logo_geo
eng_logo
ნიკა რურუას სულხან მოლაშვილის მამა პასუხობს – „არ გრცხვენიათ? ხმა მაინც ჩაიკმინდეთ!“
- +

3 ივლისი. 2016. 00:04


 

„ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტპატიმრებით გაჭედილი იყო ციხეები, მარტო ჩემი შვილი? რომელი ერთი ჩამოვთვალო?! როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავდაო?! სირცხვილი მაგათ..." - ასე ეხმაურება კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკოლოზ რურუას განცხადებას სულხან მოლაშვილის მამა.


როგორც „კვირას" თამაზ მოლაშვილმა განუცხადა, მისი შვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების მიერ მიყენებულ დაღს მისი ოჯახი დღემდე განიცდის.


თამაზ მოლაშვილი „კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ სულხან მოლაშვილი ციხეში ისე აწამეს, რომ დღემდე საზღვარგარეთ მკურნალობს.


„ის პიროვნება, რომელიც იტყვის, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილა, მაშინ ამ ქვეყანაზე სამართალს რომ თავი დავანებო, ეს ადამიანი ან შტერია, ან დეგენერატია, ან ისეთი დაავადება აქვს, რომ აღარაფერი ახსოვს. ნუთუ არ ახსოვს, როდესაც სასამართლომდე სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ სულხან მოლაშვილს ციხიდან არ გამოვუშვებო?! ჩემი შვილი მიხეილ სააკაშვილის პირად პატიმრად ითვლებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ ვინ ამბობს, რომ სულხან მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ ყოფილაო, სირცხვილი უნდა ჰქონდეს მას! ან ის კადრები მაინც არ უნახავს, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამბობს ჩემს შვილზე - ციხიდან არ გამოვუშვებო. ხმა მაინც ჩაიკმინდონ", - აცხადებს სულხან მოლაშვილის მამა.


თამაზ მოლაშვილი „კვირასთან" საუბრისას, იმ წლებს იხსენებს, როდესაც სულხან მოლაშვილი დააკავეს.


„მაშინ გული გახეთქვაზე მქონდა. „ნაციონალური მოძრაობის" დროს პოლიტპატიმრებით გაჭედილი იყო ციხეები, მარტო ჩემი შვილი? რომელი ერთი ჩამოვთვალო?! კიდევ როგორ ბედავენ და ამბობენ, რომ პოლიტპატიმრები არ გვყავდაო?! სირცხვილი მაგათ... ჩვენმა ოჯახმა, რაც მაშინ გადაიტანა, მტერს არ ვუსურვებ, ქალიან-კაციანად, დიდიან-პატარაიანად, სახლში ყოველდღე გლოვა იყო. რაც მიშა სააკაშვილმა ჩვენს ოჯახს გაუკეთა, გახსენებაც აღარ მინდა. იმდროინდელი დაღი, ჩვენს ოჯახს დღემდე არ მოუშუშებია. სულხანი ციხეში ისე დაავადდა, რომ დღემდე მკურნალობს. რაც სააკაშვილმა გააკეთა, სასამართლო ჯერ კიდევ ჩანიშნული არ იყო, რომ წინასწარ იძახდა, სულხან მოლაშვილი დამნაშავეაო .. თუ მეხსიერება ღალატობს ყოფილ მინისტრს, ეს თავისი პრობლემაა. ენა მაინც გააჩუმოს და ბევრს ნუ ლაპარაკობს", - აღნიშნა თამაზ მოლაშვილმა „კვირასთან" საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ "კვირას" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ.


ნიკა რურუა წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს, სულხან მოლაშვილსაც. რურუას თქმით, ის მოლაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner