„მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც რესტორნებისთვის საბანკო სესხის პროცენტთან ერთად, ლიზინგის პროცენტის სუბსიდირებასაც ითვალისწინებს, ნამდვილად უპრეცედენტოა და ათასობით ადამიანისთვის ძალიან დიდი შეღავათია“, – აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე.
„ჩვენი ასოციაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, უკვე მრავალი კვირაა ამ თემაზე მუშაობს და მივედით იმ ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე, რომ მოხდება საბანკო სესხების პროცენტისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. ეს ათასობით ადამიანისთვის არის ამოსუნთქვა არა მხოლოდ ამ რეალურ სიტუაციაში, არამედ ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ასევე ხაზი უნდა გაესვას მთავრობასთან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას.
შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, მომავალ კვირას უკვე ჩაინიშნა შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და ბიზნესომბუდსმენთან სფეროში არსებულ ბევრ საჭირბოროტო საკითხზე სამსჯელოდ.
„ასეთი საკითხი ჩვენს სფეროში ბევრია და იმედია, რომ დღევანდელი გადაწყვეტილების გარდა, სხვა გადაწყვეტილებებიც დაგვეწევა, რომელიც გარკვეულ შესაძლებლობას მისცემს ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ მათ წინაშე დღეს არსებული პრობლემები“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.