აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ამერიკელებს სთხოვს, პირბადე 100 დღის განმავლობაში ატარონ. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
შესაბამის მიმართვას ჯო ბაიდენი ინაუგურაციის დღეს გეგმავს. მისი თქმით, ეს ზომა COVID19-ის შემთხვევებს შეამცირებს. ჯო ბაიდენი ასევე გეგმავს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც აშშ-ის სამთავრობო შენობებში პირბადის გამოყენება სავალდებულო გახდება.
„ნიღბები უნდა გამოვიყენოთ ასევე სატრანსპორტო საშუალებებში“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ამავე ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს საქმიანობის გაგრძელება სთხოვა.