„NATO უნდა ისწრაფოდეს პარტნიორობის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ უკრაინასა და საქართველოსთან, როგორც მოწყვლად დემოკრატიებთან, რომლებიც წევრობისკენ მიისწრაფიან და რუსეთის მხრიდან მუდმივ საგარეო და საშინაო ზეწოლას განიცდიან“, - ამის შესახებ ნათქვამია NATO-ს ექსპერტთა სპეციალური ჯგუფის ანგარიშში, რომელიც ალიანსის 2030-წლმადე მომავალს ეხება. ანგარიში NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ექსპერტთა მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს გააქტიურებული.
„NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს შენარჩუნებული და გააქტიურებული, NATO-მ უნდა გააფართოვოს და გააძლიეროს პარტნიორობა უკრაინასა და საქართველოსთან, ისწრაფოდეს უფრო მეტი ჩართულობისკენ ბოსნია-ჰერცოგოვნასთან და წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთ ბალკანეთში დესტაბილიზაციას“, – ნათქვამია ანგარიშში.
ექსპერტების აზრით, რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ ასევე რუსეთის სამხედრო აქტივობები ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, ბალტიის რეგიონში და უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, უარყოფითად აისახა ევროატლანტიკურ ზონაში უსაფრთხოებაზე.
როგორც NATO-ს ვებგვერდზეა აღნიშნული, ექსპერტთა ანგარიში იქნება ერთ-ერთი, რასაც გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დაეყრდნობა, როდესაც NATO-ს 2030 წლის პროგრამასთან დაკავშირებით ლიდერებს თავის ინიციატივებს წარუდგენს.