დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველმა ვაქცინამ ავტორიზაცია გაიარა, ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, მარეგულირებელმა ორგანოებმა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებულ ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო, რაც ნიშნავს, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა, მომდევნო კვირას დაიწყოს.
დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც 20 მილიონი მოქალაქის ასაცრელად არის საჭირო. „ფაიზერის“ ვაქცინამ კაცობრიობის ისტორიაში ავტორიზაცია ყველაზე სწრაფად მიიღო და ამას სულ ათი თვე დასჭირდა.