვილი, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივ პროექტში - „რეპორტიორის თვალით..." 2003 წლის „ვარდების რევოლუციის" პერიოდს იხსენებს.


„იქ სარევოლუციო არაფერი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება შესრულებული ძალოვანი სამსახურების პირველი პირების ღალატის ფონზე. მორჩა და გათავდა! ედუარდ შევარდნაძე გაყიდეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეთამაშათ ორმაგი თამაში, როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის ფრთაზეც. დიდი ამბავი ახლა, თუ სულხან მოლაშვილს დაიჭერდნენ და 9 წელს მიუსჯიდნენ, მთავარია, მათი მილიონები გაესწორებინათ და მერე ეძახათ, რომ მათ უწყებებში არ იყო კორუფცია.

 

 

სხვათა შორის, ამაში მედიაც სცოდავდა. მეხსიერებაში ჩამრჩა შალვა რამიშვილი, რომელიც გაბღენძილი იჯდა თავის სტუდიაში და ერთ-ერთ ძალოვანს ეუბნებოდა - მოლაშვილი და მირცხულავა რომ დაიჭირეთ, ეს გასაგებია, ოდიოზური ფიგურები არიან, მაგრამ სხვა დაჭერებს როდის გააგრძელებთო... მერე შალვაც დარწმუნდა, როგორი ოდიოზური ფიგურაც ვიყავი, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა", -იხსენებს მოლაშვილი.



კითხვაზე - ვინ უღალატა ედუარდ შევარდნაძეს? -  მოლაშვილი ამბობს:


 

„გვარებსაც ჩამოვთვლიდი, უბრალოდ, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ეწყინოს. ეს ისედაც ყველამ იცის, არ მინდა, ჭორიკანა ადამიანს დავემგვანო. იმ ადამიანებზეა საუბარი, რომლებმაც არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. როცა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ეს არის უშიშროების სამინისტროს ქვემდებარე, როცა უშიშროება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ან უნდა გადადგე და წაეთრიო სახლში, ან უნდა თქვა, რომ ვერ ასრულებ შენს მოვალეობას... მე რატომ ვასწავლო ახლა, ეს კარგი გზაც. ახლა დაძვრებიან - მანქანა-სადარბაზო, სადარბაზო-მანქანა. იარონ, ესაა მათი ცხოვრების გზა, თორემ კაცები, რომლებიც საკუთარ ადგილზე ვიდექით, ქუჩაში წელგამართული დავდივართ. ეს იმიტომ, რომ საკუთარი სინდისის, ღმერთის და მაშინდელი ხელისუფლების წინაშე მართლები ვართ, კაცობაზე ხელი არ აგვიღია და ერთი რაღაცა არ დაგვიწყია, ძალიან ძველი პროფესია, იმათ კიდევ, ასე დაიწყეს, მოეწონათ და დღემდე ასე აკეთებენ და რაღა ჩემი გადასაკეთებლები არიან ეს ავადმყოფები?!"- აღნიშნავს სულხან მოლაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner