ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში მისი და მისი ოჯახის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ტიკარაძის განცხადებით, მისი ოჯახის მიმართ ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან ძალადობა ხორციელდება.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ როგორც საჯარო პირი, მზადაა ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ როდესაც საქმე მის შვილებს ეხება, ეს საზოგადოებამ უნდა დაგმოს.
„მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და ყველა ხვდება, რომ ახლა ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს უჭირს, ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება გარკვეული ძალადობა და წნეხი ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც მე არასწორად ვთვლი. ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და ნებისმიერ დასმულ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ როდესაც ეს ეხება ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს დასაგმობი და დაუშვებელია. ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე დღესაც მიმდინარეობს. გარდაცვლილია ჩემი ოჯახის წევრი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ამ მორალური ზეწოლის გაგრძელებას. არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ სიტყვის თავისუფლებას, საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მაგრამ ვთვლი, რომ საზოგადოებამ ეს უნდა დაგმოს და შესაბამისი პასუხი გასცეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.