ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ბათუმი „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“ შეუერთდა.
დოკუმენტს ხელი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა მოაწერეს.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, მემორანდუმი შესაძლებლობას იძლევა, ბათუმმა გაიზიაროს სხვა ქვეყნების გამოცდილება, ხოლო ამ პროექტში ჩართვა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ქალაქი გახდება ბავშვებზე კიდევ უფრო მეტად მორგებული.
„ბათუმის მერია აქტიურად მუშაობს ბავშვთა პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, ეს იქნება ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა, თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. დღეს ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ ყველაზე პატარა და ახალგაზრდა მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ქალაქის დღის წესრიგში“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა არჩილ ჩიქოვანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვულოცავ ბათუმს ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში ჩართვას. ბავშვებზე მორგებული ქალაქი გულისხმობს მუნიციპალიტეტის დონეზე მათ მიმართ პატივისცემასა და სამართლიან მოპყრობას, მათი საჭიროებების დადგენასა და გათვალისწინებას. გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ბათუმის მუნიციპალიტეტთან და გააგრძელებს ქალაქის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, რომ ბავშვთა საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს“, - განაცხადა ღასან ხალილმა.
მემორანდუმის თანახმად, ბათუმმა აიღო ვალდებულება, შეუერთდეს 40-ზე მეტი ქვეყნის 3000 ქალაქსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში, რომელიც გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.