ავტორი დიანა ლიპარტელიანი
მედიაჰოლდინგ „რეპორტიორისა" და ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ერთობლივი პროექტის - „რეპორტიორის თვალით..." სტუმარია კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი:
- ბატონო სულხან, ხელისუფლების ცვლილებიდან ორ წელზე მეტია გასული, თქვენთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, რა შეიცვალა ამ პერიოდში?
- ახალს ალბათ ვერაფერს ვიტყვი. სააკაშვილის სახით, ქვეყანას ჰყავდა შინაური მჩაგვრელი, ავტოკრატი, ტირანი და იდაყვებამდე სისხლში მცურავი ჯალათების ხელისუფლება, რომელიც საკუთარი მოთმინების ხარჯზე კი აიტანა 9 წელი საზოგადოებამ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ იგუა, სამუდამოდ შეიზიზღა და ბიძინა ივანიშვილის საკმაოდ დროულ მოქმედებასთან ერთად საბოლოოდ მოიშორა. ეს არის ბოლო წლების განსაკუთრებული მიღწევა, რომელიც არავინ არავის არ უნდა დაუკარგოს.
- უშუალოდ თქვენთვის რა შეიცვალა?
- ჩემთვის შეიცვალა პოლიტიკური სინამდვილე. სააკაშვილის რეჟიმი განერიდა პოლიტიკურ სცენას და იმედი მაქვს, რომ სამუდამოდ და „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პოლიტიკური ერთეული, თავის დროზე გასამართლებული იქნება, მისი ლიდერები კი პასუხს აგებენ. ამ ყველაფერს კი საფუძველი, ზუსტად 2012 წელს ჩაეყრა.
- ბატონო სულხან, დღეს რას საქმიანობთ?
- ჩემი პროფესიით ვმუშაობ, ადვოკატი ვარ. რადგან ძირითადად საფრანგეთში ვარ, ჩემი მიმართულება არის სტრასბურგის სასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვა. რადგან ბევრი რამ საკუთარ თავზე გამოვცადე, გამიადვილდა ამ მიმართულებით მუშაობა და უკვე წლებია, ამ საკითხებზე ვმუშაობ.
- თქვენს ახალგაზრდობაზე გვითხარით. რამდენად აქტიური ახალგაზრდა იყავით, რამდენად გაინტერესებდათ, რა ხდებოდა ქვეყანაში?
- ახალგაზრდა ახლაც ვარ, მაგრამ იმ ახალგაზრადობას, რომელსაც თქვენ გულისხმობთ, ყოველთვის ახლავს ერთგვარი რომანტიზმი, გადაჭარბების ელემენტები... არაფერი ახალგაზრდული ჩემთვის უცხო არ ყოფილა. კარგია ეს თუ ცუდი, სხვა საკითხია. ვიცოდით ქუჩაც, სწავლაც, შატალოც... რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც კი მიკვირს, იმდენად მაინტერესებდა. ძალიან ადრეულ ასაკში მქონდა გადაწყვეტილი, ვინ უნდა გამოვსულვიყავი, რა პროფესია უნდა ამერჩია და ის, რომ უნდა წამეკითხა ძალიან ბევრი, ვინმეს კი არ ვეპაექრებოდი, უბრალოდ, ამაში ვპოულობდი ერთგვარ შვებას, თვითკმაყოფილებას. ეს იყო ჰობიც, კრედოც, ჩემი ცხოვრების მიზანიც.
- ქუჩა ახსენეთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ახალგაზრდისთვის ამ ინსტიტუტის გამოვლა?
