გამთენიისას, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი გასკდა.
ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის განცხადებით, წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა.
"შემთხვევის შედეგად 4 კორპუსი დაიტბორა. წყალმა გრუნტის მოძრაობა გამოიწვია, რის შედეგადაც 8-10 მანქანა დაზიანდა", - განაცხადა გელაშვილმა.
ადგილზე საავარიო ჯგუფი მუშაობს. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.