„მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმად რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში საბანკო სექტორში არსებულ დეპოზიტებს შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს.
„ბოლო დროს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან იმდენი უპასუხისმგებლო განცხადება გაისმის, რომ არ მეგონა, თუ რომელიმე განცხადება გამაკვირვებდა, მაგრამ როდესაც მსგავსი განცხადება გვესმის ადამიანისგან, ყოფილი ბანკირისგან, ვინც ძალიან კარგად ხვდება თუ რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს მსგავსი განცხადებები, როდესაც საქმე ეხება ჩვენ საბანკო სექტორს, რომელიც ნებისმიერი ქვეყნის საფინანსო სექტორის მთავარი ფუძემდებლური სექტორია და მით უფრო საქართველოში.
რამდენად შეიძლება ასეთმა დამაზიანებელმა განცხადებებმა იმოქმედოს ადამიანების მოლოდინებზე, თუნდაც პანიკის ნიშნები შექმნას, ეს არის უკვე შეგნებული დამაზიანებელი აქტი. რომელიმე სხვა ოპოზიციონერი რომ საუბრობდეს ეკონომიკაზე, შეიძლება ითქვას, ბოლომდე ვერ ხვდება რაზე საუბრობს, რადგან არ არის ამ დარგის სპეციალისტი, მაგრამ ბატონი ხაზარაძის ეს განცხადება არის შეგნებულად დამაზიანებელი განცხადება.
მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ საქართველოს საბანკო სისტემა არის ძალიან ძლიერი, რაც აღიარებულია ჩვენი პარტნიორებისა და ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, გამჭვირვალე, რეფორმირებული და მდგრადი სისტემა ჩვენი რეგიონის და თუნდაც აღმოსავლეთ ევროპის ბანკებთან შედარებით, რომელიც იმსახურებს ნდობას, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ისე ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. მიუხედავად პანდემიისა, ბანკებმა იმხელა სიძლიერე გამოიჩინეს და მდგრადობა ამ შოკის მიმართ, რომ არათუ შეწყვიტეს დაკრედიტება, პირიქით, წარმატებით მიმდინარეობს ეს პროცესი. რა ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებიც უნდა მოვისმინოთ, ჩვენ საბანკო სისტემას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.