- როცა ქუჩაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ამ ინსტიტუტის დადებით მხარეებს. ქუჩაში ისწავლიდი, როგორ უნდა დაიცვა მანდილოსანი, როგორ უნდა გასცე პასუხი მოძალადეს... სააკაშვილის ხელისუფლება ამ ყველაფერს არასწორად აღიქვამდა, იმიტომ, რომ ყველა მისი წარმომადგენელი, თუ ისინი ქუჩაში გაივლიდნენ, ან ასეთი ძალადობის მსხვერპლი იყვნენ, ვერ პასუხობდნენ შესაბამისი რეაქციით, ან კიდევ, თავადვე იყვნენ მოძალადეები. მაგალითად, გივი თარგამაძე ერთ-ერთი მოძალადე იყო, რომელმაც ისე სცემა ადამიანი თავისი პათოლოგიური სიმთვრალის დროს რესტორანთან (ცნობილი ამბავია), რომ ადამიანი თითქმის სიკვდილის პირამდე მიიყვანა.
ნაღდი ქართველი ქუჩაში სერიოზულ გაკვეთილებს იღებდა და ეს ხდებოდა ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში. ამიტომ იყო ჩემთვის გაუგებარი, რატომ ხედავდნენ იმ ადამიანებში, ვინც შენი პოლიტიკის გამო უმუშევარია, მხოლოდ კრიმინალს. „ნაციონალები" იყვნენ განწყობილი ისე, რომ თითქოს, ქუჩაში მარტო ცუდი რამეები ხდებოდა და ხდება.
სწორედ იმ ხელისუფლების ასეთმა მიდგომებმა მიმოფანტა ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობის უმეტესობა სხვადასხვა ქვეყნებში. შესაძლოა, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ ჯობს, იცოდნენ იმ ადამიანებმა, ვინც არ იცის - ძალიან შევირცხვინეთ თავი როგორც ევროპელების, ასევე არაევროპელების წინაშეც. ევროპაში ქართველების დანახვაც კი არ უნდათ. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ რამდენიმე ათეულ სასიამოვნო გამონაკლისს, როცა წარმატებას აღწევენ, აქვთ დამსახურებაც... „ლა სკალაშიც" მღერიან, სპორტის გარკვეულ სახეობებშიც აქვთ წარმატებები... არიან წარმატებული რეჟისორებიც... მერწმუნეთ, მე-7 წელია ევროპაში ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ქვეყანა მაქვს მოვლილი. გადაშლი უცხოურ პრესას და არ შეიძლება არ შეგხვდეს ქართული კრიმინალური ამბები... მოდებულია ეს მთელ ევროპას. ვერ გვიტანენ! ჩვეულებრივი შემხვედრის დონეზე, ქართველის დანახვაზე, უკვე ალერგია სჭირთ! ესეც სააკაშვილის რეჟიმის დამსახურებაა, იმიტომ, რომ ადამიანები ან ციხეში უნდა ჰყოლოდათ, ან, ციხიდან გამოყვანილები პირდაპირ საზღვარგარეთ უნდა გაეშვათ, ისე, რომ ცოლ-შვილსაც არ ახვედრებდნენ. დაჭერის შიშით იმთავითვე ეუბნებოდნენ, რომ ქვეყნის ტერიტორია დაეტოვებინათ. რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მიდის უსახსროდ, არ აქვს სამუშაო, ბედის ანაბარა რომ არის გაშვებული... ზოგი მოპარვით ირჩენს თავს, ბევრი, საერთოდ სხვა საშუალებებით. ასე, ნელ-ნელა შეეცვალათ ჩვენზე შთაბეჭდილება და ამ შთაბეჭდილებების შეცვლა დაიწყო მაშინ, როცა სააკაშვილმა, საქართველოში ვითომ წესრიგის დამყარება დაიწყო. თუ შენი ქვეყნისთვის მართლა სიკეთე გინდა, შენს ტკივილს ქვეყნის შიგნით მოუარე და აქ გააუვნებელყავი! მაგრამ მათ საკუთარი კეთილდღეობის გარდა, არაფერი არ აინტერესებდათ.
- კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტზე როგორ მოხვდით?
- იმ დროს სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, სახელმწიფო რეფორმების საკითხებზე, ვმუშაობდი მთავრობის კანცელარიაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უშიშროების საბჭოში. ბოლოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანიც ვიყავი. ამ დროს შეიქნა ვაკანტური კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. ახალი კადრის დანიშვნაზე, მაშინ გადაწყვეტილება ერთად უნდა მიეღოთ პრეზიდენტს და პარლამენტს და ჩემზე გაკეთდა არჩევანი.
