logo_geo
eng_logo
იმერი კავსაძე: კახი მართვით სუნთქვაზე არც ყოფილა, ვიღაცამ ჭორი გააგდო
- +

2 დეკემბერი. 2020. 00:50

 

 

კახი კავსაძის ჯანმრთელობის გაუარესებამ ყველაზე მძიმედ იმოქმედა. მსახიობი კოვიდინფიცირებულია და ის უკვე ორი დღეა კლინიკაში გადის მკურნალობას. ექიმები მწირ ინფორმაციას გვაწვდიან, არადა, ყველას აინტერესებს, რა მდგომარეობაშია ამჟამად საყვარელი არტისტი.

 

Prime ამბები მსახიობის ძმას, ოპერის მომღერალს, იმერი კავსაძეს დაუკავშირდა, რომელიც ასევე დაინფიცირებულია და მეუღლესთან ერთად სახლში მკურნალობს.

 

იმერი კავსაძე: – მე არც მქონია მძიმე მდგომარეობა, კახი შედარებით მძიმედ იყო, რადგან მას ბევრი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და ამიტომაც გადავიყვანეთ სტაციონარში. დღევანდელი მდგომარეობით წინსვლაა, უკეთ არის.

 

კახის ტელეფონი თან არ აქვს, არ გავატანეთ, ემოციურად რომ არ დაიტვირთოს. ექიმ ლევან რატიანთან კახის შვილს, ნანუკას აქვს კონტაქტი. ბატონი ლევანი ძალიან კმაყოფილია. ყველაფერი კარგად იქნება. კახის ვაჟი, ირაკლი ამ დღეებში აპირებს ამერიკიდან ჩამოსვლას. ჩემი ვაჟი და ნანუკა ელაპარაკნენ და თქვა, ჩამოვალო. ჯერ კარანტინში მოუწევს წასვლა. მერე მამას ნახავს, კახისთვის ეს დადებითი მუხტი იქნება.

 

– მართვით სუნთქვაზე ისევ იმყოფება?

 

– არა, არც ყოფილა მართვით სუნთქვაზე. ვიღაცამ ჭორი გააგდო. კახი მხოლოდ ინტენსიური მკურნალობის ქვეშ არის.

 

– თქვენ როგორ ხართ?

 

– მე ყოველდღიურად მაქვს კონტაქტი ექიმთან, რომელიც მირეკავს, მეკითხება, ხომ არაფერია საჭირო. კორონავირუსი დამიდასტურდა, თორემ არავითარი სიმპტომი არ მქონია. თუმცა რახან ეს ვირუსია,  ფხიზლად უნდა ვიყო. დღეს კი კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ ხომ არ ვიცი, ხვალ როგორ ვიქნები.

 

რეკომენდაციაა მაქსიმალურად ბევრი სითხე მივიღოთ. ვცდილობ, არ ვიკოტრიალო, ამიტომ შეძლებისდაგვარად ვმოძრაობ. ერთი პერიოდი წნევა დამივარდა და ცხელი ტკბილი ჩაის მიღება მირჩიეს.

 

ჩემმა მეუღლემ ყნოსვა დაკარგა. წნევის დავარდნა მასაც აღენიშნა. მე უფრო მეტ სითხეს ვიღებ. მას ამდენი წყლის მიღება არ შეუძლია.

 

ჩემს ასეთ იოლ ფორმაში ვირუსის გადატანას მივაწერ იმას, რომ მთელი ცხოვრება ფიზიკური ვარჯიშებით ვიყავი დაკავებული. მე ვცურავდი, წყალბურთს ვთამაშობდი, კახი – დარბოდა. ორგანიზმი გამოიბრძმედა, ალბათ…

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner