logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: პასუხი აგებინეთ ჯალათ ბოკერიას!
- +

3 ივლისი. 2016. 01:35

 

 

გაცილებით სისხლიანი იქნება ის, რასაც ნაციონალები აწი გააკეთებენ


ქართული მართლმსაჯულების შეფასებისთვის შეიძლება ასეთი მაგალითი გამოვიყენოთ: გავიხსენოთ, როგორი სულხან მოლაშვილი შევიდა ციხეში და როგორი გამოვიდა. როგორები შევიდნენ ციხეში ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა... და როგორ გამოიყურებიან... პარადოქსია!!!


კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი პოლიტიკური დევნილის სტატუსით, დღეს თავს ევროპას აფარებს, თუმცა, ის აუცილებლად აპირებს სამშობლოში დაბრუნებას, ოღონდ, ჯერ არ იცის, როდის და როგორ... ნომრის სტუმარია სულხან მოლაშვილი:


- სააკაშვილის პერიოდის პენიტენციარული სისტემა იყო სახე იმისა, რაც ჩვეულებრივ ახასიათებს ხოლმე სისხლიან ავტორიტარულ რეჟიმს, ხოლო ახლანდელი სასჯელაღსრულება - სახეა დემოკრატიის გზაზე მდგარი სახელმწიფოსი... თუმცა, ძალიან ბევრი ავტორიტარული სახელმწიფო შემიძლია დაგისახელოთ, სადაც ისეთი საშინელებები არ მომხდარა, როგორიც სააკაშვილისეულ ქართულ ციხეებში ხდებოდა. ფაშისტებიც კი, შედარებით ლმობიერები იყვნენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ...

 

- მაგრამ დღეს ბევრი იმასაც ამბობს, რომ ციხის კადრები, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა, დადგმული იყო...


- არ შეიძლება, ყველგან, ყველა ციხეში კადრები დადგმული ყოფილიყო. ასეც რომ იყოს, რა ვთქვა იმ ეპიზოდებზე და იმ საშინელებებზე, რომლის მოწმეც პირადად გახლავართ. ვგულისხმობ 2004-2006 წლებს. გაგახსენებთ, რომ უკვე 2004 წელს საქართველოს ცენტრალურ საგამოძიებო იზოლატორში, ეგრეთ წოდებულ პირველ ციხეში მასობრივად ილახებოდა ადამიანის უფლებები. მე არ ვგულისხმობ ისეთ უფლებებს, რომელიც ეხება ვთქვათ, მიმოწერის აკრძალვას, ან პაემნის შეზღუდვას, პრესასთან ნაკლებად ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთ რამეს ადამიანი უძლებს და სიცოცხლისთვის საშიში არ არის... მაგრამ სააკაშვილმა და პენიტენციალური სისტემის მაშინდელმა მესვეურებმა სპეციალურად შექმნეს ისეთი რეჟიმი, რომ ადამიანებს საკანში სუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი (და ამას დაადასტურებს ათობით ადამიანი, უბრალოდ გამოკითხვა და დაკითხვა სჭირდება პროცესუალურად), რომ ერთ საკანში, რომელიც 20 კვ.მ. იყო, მოთავსებული იყო 100-120 კაცი. იქვე იყო „პარაშა" ე.წ. საპირფარეშო, აბანო, სადაც ცივ შხაპს იღებდნენ ბიჭები, იქვე ირეცხებოდა სარეცხი და იქვე ეძინათ ე.წ. „სმენკაში". როცა ზოგიერთი რიგითობით ძილს ვერ უძლებდა, მხარ-ბეჭზე ქამრებს იმაგრებდნენ, „შკონკაზე" აბამდნენ და ფეხზე მდგარი ცხენივით იძინებდნენ. სინესტის, სიგარეტის კვამლის, საჭმლის ორთქლის გამო ჭერიდან გამუდმებით წვეთავდა ოფლის, ოხშივრის, სიცხის, საპირფარეშოს... გაერთიანებული ნაჟური. ორი კვირაც საკმარისი იყო, რომ ადამიანი სერიოზული ტუბერკულოზით დაავადებულიყო... მეორეც, ბუნტის ფაქტი მინდა გავიხსენო, რომელსაც თითქმის მთელი მთავრობა ახორციელებდა გიგა ბოკერიას მეთაურობით (რომელსაც ფუნქციურად არანაირად არ ევალებოდა იქ ყოფნა, უბრალოდ, გამოძიების დასადგენია, იქ რას აკეთებდა), მათ ჩაიდინეს საშინელება იმიტომ, რომ გამომწყვდეულ ადამიანებს „კარმუშკებიდან" იარაღს ესროდნენ და ისე ხვრეტდნენ ბიჭებს. ძალიან დიდი ტყუილია ის, რომ იმ დღეს მხოლოდ 8 კაცი გარდაიცვალა. მე მაშინ „რესბალნიცაში" ვცხოვრობდი და ფანჯრების წინ იყო რესპუბლიკურის მორგი, სადაც მარტო იმ ღამეს, ათობით ადამიანის გვამი შეიტანეს ვიდრე გათენდებოდა...


- ამ ადამიანების ჭირისუფლები ხმას რატომ არ იღებენ?


- ზოგი გააჩუმეს, ზოგი პრესის ფურცლებამდე არ მიუშვეს, გადაასახლეს, გააქციეს, მოისყიდეს... იმის საშუალებაც კი არ მისცეს მაშინ, რომ ეს გარდაცვლილი ადამიანები ერთი სამგლოვიარო პროცესიით დაესაფლავებინათ. როგორც ვიცი, იყო ამის მცდელობა, ჭირისუფლებს ჰქონდათ ამის სურვილი... ბუნტის კადრები უამრავმა ადამიანმა იხილა. ამიტომ, დღესაც ადვილია იმის დადასტურება, რომ მაშინ მთავრობა იქცეოდა დანაშაულებრივად. მათ საქციელში იყო დიდი და სერიოზული კრიმინალის ნიშნები... რომ არაფერი ვთქვათ, გაუპატიურებასა და მასობრივ წამებაზე...

 

- მაშინ, 2004-2006 წლებში, ხდებოდა გაუპატიურებები?


-არა, მაშინ ამის შესახებ არ მსმენია, მაგრამ არანაკლები საშინელებები ხდებოდა, როცა ციხეში იხოცებოდა ხალხი. დღემდე არ ჩატარებულა გამოძიება ვეკუას ჩამოხრჩობის ფაქტზე, თეთრაძის წამებაზე, გიორგი ზერეკიძის მამის გარდაცვალებაზე (ვითომ ყავის მადუღარასთან არაფრთხილი დამოკიდებულების გამო, ზერეკიძეს, ამ 10 წლის ბავშვს, მიხეილ სააკაშვილმა 10 წელი მიუსაჯა პირდაპირ ეთერიდან)... ასეთი ფაქტი უამრავია.


და მესამე, რაზეც მინდა, გესაუბროთ: გვამების გატანის და დამუშავების საშინელი ამბავი. ამაზე არაერთხელ განვაცხადე პრესაში. თუმცა, სამართალდამცავთა დაინტერესება არ მოჰყოლია. გვამებს ყველა ორგანოს აცლიდნენ ისე, რომ ჭირისუფალს ექსპერტიზის ჩატარება გასჭირვებოდა და გარდაცვალების რეალური მიზეზი არ დაედგინათ.


- დიახ, თქვენ ამ კონტექსტში ხელს ადებთ ვინმე „სომეხას". ხომ არ იცით, ახლა სად არის?


- დიახ, ე.წ. „სომეხა" აკეთებდა ამ საშინელებას. ის პედოფილიაზე იყო ნასამართლევი. მგონი, ახლაც სასჯელს იხდის, რადგან, თუ არ ვცდები, სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის ამას აკეთებდა 2-3 კოლოფი სიგარეტის, ან დაპურების სანაცვლოდ. იცით, საინტერესო რა იყო? ეს კაცი და კიდევ რამდენიმე სიკვდილმისჯილი 26 მაისის მიტინგზე ვნახე, ჩვენს რიგებში იყვნენ...


- ეს რას ნიშნავს?


- დიახ, მიტინგზე პროტესტანტების რიგებში იყვნენ, დროშა ეჭირათ... ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქოდა, როცა ეს ადამიანები ჩვენს შორის დავინახე. ეტყობა, სამართალდამცავებს დასჭირდათ, მათი ჩვენს რიგებში ჩანერგვა (თითქოს არ ყოფინიდათ გარეთ მყოფი ზონდერები და ჯალათები). ჩემი გაპროტესტების და ყვირილის შემდეგ, ისინი გაქრნენ...


მოკლედ, მე რისი თქმა მინდა, იცით? მონდომების შემთხვევაში, ძალიან მარტივია, დაადგინო, ვინ ახდენდა ამის ორგანიზებას და გამოააშკარავო. ამ მხრივ დამნაშავე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა...


- ჩვენ ვიცით, რომ ამ დანაშაულის სათავეში არიან სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი... მაგრამ, როგორც ამბობენ, დღეს ძალოვან სისტემაში ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც უსიტყვოდ ემსახურებოდა რეჟიმს და უსამართლო დავალებებს ასრულებდა. ხომ არ შეგიძლიათ, დაასახელოთ კონკრეტული სახელი და გვარი?

 

- სამწუხაროდ, სახელი და გვარები არ ვიცი, მაგრამ სახეზე ყველას ვიცნობ. თუმცა, არც მათი იდენტიფიკაცია გამიჭირდება...


- მოსამართლე ლევან მუსერიძემ, რომელიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია, თქვენი განაჩენი გამოიტანა...


- საერთოდ, იუსტიციის საბჭოში უამრავი მოსამართლეა, რომელსაც საზოგადოებამ შეიძლება ასეთი ბრალი წაუყენოს. მათ მართლმსაჯულებაში ბინძური მეთოდებით აფათურეს ხელი. მათი თანხმობით, სააკაშვილის დროს არსი დაკარგა ყოველგვარმა კანონიერებამ. თუკი, ეს იუსტიციის საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომელსაც აყალიბებს მართლმსჯულების კორპუსი, პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთად, მაშინ ისმის ბუნებრივი შეკითხვა, ნუთუ ყველამ ერთად მოითათბირა, რომ იუსტიციის საბჭოში ასეთი მოსამართლეები იყვნენ თავმოყრილნი? თუ ესენი დიდხანს იქნებიან შენარჩუნებულნი, მაშინ სასამართლო სისტემასაც არაფერი ეშველება...

 

- ბატონო სულხან, მოსამართლე მურუსიძე ამბობს, რომ გასაგებია, მოლაშვილი ციხეში აწამეს, თუმცა, მე მის ბრალეულობასთან დაკავშირებით მივიღე კანონიერი გადაწყვეტილებაო... სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბევრი მაღალჩინოსანი დაიჭირეს, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკით თქვენ გაწამეს... რატომ, რაიმე უფრო პირადულიც ხომ არ იყო?


- პირადული იყო იმდენად, რამდენადაც ეს სამსახურს უკავშირდებოდა. სააკაშვილს ჩემთან დამოკიდებულებაში ჰქონდა პირადი ანგარიშსწორების სურვილი მხოლოდ იმიტომ, რომ კონტროლის პალატამ შეამოწმა მისი უწყებები, სადაც განსაკუთრებული დარღვევები აღმოაჩინა. რატომღაც მაშინ ეს არ დაიჯერა ე.წ. „რეფორმატორების" დიდმა ნაწილმა. მე ვიყავი თეთრი ყვავივით, რომელიც არ ვეპუებოდი მათ, არც ველაქუცებოდი და ვამბობდი სიმართლეს... მიხეილ სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო კონტროლის პალატის დასკვნები, გააქილიკა ისინი თავისი დემაგოგიური განცხადებებით და ციფრები გააყალბა. მაგალითად, ჩვენ რვა ტონა ბენზინი კი არ ჩავასხით, 800 ლიტრიო. სინამდვილეში თავისი საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს ერთ-ერთ კერძო ორგანიზაციას „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული დროშების დასამზადებლად 150 ათასი ლარი ჩაურიცხა. იუსტიციის სამინისტროში ყოფნის დროს რამდენიმე ათასი ლარი ჯდებოდა ყოველთვიური სატელეფონო საუბრები... ამათ გაუმაძღრობას საზღვარი არ ჰქონდა!