- უშუალოდ ედუარდ შევარდნაძესთან რა ტიპის ნაცნობობა გაკავშირებდათ?
- ვიყავი პირადად მისი ორი კოლეგიური ორგანოს მრჩეველი. საუბარია იუსტიციის და უშიშროების საბჭოებზე. ასევე, ვიყავი მისი საპარლამენტო მდივანი.
- კორუფცია და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდი - ჩვენთან ბატონი ვალერი ხაბურძანია იმყოფებოდა სტუმრად, რომელმაც თქვა, რომ ის იყო შევარდნაძის მთავრობაში ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მინისტრი. რა ხდებოდა ამ მიმართულებით ხელისუფლებაში იმ დროს?
- ვინც შევარდნაძის მმართველობას კორუფციასთან აიგივებს, არის აბსოლუტური დემაგოგი, ლოგიკის არმცოდნე. მახსოვს, ერთხელ ჟურნალისტი მოვიდა და მკითხა - იყო თუ არა ჩემს უწყებაში კორუფცია. ვუპასუხე, რომ იყო იმ დოზით, რა დოზითაც ყველგან, სხვაგან. არ შეიძლება გარკვეულ სამინისტროებში იყო აბსოლუტური სისუფთავე, ხოლო სხვა უწყებებში იყო კორუფცია. ასეთი სისულელე მარტო სააკაშვილის თავში იბადებოდა, რომელიც ამბობდა, იუსტიციის სამინისტროში კაციშვილი ქრთამს არ იღებსო. ეს იმ დროს, როცა ქონების ყველაზე დიდი დატაცება ხდებოდა სააკაშვილის დროს იუსტიციის სამინიტროში მაგრამ მეტ-ნაკლებობას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ხომ ხარ გასვრილი?! რას ნიშნავს, ყველაზე ნაკლებად ვიყავით გასვრილებიო, რომ ამბობენ... ნებისმიერი პატარძალი, დილით რომ იღვიძებს, თანაბარ მდგომარეობაშია. მეტ-ნაკლებობა არავის გამოუკვლევია. თურმე, უშიშროებაში ისეთი საწყლები ყოფილან, რომ ოჯახებს 60 ლარით არჩენდნენ. არ იყო ასე. არავის არ ჰყოფნიდა 120 და 170 ლარი სამი შვილის გასაზრდელად, სიგარეტის საყიდლად და სახლში შავი პურის მისატანად. თუ ამაში ვინმე შემეწინააღმდეგება, დამიჯდეს წინ და ვეტყვი, რომ თქვენ სახელმწიფო მოღვაწე კი არა, კორუფციის გარეშე ცხოვრებას რომ ახერხებდით, ილუზიონისტი ყოფილხართ-თქო. ჩვენთან ნაკლები იყო და სადღაც მეტიო... ვინ მოიგონა, ვინ დაწერა კრიტერიუმები, თქვე არქიფო სეთურის ჩამომავლებო?! სააკაშვილმა წიგნი გამოსცა „საქართველო კორუფციის გარეშე", ვინ თქვა სააკაშვილი კორუფციის გარეშე?! ის, რომ „გაის" ინსპექტორი 5 მანეთს არ იღებს, თავისთავად კარგია, მაგრამ სანაცვლოდ ბიჭებს ხვრეტდნენ. აბა, ჰკითხეთ შვილგარდაცვლილ დედას, რა ურჩევნია, „გაიშნიკი", რომელიც 5 ლარს იღებდა, თუ 200 შეიარაღებული პატიოსანი სპეცრაზმელი, რომელიც 168 ტყვიას დაახლის შენს შვილს?! სად გადის ზღვარი ზნეობასა და კორუფციას შორის?! ან რა პრანჭიაობაა, კორუფციის გარეშე... რომელს ჰყოფნიდა ხელფასი, რომელი ერთი იყო ისე... რომელმა ერთმა თქვა, ტელეფონი ან მანქანა არ მინდა, ქვეყანა გაჭირვებულიაო?! კორუფციის ერთადერთი კრიტერიუმი იყო ძალაუფლება, ვისაც მეტი ძალაუფლება ჰქონდა, იქ მეტი იყო კორუფციაც. თურმე ქვეყნაში კორუფცია მძვინვარებს და შს სამინისტრო და უშიშროება ამ დროს ამაში არ მონაწილეობს. ვაი თქვენს პატრონს!
