„ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ ყოფილან",- აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას" წარმომადგენელმა ნიკა რურუამ პორტალ „კვირას" პრესკლუბში გააკეთა.
ნიკა რურუა წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს სულხან მოლაშვილსაც. რურუას თქმით, ის მოლაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ის არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ. კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია.
„ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავდა. წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველო აწარმოებდა კარგ და ეფექტურ საგარეო პოლიტიკას. წინა ხელისუფლების დროს საქართველოში შემოდიოდა ბევრად მეტი ინვესტიცია, ქვეყანა მიდიოდა წინ და არა უკან, როგორც დღეს მიდის. გადაცდომები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამისთვის წააგო წინა ხელისუფლებამ არჩევნები დემოკრატიულად", - განაცხადა ნიკა რურუამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი, რომლის წამების შესახებ ევროსასამართლოს დადგენილებაშიც წერია და რომლის წინაშეც სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს კომპანსაცია დააკისრა, რურუამ ასე უპასუხა: „ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარკამპანია აგორდა, წამება, ის, ეს.... რაც მე მგონია ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები იყო დარღვეული და დიდი შანსია, რომ მან პროცესი ამიტომ მოიგო. რომელი პოლიტიკური პატიმარი იყო ის, პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი? კარგად არ ვიცნობ ამ საქმეს",- აღნიშნა ნიკა რურუამ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 30 სექტემბერს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ სულხან მოლაშვილის საქმეზე 10-წლიანი მსჯელობა დაასრულა და 23 ოქტომბერს გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაქვეყნა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა აღიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლების დარღვევას, რომლებიც გულისხმობს: წამებას, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისა და მისი გაგრძელების პროცედურების დარღვევას, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, ადამიანის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით და ადვოკატის მომსახურების, საქმის მასალების გაცნობისა და მოწმეთა დაკითხვის შეზღუდვას. ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, მას შემდეგ, რაც დამთავრდა ევროსასამართლოში სახელმწიფოსა და დაცვის მხარეს შორის კომუნიკაცია, 2011 წლის იანვარში სახელმწიფომ გაუგზავნა წერილი ევროსასამართლოს, სადაც ის ყველა აღნიშნული მუხლის დარღვევას აღიარებდა, იღებდა ვალდებულებას, დაეწყო გამოძიება და სულხან მოლაშვილისთვის 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაცია გადაეხადა.