- რატომ გაწამეს, რის აღიარებას ითხოვდნენ?


- ითხოვდნენ მხოლოდ ერთ რამეს - უნდა მეთქვა, რომ რაზეც კონტროლის პალატის აქტებში იყო საუბარი, წერდა კონტროლის პალატა ჩემი ხელმძღვანელობით და ედუარდ შევარდნაძის დაკვეთით, მაშინდელი ოპოზიციის ჟვანია-სააკაშვილის გუნდის დისკრედიტაციისთვის... და რომ ციფრები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. ამ ერთი ჩემი „ნებაყოფლობითი" აღიარების საფუძველზე უნდოდათ ჩამოერეცხათ ის ტალახი, რომელიც მათ პოლიტიკურ საქმიანობას ახასიათებდა. სააკაშვილი იბრძოდა ხელისუფლებისთვის და ამ დროს ასეთი სერიოზული კომპრომატები ხელს არ აძლევდა. სხვათა შორის, ეს დოკუმენტები ნახა ამერიკის მაშინდელმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა, მაგრამ არ წაიკითხა, დახედა და წავიდა...


- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ დოკუმენტაციას აქტუალობა არ დაუკარგავს, თუკი სამართალდამცავები მისით დაინტერესდებიანო...


- რა თქმა უნდა, არ დაუკარგავს. დოკუმენტების ასლები მე მაქვს, წესით, კონტროლის პალატის არქივშიც უნდა იყოს და ასევე საქართველოს გენერალურ პროკურატურაშიც, სადაც მაშინ გადავაგზავნე.


- და მაინც, კონკრეტულად მინდა ისაუბროთ გიგა ბოკერიაზე. თქვენ ამბობთ, რომ ის გვერდით ოთახში იმყოფებდა მაშინ, როცა ასე სასტიკად გაწამებდნენ. რა დოზით მიუძღვის დანაშაული ამ ადამიანს თქვენს წინაშე?


- არაერთხელ მითქვამს, კიდევ ვამბობ, რომ ადეიშვილი, ბოკერია, თარგამაძე და კიდევ რამდენიმე პირი საქართველოში წარმოადგენენ კრიმინალური რეჟიმის დასაყრდენ ძალას, რომელთა საქმიანობაც აშკარად ანტისახელმწიფოებრივია!!! მთელი მათი მოღვაწეობა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ძალაუფლება ჩაიგდონ ხელში 2016 წელს. ჩვენი სამართალდამცავები ძალიან ლოიალურად ექცევიან ამ პიროვნებებს, არაადექვატურად მსუბუქია მათი დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის დანაშაულების მიმართ.... თუკი ასე გაგრძელდა, „ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება არჩევნებზე წარმატების მიღწევა! ნაციონალები დაგეშილები არიან, თავზე დაამხონ ხელისუფლება „ქართულ ოცნებას", ხოლო შემდეგ საქართველოზე იყარონ ჯავრი. აკი, წერს კიდეც გიგა ბოკერია: ჩვენ ყველა ის ადამიანი უნდა დავსაჯოთ, ვინც „ქართულ ოცნებას" მისცა ხმაო. ისინი ახლაც რევოლუციური გზით გეგმავენ ხელისუფლებაში მოსვლას, ოღონდ რევანში იქნება გაცილებით სისხლიანი და მომაკვდინებელი ჩვენი ერის მომავლისთვის.


 


- უნდა აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა", როგორც პარტია, რომელმაც ჩაიდინა სერიოზული დანაშაულები ქართველი საზოგადოების წინაშე! ნაციონალები მასიურად აწამებდნენ ადამიანებს ციხეში. ისმოდა ადამიანების კვნესა, გმინვა. ავადმყოფები შეგნებულად არ  გადაყავდათ საავადმყოფოში, რათა სული ამოხდომოდათ. „ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული საფრთხეა!!!


- სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს თქვენ საქმეზე დააკისრა 20 000 ევროს გადახდა და ამავე დროს საქმის ხელახალი გამოძიება...


