logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება ნაცრეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეს ვერ გააცოცხლებს!
- +

3 დეკემბერი. 2020. 22:37

 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლული ქართველი სერჟანტის როინ შავაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მის მიმართ ევროკონვენციის მეორე მუხლის, ანუ სიცოცხლის უფლების არსებითი და პროცედურული დარღვევა დაადგინა.

სამართლებრივი სენტენციების გარეშე, უბრალო და პოპულარული ენით რომ ვთქვათ, სააკაშვილის რეჟიმის მიერ როინ შავაძის მკვლელობა ევროპული მართლმსაჯულების დონეზეც დადასტურდა.

თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებითა და ვიდეომასალით უტყუარად დასტურდება, რომ შავაძის ცხედარს მკაფიოდ ემჩნეოდა ფიზიკური ძალადობის კვალი, რაც აბათილებს ოფიციალურ ვერსიას, თითქოს იგი გაქცევის მცდელობისას დაიღუპა! – ასკვნის სტრასბურგის სასამართლო.

ერთი სიტყვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანია, თუმცა, იგი სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოკლულ როინ შავაძეს ვერ გააცოცხლებს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ როინ შავაძის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება კიდევ ერთი განაჩენია ნაციონალური მოძრაობისთვის, რომელსაც ახლა „დემოკრატიული ოპოზიციის“ მანტია მოუსხამს და ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს, თუმცა, უდანაშაულო ადამიანების სისხლით დაშხეფილ მის პოლიტიკურ სხეულს ვერანაირი მანტია ვერ შენიღბავს.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტი როინ შავაძე ცხინვალიდან ბათუმში, საკუთარ ოჯახში, 2008 წლის 14 აგვისტოს დაბრუნდა. ორ დღეში კი ბათუმში, „ოქროს ბირჟასთან“ ოცამდე ნიღბიანი და შეიარაღებული სპეცრაზმელი დაესხა თავს. ძირს დააგდეს და გამეტებით ურტყამდნენ.

– ეს კაცი სამშობლოს მოღალატეა და მის გამო ათეულობით ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა! – ყვიროდნენ სპეცრაზმელები შეჯგუფებული ხალხის გასაგონად.

20 შეიარაღებულ სპეცრაზმელს უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ შეეძლო ერთი იურაიაღო სერჟანტის დაკავება, მაგრამ გამიზნულად სცემდნენ ხალხის დასანახავად. „სამშობლოს მოღალატის“ საჩვენებელ დასჯას აწყობდნენ.

იმავე საღამოს, თითქმის მთელი დღის განმავლობაში ძებნის შემდეგ, როინ შავაძის მეუღლემ და ახლობლებმა ტყვიებით დაცხრილულ სერჟანტის ცხედარს ბათუმის მორგში მიაკვლიეს!

22 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი – ყველა წინა მხრიდან შემავალი, რაც აბათილებდა ნაცრეჟიმის მიერ შეთხზულ მითს – შავაძე გაქცევის მცდელობისას მოვკალითო. თუ გარბოდა, ზურგი უნდა ჰქონოდა დაცხრილული და არა – გულმკერდი, მაგრამ როინ შავაძეს არც მომხდურისთვის და არც შინაური მტრისთვის ზურგი არ უჩვენებია.

სერჟანტის ცხედარს ხელის თითები გადამსხვრეული ჰქონდა და კანზე ისე ეკიდა, გაპატიოსნების დროს „სკოჩით“ მიამაგრეს; მთელ სხეულზე – ჰემატომები, მარცხენა ბარძაყი – მოტეხილი, კისერი – გადამტვრეული, ხერხემლის მალები – ჩამსხვრეული, მკლავები – დამტვრეული. აშკარა იყო, რომ ჯერ სასტიკად აწამეს, მერე კი დახვრიტეს!

როინ შავაძის ბევრმა თანამებრძოლმა მის დაკრძალვაზე მისვლაც კი ვერ გაბედა, რადგან ეშინოდათ, „სამშობლოს მოღალატის“ დატირების გამო თვითონაც არ გამხდარიყვნენ ნაცრეჟიმის მსხვერპლი.

ჯარიკაცები როინ შავაძის ქვრივს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ – თქვენი მეუღლე ვაჟკაცი კაცი იყო, ომში ბევრი ჩვენგანი სიკვდილს გადაარჩინა და ბოდიშს გიხდით, რომ მის დაკრძალვას ვერ ვესწრებითო!

როინ შავაძე სამშობლოს მოღალატე არ ყოფილა, იგი სამშობლოს ერთგული ჯარისკაცი იყო და თანაც, იმდენად ერთგული, რომ საქმეების შეთითხნაში დაოსტატებულებმა ნაცრეჟიმმაც კი სამშობლოს ღალატის მუხლი ვერ მიუყენა. სერჟანტს ბრალად ნარკოტიკული დანაშაული შეურაცხეს, მაგრამ მას ნარკოტიკებთან ისეთივე შეხება ჰქონდა, როგორიც ნაცრეჟიმს ადამიანურობასთან, სამართალთან და დემოკრატიასთან!

და კიდევ, ნაცრეჟიმს როინ შავაძე მარტო ერთხელ არ მოუკლავს – 2010 წლის 6 დეკემბერს, როცა სერჟანტის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი იყო გასული, მის ოჯახში ახალგაზრდა ბიჭი და გოგო მივიდნენ და როინის მეუღლეს, ქალბატონ ციცინო შავაძეს უწყება გადასცეს – თქვენი ქმარი ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო.

ჯარისკაცის ქვრივს სიმწრის ცრემლები წასკდა და მეხსიერებაში კინოკადრებივით გაურბინა 2 წლის წინანდელმა ტრაგედიამ. ცხადად წარმოუდგა საყვარელი მეუღლის ნაწამები და ტყვიებით დაფლეთილი ცხედარი. – რაო? როინ შავაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოშია დაბარებულიო?

– როინს სასაფლაოზე მიაკითხეთ და გამოგყვებათ სასამართლოში? – წამოიკივლა ჯარისკაცის ქვრივმა. ასე იყო, სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს სიკვდილის შემდეგაც კლავდა! კლავდა არამხოლოდ ტყვიით, არამედ – ცინიზმით!

ეს ცინიზმი კი დღემდე გრძელდება, რადგან გრძელდება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური არსებობა და ლტოლვა ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, რათა საქართველოში კვლავ კლავდნენ ახალ როინ შავაძეებს!

 

სერჟანტის ქვრივი ციცინო შავაძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ელოდება, როდის დააყენებს საშველს საქართველოს ხელისუფლება როინ შავაძის მკვლელობის გამოძიებას.

 

-  სტრასბურგის სასამართლომ ქართულ სახელმწიფოს როინ შავაძის ოჯახისთვის 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, თქვენთვის ეს რამეს ნიშნავს?

– 40 ათასი ევრო, რომელიც სტრასბურგის დავალებით სახელმწიფომ უნდა გადაგვიხადოს, ჩვენი ოჯახისთვის სრულიად არაფერს ნიშნავს, რადგან როინ შავაძის ხსოვნა და გმირული სული არ იყიდება!

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებამ შემოგვითვალა – როინი შეცდომით მოვკალითო და გაჩუმების სანაცვლოდ დიდ თანხას გვთავაზობდნენ, მაგრამ ჩვენგან საკადრისი პასუხი მიიღეს!

სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ, რომ ჩემი ქმრის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას მივაღწიო!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner