ნიურნბერგის ქართული შიზოფრენია
75 წლის წინათ, 1945 წლის 20 ნოემბერს, ნიურნბერგის პროცესი დაიწყო!
„ასავალ-დასავალი“ პირველი და ერთადერთი მედიასაშუალება იყო, ვინც ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის ზეობისას „ნაცებისთვის“ „ქართული ნიურნბერგის პროცესის“ მოწყობა მოითხოვა! თუმცა, გერმანული ნიურნბერგის ნაცვლად, ამაზრზენი კოჰაბიტაცია მივიღეთ.
დიახ, ზუსტად 75 წლის წინათ, 1945 წლის 20 ნოემბერს, დაიწყო ნიურნბერგის პროცესი, რომელზეც „ნაცისტ“ დამნაშავეებს სიკვდილი მიუსაჯეს! საქართველოში კი „ქართული ნიურნბერგის პროცესის“ განსასჯელ „ნაცებს“ პარლამენტში შესვლის მუხლმოდრეკილი ეხვეწებიან! არადა, ნახეთ, როგორი სიმბოლურია საქართველოსთვის ნიურნბერგის პროცესის დაწყება-დასრულების თარიღები:
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა ნიურნბერგის პროცესი დაიწყეს 1945 წლის 20 ნოემბერს და დაასრულეს 1946 წლის 1 ოქტომბერს!
ჩვენში, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებში ნაცრეჟიმზე გამარჯვებით უნდა დაწყებულიყო სააკაშვილის ბანდის გასამართლება, მაგრამ, აგერ, ნიურნბერგის პროცესიდან ზუსტად 75 წლის შემდეგ, 2020 წლის 20 ნოემბერსაც კი ეს „ნიურნბერგის პროცესი“ არათუ არ დაწყებულა, ნაცები აქეთ უპირებენ გასამართლებას ქოცხელისუფლებას!
ნიურნბერგის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა გერინგს, რიბენტროპს, კეიტელს, როზენბერგს, კალტენბრუნერს, ფრიკს, ფრანკს, შტრაიხერს, ზაუკელს, იოდლს, ზაის-ინკვარტს და ბორმანს (დაუსწრებლად).
სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ ჰესს, ფუნკს და რედერს. 12-12 წლით თავისუფლება აღუკვეთეს შირახს და შპეერს, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნოირატს. გროსადმირალ დენიცს სასამართლომ 10 წლით აღუკვეთა თავისუფლება. ჯანმრთელობის მდგომაროების გამო ტრიბუნალმა სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა ცნობილი მაგნატის კრუპის წინააღმდეგ. სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდნენ შახტი, ჰაპენი და ფრიჩე...
ნიურნბერგის ტრიბუნალმა არამხოლოდ პერსონალურად დასაჯა ნაცისტი ლიდერები, არამედ დანაშაულებრივად გამოაცხადა ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიაც, გესტაპოც (საიდუმლო პოლიცია), სდ-ც და სს-იც!
ჩვენში კი ორგვამა ვანო ჩასვეს ცოტა ხნით ციხეში და სააკაშვილს პიჯაკების საბიუჯეტო თანხებით შეძენა წაუყენეს ბრალად! რა თქმა უნდა, აბსურდის თეატრს ჰგავს, მაგრამ ფაქტია.
ახლა წარმოიდგინეთ, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ნაცისტებისთვის კოჰაბიტაცია რომ შეეთავაზებინათ და ახალარჩეულ რაიხსტაგში წითელი ხალიჩითა და ბუკ-ნაღარით მიეპატიჟათ, ანტრე მენჰერც დეპუტატებოო!
ისტორიას სჩვევია და უყვარს კიდეც პარადოქსები! მაგრამ, რაც საქართველოში ნიურნბერგის პროცესის დაწყებიდან ზუსტად 75 წლის შემდეგ ხდება, ეს უკვე პარადოქსი კი არა, შიზოფრენიაა!
ისტორიულად დანაშაულებრივი შიზოფრენია!
გიორგი გიგაური