„იმისთვის, რომ შევაფასოთ ბიუჯეტის რაციონალურობა, აუცილებელია, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემო პირობა და ფაქტი გავითვალისწინოთ. პირველი - მოგეხსენებათ რომ გლობალური პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი, ასევე რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობა არსებითად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზეც, მათ შორის ქვეყნის ფინანსურ რესურსებზეც, შესაბამისად მთავრობის მიერ სამ ეტაპად განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები და რა თქმა უნდა ამ ღონისძიებების განხორციელებამ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა ეს ნეგატიური ზეგავლენა, თუმცა ტურიზმის სექტორის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ სექტორში არსებული მდგომარეობა რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომელიც შენარჩუნდება მომდევნო წლების განმავლობაშიც, - ამის შესახებ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა
მისივე თქმით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკვე მომდევნო წლის განმავლობაში, პანდემიის რისკების შემსუბუქებისა და გლობალურად ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოს ეკონომიკა წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს კრიზისიდან გამოსვლის აქტიურ ეტაპს და შესაბამისად, წლის განმავლობაში გაიზრდება 4,5 %-მდე, ხოლო 2021-დან 2025 წლამდე ეკონომიკური ზრდის პარამეტრი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონსა და ევროპაში.
„სწორედ ეს გარემო პირობები იყო ის ძირითადი ფაქტორები, რასაც ბიუჯეტის ფორმირება და საქართველოს მთავრობამ წარადგინა პარლამენტში ბიუჯეტი, რომელიც არის დაბალანსებული და რაციონალური, რომელიც ძირითადად ეფუძნება ჩვენი მოქალაქეებისთვის სოციალურ მხარდაჭერას, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ეკონომიკის ხელშეწყობას.
რომ ჩავშალოთ დეტალურად თითოეული მიმართულება, მიუხედავად ასეთი ეკონომიკური გამოწვევებისა, მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტში ასახულია ის ფინანსური რესურსები, რომელიც არის დაახლოებით 1,4 მილიარდი ლარი, რომელიც უკვე ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზაში მიმართული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე, მეორე მხრივ, მათ სოციალურ მხარდაჭერასა და ბიზნესის ხელშეწყობაზე იმ თვალსაზრისით, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი - ამ მიზნით დაახლოებით 450 მილიონი ლარის რესურსია გამოყოფილი მომდევნო წლის ბიუჯეტით, რომელიც მოხმარდება სრულიად ჯანდაცვის სისტემას, მათ შორის როგორც მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას, ასევე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს თანხა მოხმარდება როგორც გავრცელების პრევენციას, ასევე მკურნალობას, ასევე ვაქცინის შესყიდვის პროცედურებს და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ უკვე ანტიკრიზისული ღონისძიებების მეოთხე ფაზა, რომელიც დაიწყო მიმდინარე წლის ნოემბერიდან და გაგრძელდება მომდევნო წლის ივნისამდე. შესაბამისად, მასთან დაკავშირებული ფინანსური რესურსები ასახულია მომდევნო წლის ბიუჯეტში. ეს ღონისძიებები გულისხმობს მოსახლეობის მხარდაჭერას, სოციალურ მხარდაჭერას - ყველაზე მოწყვლადი ნაწილის სოციალურ მხარდაჭერას და მოკლევადიან ღონისძიებებთან ერთად ბიუჯეტში წარმოდგენილია ისეთი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სოციალური მდგომარეობის გრძელვადიანად გაუმჯობესებას, მაგალითად ისეთი, როგორიც არის საპენსიო უზრუნველყოფა, ჩვენი პენსიონრებისთვის პენსიის ზრდა ე.წ. ინდექსაციის წესით, რომელიც გულისხმობს ყოველწლიურად პენსიების გარკვეული მოცულობით ზრდას. მომდევნო წელს, პირველი იანვრიდან უკვე ჩვენს პენსიონრებს პენსია გაეზრდებათ მინიმუმ 20-25 ლარით, სხვადასხვა კატეგორიებში. იცით, რომ მაგალითად მაღალმთიანი სტატუსის მქონე რეგიონებში პენსია უფრო მეტით გაიზრდება. გარდა ამისა, სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, დაგეგმილია ბიუჯეტის პროექტით პირველი იანვრიდან ხელფასების ზრდა. ასევე ჯარის, პოლიციის გაზრდილი ხელფასების სრული წლის განმავლობაში დაფინანსება.
რაც შეეხება ეკონომიკის და ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილს - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის სწრაფად გამოვიდეთ ეკონომიკური კრიზისიდან და ამ კრიზისის განმავლობაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. სწორედ ამიტომ, ვახორციელებთ დაახლოებით 430 მილიონი ლარის მხარდაჭერას ბიზნესისთვის, რომელიც გულისხმობს, მათ შორის, საგადასახადო შეღავათების განხორციელებას, რომ ბიზნესს შევუმსუბუქოთ ფინანსური ტვირთი, რომ მან ეს ტვირთი არ გადაახდევინოს თავისთან დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს და არ გაუშვას ისინი სამსახურიდან, მაქსიმალურად შეინარჩუნოს დასაქმებული ადამიანები. გარდა ამისა, კაპიტალურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიუჯეტით გათვალისწინებულია მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 8%-მდე ხარჯის გათვალისწინება. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმდინარეობს, შეუფერხებლად გაგრძელდება და მოგეხსენებათ, რომ გარდა ეკონომიკურისა, ამას აქვს მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც. კიდევ ერთხელ, ეს არის ჩვენი მოქალაქეების დასაქმება და ამ დასაქმებას ჩვენ უზრუნველვყოფთ კაპიტალური პროექტების განხორციელებითაც და რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერიოდში ეს არის ეკონომიკის სისტემური მხარდაჭერა“, - განაცხადა ლილუაშვილმა.