- რაც შეეხება „ვარდების რევოლუციას"... ამ პერიოდს ყველა თავისი გადასახედიდან აფასებს დღეს. თქვენს მეხსიერებაში როგორ არის შემორჩენილი „ვარდების რევოლუცია" და რა იყო ამ დროს თქვენი როლი?
- ჩემი ერთადერთი როლი იყო, ბოლომდე შემესრულებინა კანონით გათვალისწინებული მოვალეობა. ასე იყო იმათთვის, ვინც ძმაკაცობის, ერთგულების, ბოლომდე გატანის იდეალებით ვიყავით გაზრდილები. იქ, სარევოლუციო არაფერი არ იყო, ეს იყო ჩვეულებრივი სახელმწიფო გადატრიალება შესრულებული ძალოვანი სამსახურების პირველი პირების ღალატის ფონზე. მორჩა და გათავდა! ედუარდ შევარდნაძე გაყიდეს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, ეთამაშათ ორმაგი თამაში, როგორც სააკაშვილის, ასევე შევარდნაძის ფრთაზეც. დიდი ამბავი ახლა, თუ სულხან მოლაშვილს დაიჭერდნენ და 9 წელს მიუსჯიდნენ, მთავარია, მათი მილიონები გაესწორებინათ და მერე ეძახათ, რომ მათ უწყებებში არ იყო კორუფცია.
სხვათა შორის, ამაში მედიაც სცოდავდა. მეხსიერებაში ჩამრჩა შალვა რამიშვილი, რომელიც გაბღენძილი იჯდა თავის სტუდიაში და ერთ-ერთ ძალოვანს ეუბნებოდა - მოლაშვილი და მირცხულავა რომ დაიჭირეთ, ეს გასაგებია, ოდიოზური ფიგურები არიან, მაგრამ სხვა დაჭერებს როდის გააგრძელებთო... მერე შალვაც დარწმუნდა, როგორი ოდიოზური ფიგურაც ვიყავი, მაგრამ მე ასე დამამახსოვრდა.
- ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენი შეფასებით, ედუარდ შევარდნაძეს უღალატეს?
- გვარებსაც ჩამოვთვლიდი, უბრალოდ, არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ეწყინოს.
- ჩამოთვალეთ, არ ეწყინებათ...
- ეს ისედაც ყველამ იცის, არ მინდა, ჭორიკანა ადამიანს დავემგვანო. იმ ადამიანებზეა საუბარი, რომლებმაც არ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. როცა სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებენ, ეს არის უშიშროების სამინისტროს ქვემდებარე, როცა უშიშროება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, ან უნდა გადადგე და წაეთრიო სახლში, ან უნდა თქვა, რომ ვერ ასრულებ შენს მოვალეობას... მე რატომ ვასწავლო ახლა, ეს კარგი გზაც. ახლა დაძვრებიან - მანქანა-სადარბაზო, სადარბაზო-მანქანა. იარონ, ესაა მათი ცხოვრების გზა, თორემ კაცები, რომლებიც საკუთარ ადგილზე ვიდექით, ქუჩაში წელგამართული დავდივართ. ეს იმიტომ, რომ საკუთარი სინდისის, ღმერთის და მაშინდელი ხელისუფლების წინაშე მართლები ვართ, კაცობაზე ხელი არ აგვიღია და ერთი რაღაცა არ დაგვიწყია, ძალიან ძველი პროფესია, იმათ კიდევ, ასე დაიწყეს, მოეწონათ და დღემდე ასე აკეთებენ და რაღა ჩემი გადასაკეთებლები არიან ეს ავადმყოფები.
- ბატონო სულხან, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაიწყო თქვენი როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი დევნა, ვის ინტერესებში შედიოდა ეს ან რატომ?
- სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც სულხან მოლაშვილის საქმეს ეხება, წერია რომ ჩემს მიმართ განხორციელებული ყველა ქმედება, მათ შორის დაკავებაც, სასამართლოც უკანონო იყო და ეს იყო სააკაშვილისა და კუბლაშვილის მიერ ორგანიზებული პოლიტიკური სპექტაკლი.
- რა ტიპის ნაცნობობა გაკავშირებდათ მიხეილ სააკაშვილთან, რატომ გადაწყვიტა, ასე გაგსწორებოდათ?
- ზოგიერთი რამ მასაც უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პირველ რიგში იმიტომ, რომ კონტროლის პალატა იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც მაშინდელ „კორუფციასთან მებრძოლ" და „კრისტალურად სუფთა" ადამიანს, სააკაშვილს - კორუფციაში დღემდე ყელამდე ამოსვრილს და მხოლოდ და მხოლოდ ფულის სიყვარულზე ორიენტირებულ ადამიანს, სამსახურში დიდი ოდენობის სახელმწიფო ქონების დატაცებები აღმოვუჩინეთ. ეს დოკუმენტაცია დღესაც ძალაშია, ამას მერამდენედ ვიმეორებ და ხალხი, რომელთაც ეს ეხებათ, ყურს არ იბერტყენ. ჩვენ ჩავატარეთ აუდიტი, ჩვენ აღმოვაჩინთ დარღვევები და ვთქვით კიდეც, და რომ ვთქვით კიდეც და კიდევ ბევრჯერ რომ ვიტყოდით, ამის გამო, მოგვიშორა როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგეები.
- ანუ ეს იყო შურისძიება.
- რა თქმა უნდა!
- ბევრი რამ გვსმენია მაშინდელი პენიტენციარული სისტემის შესახებ... როგორია თქვენი თვალით დანახული აღნიშნული სისტემა? საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი...
- ეს იყო საშინელება. ერთი სიტყვით. მე იქაურ სიტუაციას არ ვაკვირდებოდი, როგორც მარტო პატიმარი, სამართლებრივ შეფასებასაც ვუკეთებდი იმ ყველაფერს. სისტემა მონურ მორჩილებაზე იყო დაფუძნებული, რომელიც მიმართული იყო ადამიანის განადგურებაზე, ადამიანის ორგანოებით ვაჭრობაზე, სიკვდილამდე ცემაზე და თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, იმ გარდაცვლილის ორგანოებს ამოიღებდნენ და ფილტვის, გულის, ტვინის და ა.შ. სანაცვლოდ ჩაალაგებდნენ აგურებს, ხის ყუთის ნატეხებს, იატაკის ტილოს, ძველ ჭუჭყიან ნაჭრებს... უხეშად გაკერავდნენ, გადააფარებდნენ სუდარას და მიუგდებდნენ ჭირისუფალს. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ექსპერტიზა რომ ჩაეტარებინა ვინმეს, სიკვდილის მიზეზს დაადგენდნენ და გახმაურდებოდა ესა თუ ის საკითხი, ან გახმაურდებოდა, რომ ხდებოდა გადარჩენილი ორგანოებით ვაჭრობა.
- ეს ყველაფერი, რასაც გვიყვებით, უშუალოდ თქვენს თვალწინ ხდებოდა თუ საიდან იღებდით ამ ინფორმაციას?
- ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა. ერთხელ, როცა ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახს ვგულშემატკივრობდით, ვთხოვეთ პატიმარს, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებდა, რამდენიმე კოლოფი სიგარეტის სანაცვლოდ ეს არ ჩაედინა და ჩვენმა თხოვნამ, ჩვენმა ქრთამმაც გაჭრა და გვამი უვნებლად გავიდა გარეთ.
მარტო ციხეში არსებული სიტუაციის გამო უნდა შედგეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც თავიდან ბოლომდე უნდა გამოიძიოს ეს საქმეები. სისტემაში გაცილებით დიდი საშინელებები ხდებოდა, ვიდრე შესაძლოა კაცმა გუანტანამოს ციხეში წარმოიდგინოს.
- უშუალოდ თქვენდამი არაადამიანური მოპყრობა ვისი ბრძანებით ხდებოდა და ვინ იყო ამის შემსრულებელი?
- შემსრულებელები, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, ვერ ვხედავდი, მაგრამ ხმებს ვარჩევდი - ეს იყო ადეიშვილის, გიგა ბოკერიას, ვალერი გრიგალაშვილის ხმები. ახლა გამოდის ეს უსინდისო გრიგალაშვილი, დასასჯელი ადამიანი და დაისჯება კიდეც, პირობას გაძლევთ, გამოდის და ამბობს, იმავეს გავაკეთებდი ახლაც. ამას ამბობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მერე.
- გათავისუფლების მერე, მოითხოვეთ პოლიტიკური თაშესაფარი და ქვეყანა დატოვეთ. ეს გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ციხეში კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. ამ შემთხვევაში უკვე ახალაიამ „ივაჟკაცა", თურმე სასჯელაღსრულების დეზორგანიზაციის მცდელობა მქონდა. წავედი იმიტომ, რომ ვფიქრობდი, სხვა ქვეყნიდან უფრო შედეგიანად შევებრძოლებოდი.
- ამ პერიოდში თქვენს ოჯახზე თუ ხდებოდა ზეწოლა?
- სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად. ნათესავიც კი არ დატოვეს სამსახურში... ერთ მუშტად იყო შეკრული მთელი ოჯახი და ამან გადაგვარჩინა. მაგრამ მძიმე წლები იყო, ერთს ვიტყვი - მარტო ის რად ღირს, როცა წლინახევრის შვილს ორი წლის მანძილზე არ გაჩვენებენ...
- დღეს რას ფიქრობთ, რამდენად რეალიზებული ადამიანი ხართ?
- ბევრი გეგმა მაქვს, ადრე არ მიყვარდა ასე კრიჭაში ჩადგომა, მაგრამ ძალიან ბევრის ჯიბრზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ვარ, ვარჯიშიც დავიწყე, თუნდაც იმიტომ, რომ „ნაცმოძრაობის" ერთ-ორ სუბიექტს გავუმკლავდე, პოლიტიკურ გამკლავებას ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. ის დროც მოვა, თითოეულისაგან ანგარიშებს რომ მოვიკითხავ, მაგრამ უშუალოდ ჩემს მიმართ ჩადენილს კი არა, ქვეყნის მიმართ ჩადენილს. პირობას ვდებ, ისე მოვიქცევი, როგორც კანონმდებლობა გვაიძულებს.
- თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს მიიჩნევთ თუ არა შეცდომად?
- არც ერთს. ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც ადრე გავაკეთე.
- თქვენი შეფასებით, ვინ არის სულხან მოლაშვილი?
- სულხან მოლაშვილი მძიმე ხასიათის კაცია, უყვარს ოჯახი, თავისი ქვეყანა, უყვარს თავისი პროფესია და აღმერთებს მას, უყვარს ქართულად წერა და კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ ენასაც არანაკლებად ფლობს და საკუთარ თავს შეცდომად უთვლის, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება გადადო სხვადასხვა ფაქტორების გამო. ნიშნის მოგებით არავის არ ვეუბნები, მაგრამ მახასიათებს ძალიან დიდი ღირსება - ყოველთვის მიყვარდა ჩემი ქალაქი და ქვეყანა და კაცად მიმაჩნდა ის, ვისაც თავაწეული შეეძლო ქალაქში სიარული. ვეთაყვანებოდი ასეთ უფროსებს და ვიცი, რომ მეც ასეთად დავრჩები შემდეგი თაობისთვის, იმიტომ, რომ ცუდი მაგალითი არ მიმიცია... ცუდი საქმე არ მიკეთებია, და ეს უკვე ცოტა არ არის.