მთიან ყარაბაღში 44-დღიან ომს საერთო ჯამში 2 783 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულად 100-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედრო ითვლება, კიდევ 1245 ადამიანი სამხედრო ჰოსპიტლებში მკურნალობს.
სპეციალისტები დნმ-ის ანალიზის საფუძველზე კიდევ 103 სამხედრო მოსამსახურის ვინაობის დადგენაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.