საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, ალერგოლოგ გიორგი კამკამიძის „ფეისბუქ“-პოსტს საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
ცნობისათვის, ორიოდე დღის წინ გიორგი კამკამიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი დაწერა, სადაც მან ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე გააკრიტიკა.
„პოპულარობის წვენში ჩახარშული
______________________
პრობლემა, იცით, რა არის?
პრობლემაა, როცა ჟურნალისტები ადამიანს სატელევიზიო სტუდიის ფორმის ქვაბში ჩააგდებენ და ხარშავენ!
ხარშავენ დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში!
ხარშავენ დიდი ინტერესითა და აზარტით!
მერე ეს მოხარშულები წარმოიდგენენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები არიან და იწყებენ ლაპარაკს ზუსტად ისე, როგორც ეს ადამიანი!
ეს მხოლოდ ერთი სფეროს წარმომადგენლებს არ ემართებათ, ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა, როცა ადამიანს იმაზე დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, ვიდრე რეალურად არის და ხარშვის პროცესში... ჩაიხარშება!
დიახ, ჟურნალისტებს სერიოზული დაფიქრება მართებთ, სანამ ინგრედიენტს საეთერო ქვაბში ჩაუძახებენ!
სიფრთხილე კი იმისთვის არის საჭირო, რომ შესაძლოა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ცეცხლის ალი ვერ გააკონტროლონ და ინგრედიენტი კი არ მოიხარშოს, არამედ ჩაიხარშოს პოპულარობის წვენში!
აი, მაგალითად, გიორგი კამკამიძე ჩაიხარშა!
ახლა შეგიძლიათ ნახარში გადააქციოთ, ინგრედიენტი კი შეატრიალ-შემოატრიალოთ, დანანებით დახედოთ და მოისროლოთ!
ექიმი რომ ექიმს, თანაც ხანდაზმულს, ციანიდის მიღებას უსურვებს და მისთვის პანჩურიც „ემეტება“, სწორედ ის სამწერტილია, რომელიც მისი სტატუსის ბოლოს მიწერილი ძახილის ნიშნების განუყოფელი ნაწილია!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.