- კომპენსაცია სახელმწფომ გადაიხადა. ეს იყო სიმბოლური თანხა ზიანის ანაზღაურებისა, რაც შეეხება რეალურ თანხას, ის სახელმწიფოს უნდა განესაზღვრა საქმის ხელახალი გამოძიებისას, თუმცა, საქმე არ გამოძიებულა... ჩემი წამების ფაქტი, ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროსვე აღიარა სახელმწიფომ. მე არ მსმენია, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაედგინოს კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების ხელყოფას პოლიტიკური დისკრიმინაციის საფუძველზეც, რასაც საქართველოს მთავრობაც დაეთანხმა ჩემთან მიმართებაში. ამ საქმეზე მე პროკურატურის წარმომადგენლებს ველაპარაკე, მაგრამ, როგორც ჩანს, იქაც ბევრი ნაციონალია და არ უნდათ საქმის ხელახალი გამოძიება... ჩემს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადასტურებდა ევროკავშირის წარმომადგენელი მათიას იორში და რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაც. ვიყავი ნესტიან საკანში, სადაც არც შუქია, არც თეფში, არც ჩანგალი, არც ხელსახოცი - ცხვირსახოცი, არც საათი, არც ბალიში, ლეიბი, საბანი, არც ტანსაცმელი, მხოლოდ ონკანიდან მუდმივად მოშვებული წყალი... აპრილის ბოლოდან ივნისის შუა რიცხვამდე ასეთ საკანში ვიმყოფებდი. დაადგინე, შე დალოცვილო, ვინ გასცა ბრძანება, რომ ადამიანი ასეთ პირობებში ყოფილიყო?! ან კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კონსტიტუციური ფიგურა, რატომ ჩასვეს კრიმინალების კორპუსში? ეს არსად არ ხდება. თანამდებობის პირები დღევანდელი „უგულავები", „ბოკერიები" (ნეტა ენამ მიყივლოს!) რატომ არიან მატროსოვზე? კიდევ იპრანჭებიან და ინტერნეტს ითხოვენ. მაშინ, რა უნდოდა კრიმინალებთან სულხან მოლაშვილს?

 

- ბატონო სულხან, 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ წამების დროს გიგა ბოკერია გვერდით ოთახში იყო და ისმენდა თქვენს ხმას?


- აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინმეს ტყუილად დავადო ხელი. ბოკერიამ, ჩემს დაჭერამდე, ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს აჩვენა სია, სადაც მეც ვიყავი. მოგეხსენებათ, რევოლუციის მეორე დღესვე გადავდექი... ჩემი თანამშრომელიც ბოკერია იყო, გიგას შორეული ნათესავი, იგი ჩემგან დამოუკიდებლად მისულა და უთქვამს, არ არის სულხანი ის კაცი, რასაც თქვენ აბრალებთო, მე არ ვიცი, ვინ არის, მაგრამ ამ სიაში არის და არ მაინტერესებსო, უთქვამს ბოკერიას. ამით დასტურდება, რომ გიგა ბოკერიას მართლაც ჰქონდა დასაჭერი ადამიანების სია. იგი ლევან რამიშვილთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად იყო პირველი იდეოლოგი ხალხის დაშინების, დაჭერის. ის იყო სისხლიანი სამართლებრივი პოლიტიკის წარმართველი. ის განსაზღვრავდა ამ დანაშაულებრივი პარტიის საქმიანობის ძირითად პრინციპებს. ამიტომ, მათი სამართლებრივი გაუვნებელყოფა ამ სახელმწიფოს ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვინც არ უნდა გთხოვდეს, გეაჯებოდეს, გაიძულებდეს მათ გათავისუფლებას, კეთილი უნდა ინებონ და ქართველი ხალხის აზრი გაითვალისწინონ!!! ყველამ იცის, რომ ამერიკელთა დაჟინებული მოთხოვნის გამო, დღევანდელი მთავრობა იძულებულია, არ დაიჭიროს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მართალია, ხელისუფლება უფრთხილდება დასავლეთთან ურთიერთობას, მაგრამ გაცილებით უარესი შედეგების მომტანი იქნება საკუთარ ხალხთან ურთიერთობის გაფუჭება და „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ არენაზე დატოვება!!! კიდევ უარესი იქნება ის, რასაც ისინი მომავალში გააკეთებენ...




ესაუბრა თეა მოსია



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner