logo_geo
eng_logo
კობა დავითაშვილი: მე აღვშფოთდი და კატეგორიული უარი განვაცხადე ასეთი სამარცხვინო დოკუმენტისთვის დადებითი დასკვნის მიცემაზე...
- +

4 დეკემბერი. 2020. 12:43

 

 

 

ბოლო პერიოდში მომხდარი ყველაზე სამწუხარო ამბავი საზოგადოებისთვის კობა დავითაშვილის გარდაცვალებაა. ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა „ნაცრეჟიმს“, ფაქტობრივად, სწორედ ამ რეჟიმის მიერ მასზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას შეეწირა - „ნაცრეჟიმის“ მიერ სასტიკად ნაცემ კობა დავითაშვილს, წლების შემდეგ ბეხტერევის დაავადება დაუდგინა, რომელიც თავისი არსით, მძიმე დაავადებების კატეგორიაშია და რომელმაც, საბოლოოდ, სულ რამდენიმე დღის წინ მისი სიცოცხლე შეიწირა...

 

კობა დავითაშვილი  „ფეისბუქზე“ ყოველთვის აქტიურობით გამოირჩეოდა და არაერთ საინტერესო ამბავს წერდა. მათ შორისაა მიმდინარე წლის 26 მაისს დაწერილი ამბავიც, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

 

„გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

 

1996 წელს პარლამენტის აპარატში ვმუშაობდი სამართლებრივი აქტების ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების უფროსად. რეგლამენტის თანახმად ვერც ერთი პროექტი პლემარულ სხდომაზე ვერ გადიოდა ჩვენი განყოფილების დასკვნის გარეშე, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას. პარლამენტში სარატიფიკაციოდ შემოვიდა საქართველოსა და საერთაშორისო ნავთობკორპორაციას შორის დადებული ხელშეკრულება ბაქო-ფოთის ნავთობსადენის მშენებლობაზე, რომელშიც ეწერა, რომ ,,თუ ეს ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მაშინ მოქმედებს ...ხელშეკრულება". მე აღვშფოთდი და კატეგორიული უარი განვაცხადე ასეთი სამარცხვინო დოკუმენტისთვის დადებითი დასკვნის მიცემაზე. ამერიკელმა იურისტებმა განაცხადეს, რომ ეს ჩვეულებრივი საერთაშორისო პრაქტიკაა და მოგვიტანეს აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის მიერ რატიფიცირებული ხელშეკრულება, რომელიც ამ ხელშეკრულებას აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე მაღლა აყენებდა. მე ვუპასუხე, რომ ასეთი ხელშეკრულებები ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო კოლონიურ აფრიკაში, ჩვენ სხვა თვითგანცდა გვაქვს და ვერც მეზობელი აზერბაიჯანის მაგალითით ვიხელმძღვანელებთ. ამერკელები წავიდნენ და ვაშინგტონში დარეკეს, ვაშინგტონიდან დაურეკეს შევარდნაძეს, შევარდნაძემ დაურეკა ჟვანიას, ჟვანიამ კი მე შემომითვალა, მოაწერეო ფირმანს ხელი. მე ვირზე შევჯექი და არ მოვაწერე, ამერკელ იურისტებს კი დავემუქრე, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციაში გიჩივლებთ ეთიკის ნორმების დარღვევისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყნისათვის კოლონიური ხელშეკრულების თავსმოხვევისთვის-თქო. გაკვირვებული მიყურებდნენ 10 000 დოლარიან კოსტუმებში გამოწყობილები უბრალო ქურთუკში გამოწყობილ ბოლომდე წვერგაუპარსავ ბიჭს. ისევ წავიდნენ და ვაშინგტონს აცნობეს, დავითაშვილი ხელს არ აწერსო, ვაშინგტონიდან ისევ დაურეკეს შევარდნაძეს. იმან კვლავ ჟვანიას და ა.შ. მოკლედ ჟვანიამ დაურეკა შევარდნაძეს და უთხრა, ერთი პუნქტია პრობლემა სულ და ეტყობა მართლა მიუღებელი რამ წერია, რადგან ის ბიჭი ასე ჯიუტობსო, შევარდნაძემ გადარეკა ვაშინგტონში და მეორე დღეს როცა  ამერიკელი იურისტები პარლამენტში მოვიდნენ ქურთუკებში გამოწყობილები და იმ დილით წვერგაუპარსავები (ჩათვალეს, ეს ეტყობა ადგილობრივი იურისტების ტრადიციააო), მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ. უსიტყვოდ დაეთანხმნენ, რომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდებოდა დათქმით- ,,..თუ ხელშეკრულება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაშინ უპირატესი ძალა აქვს საქართველოს კონსტიტუციას."

 

დღემდე არ მტოვებს განცდა, რომ იმ დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საქაღალდე აზია-აფრიკის უჯრიდან აღმოსავლეთ ევროპის უჯრაში გადადეს. ასე რომ,  თუ მოვინდომებთ, დამოუკიდებლობა სულაც არაა მითი, უბრალოდ მას მუდმივი დაცვა სჭირდება ხან ბრძოლის ველზე და ხან მოლაპარაკების მაგიდასთან!“ - იხსენებდა კობა დავითაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner