logo_geo
eng_logo
ამირან გულუაშვილი: დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე ჰქონდათ
- +

2 დეკემბერი. 2020. 01:28

 

 

ხაზგასასმელია დაცვის მხარის სტრატეგია და ზოგადად, საქმიანობა ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც, ბოლო პერიოდში, ე.წ. „პერფორმანსითაც“ გამოიხატა, როდესაც ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ კონკრეტული უწყებიდან დოკუმენტს, რომელიც მათ ბრალდების მხარემ, გარკვეული პერიოდით ადრე, ისედაც გადასცა და ეს დოკუმენტი, რეალურად, მათ სამუშაო მაგიდაზე და კომპიუტერში უკვე იყო განთავსებული, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

 

„აქ, ბუნებრივია, იბადება მოვლენათა შესაძლო ახსნის ორი ალტერნატივა: პირველი, რომ დაცვის მხარე დიდ დროს არ ხარჯავს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობაზე, სხვა შემთხვევაში, ისინი მარტივად აღმოაჩენდნენ, რომ დოკუმენტი, რომლის მისაღებადაც აქცია-პერფორმანსები მართეს, რეალურად, მათ უკვე მიღებული ჰქონდათ და ის უკვე მათ სამუშაო მაგიდაზე იყო და მეორე ვარიანტი: რეალურად, დაცვის მხარის მიზანია, ძირითად საკითხებიდან ყურადღების სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანა“ - განაცხადა პროკურორმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“.

 

დაკავებულთა ადვოკატებმა სხდომაზე იმ 214-ი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებიც ბრალდებულებს თავდებად დაუდგნენ, მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები, რომლებმაც სხდომის პარალელურად, სასამართლოს ეზოში აქცია გამართეს.

 

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

 

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner