გასულ კვირას საქართველოს ნომერ პირველ ინფექციონისტს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალურ დირექტორს, მსოფლიოში კორონავირუსის დაფიქსირების პირველივე წუთიდან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებულია ასევე მისი მეუღლე, ქალბატონი ანი თოფურიაც, რომელიც მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს. როგორია ამ ეტაპზე ცნობილი ექიმისა და მეცნიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გუნება-განწყობა, აღნიშნული საკითხის შესახებ სასაუბროდ დ. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რევმატოლოგს, მედიცინის დოქტორ ანი თოფურიას დავუკავშირდით.
– ქალბატონო ანი, როგორ ბრძანდებით, როგორია ამ ეტაპზე თქვენი და ბატონი თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
– მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებისთვის, უამრავი ადამიანი მირეკავს დღის განმავლობაში, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის ფურცლებიდან თითოეულ მათგანს საჯაროდ გადავუხადო მადლობა! ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას! თენგიზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, აღენიშნებოდა ტემპერატურის მატება 38 გრადუსამდე. გულმკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდპნევმონია.
იმუნური სისტემის გამოკვლევით დადგინდა იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ჩემი მეუღლე წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს – ასაკისა და მისი თანმხლები დაავადების გამო, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია. დღეისათვის თავს უკეთ გრძნობს და, რაც მთავარია, ოპტიმისტურად არის განწყობილი.
როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რატომ გადაწყვიტეთ ბინაზე მკურნალობა?
ჩემს შემთხვევაში კოვიდ-ინფექცია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ, არ ვსაჭიროებ ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, მაქვს შფოთვა და საშიშროების მომატებული შეგრძნება, რაც აღნიშნულ დაავადებას ხშირად ახასიათებს. რატომღაც მგონია, რომ დღეისთვის კოვიდ-კლინიკებში თუ კოვიდსასტუმროებში გადაყვანილი ინფიცირებულების გარკვეულ ნაწილს მდგომარეობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესია და შფოთვის გამო უმძიმდება. აქვე მინდა, მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოვუწოდო მოსახლეობას. ვიყოთ ყურადღებით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და არ ავყვეთ პანიკას. სხვათაშორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ მუშაობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მედიის როლი. ამ ეტაპზე უდიდესი დატვირთვა აქვს საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რა შემთხვევაში როგორ იმოქმედონ და რა სიმპტომებია საყურადღებო.
–რა სიმპტომებით დაგეწყოთ კოვიდინფექცია თქვენ და ბატონ თენგიზს? როგორ გახდა ავად ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი?
– თავიდან თენგიზს ეგონა, რომ გაციებული იყო, სანამ კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ორი დღით ადრე ბოტანიკურ ბაღში ვიყავით. ქართულ-იტალიური საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ტონინო ნუერას სახელობის „დავიწყებული ხილის“ ბაღის მოწყობის მიზნით ნერგები დავრგეთ. ძალიან შეგვცივდა, რადგან იქიდან ღია ელექტრომობილით წამოვედით. თენგიზმა მითხრა – დღეს ნამდვილად ვერ გადავურჩები გაციებასო. მეორე დილით ხმა დაკარგული ჰქონდა. ვურჩიე, რომ აუცილებლად გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, თუმცა, თავად ღრმად იყო დარწმუნებული, რომ გაცივდა. სამწუხაროდ, ტესტმა დადებითი აჩვენა. მე თავიდან არანაირი სიმპტომი არ მქონია. მეორე დღეს ტესტი გავიკეთე და, როგორც მოსალოდნელი იყო, მეც კოვიდ-დადებითი აღმოვჩნდი.
უკვე მესამე დღეს ვიგრძენი ყელის წვა და ჩახეხვის მსგავსი მცირედ გამოხატული ტკივილი. ორი დღე მქონდა საღამოობით 37,2 გრადუსი ტემპერატურა. ამასთან, მქონდა მინიმალურად გამოხატული მხრის კუნთების ტკივილი და მშრალი ხველა. სამაგიეროდ, როგორც უკვე გითხარით, მკვეთრად გამოიხატა შიშის გრძნობა, ნერვული დაძაბულობა, შფოთი და საშიშროების მოლოდინის განცდა. დღემდე ძალიან ვნერვიულობ თენგიზზე, რომელსაც აქვს იმუნოდეფიციტი, თავისი დაავადებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სტრესული სამუშაო რეჟიმის გამო განსაკუთრებით იყო გადაღლილი. დაძაბული ვარ, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გართულებების რისკი.
რამდენი წლის ბრძანდება ბატონი თენგიზი, რამდენად წარმოადგენს მისთვის ასაკი რისკჯგუფს?
72 წლის გახლავთ. ასაკი, რასაკვირველია, რისკჯგუფია, თუმცა, თენგიზი ძალიან მხნე და ენერგიული ადამიანია. სხვათაშორის, მის ასაკზე ბევრს საუბრობდნენ უარყოფით კონტექსტშიც, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თენგიზს ამ ასაკში გააჩნია უზღვავი ენერგია, მხნეობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგროვილი აქვს უდიდესი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც უკიდურესად მნიშვნელოვანია მისი პაციენტებისთვის. თენგიზ ცერცვაძისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია! ახლაც, თავად კოვიდიფიცირებული და ავადმყოფი, აქტიურადაა ჩართული კლინიკის საქმეებში და მძიმე პაციენტების მართვაში. გაოცებული ვარ, როდესაც არაკეთილმოსურნეები მის ასაკზე აკეთებენ აქცენტს. სხვათაშორის, 20 ნოემბერს ამერიკის ახალარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს დაბადების დღე ჰქონდა, მას 78 წელი შეუსრულდა!
– როგორია ბატონი თენგიზ ცერცვაძის განწყობა?
– რასაკვირველია, იმედიანი! ის აუცილებლად დაამარცხებს კორონავირუსს და კიდევ დიდხანს იდგება პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თენგიზი არის საკუთარ პროფესიაზე და პაციენტებზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ვორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მან დაიწყო აქტიურად მედპერსონალის გადამზადება და დატრენინგება, რათა მომზადებული შეხვედროდა ჩვენი ქვეყანა ახალ გამოწვევას, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობას რეალობა შეცვალა.
ვფიქრობ, კორონავირუსის დამარაცხებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნება-განწყობას, თენგიზ ცერცვაძეს კი, როგორც ყოველთვის, საბრძოლო განწყობა აქვს!
ბოლოთქმა: საზოგადოებაში ცნობილია, რომ თენგიზ ცერცვაძეს განსაკუთრებით თბილი, მზრუნველი და უანგარო დამოკიდებულება აქვს ავადმყოფების მიმართ. მას არასოდეს აუღია კონსულტაციაში გასამრჯელო პაციენტებისგან. მის სახელს უკავშირდება უამრავი წარმატება და ჯილდო, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა. იგი გახლავთ საქართველოში შიდსთან ბრძოლის მძლავრი სამსახურის დამაარსებელი და ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცენდენტო პროგრამის სულისჩამდგმელი. ღმერთმა უმრავლოს ჩვენს ქვეყანას თენგიზ ცერცვაძის მსგავსი გულანთებული და საკუთარ ხალხზე მზრუნველი ექიმები! „ასავალ-დასავალის“ რედაქცია ბატონ თენგიზ ცერცვაძესა და მის მეუღლეს, ქალბატონ ანი თოფურიას ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას უსურვებს!
მეგი საჯაია