„ჩემს შემთხვევაში კოვიდ-ინფექცია უმნიშვნელო სიმპტომებით მიმდინარეობს. თავს კარგად ვგრძნობ, არ ვსაჭიროებ ჰოსპიტალიზაციას, თუმცა, მაქვს შფოთვა და საშიშროების მომატებული შეგრძნება, რაც აღნიშნულ დაავადებას ხშირად ახასიათებს“, - ამის შესახებ ქვეყნის პირველი ინფექციონისტის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლე ანა თოფურიამ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რატომღაც მგონია, რომ დღეისთვის კოვიდ-კლინიკებში თუ კოვიდსასტუმროებში გადაყვანილი ინფიცირებულების გარკვეულ ნაწილს მდგომარეობა სწორედ ფსიქოლოგიური სტრესია და შფოთვის გამო უმძიმდება. აქვე მინდა, მაქსიმალური სიმშვიდისკენ მოვუწოდო მოსახლეობას. ვიყოთ ყურადღებით, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და არ ავყვეთ პანიკას. სხვათაშორის, ჯანდაცვის პირველადი რგოლის გამართულ მუშაობასთან ერთად უმნიშვნელოვანესია მედიის როლი. ამ ეტაპზე უდიდესი დატვირთვა აქვს საზოგადოების სწორ ინფორმირებას, რა შემთხვევაში როგორ იმოქმედონ და რა სიმპტომებია საყურადღებო“, - განაცხადა თოფურიამ.