logo_geo
eng_logo
ფოთის საქალაქო სასამართლომ ასლან ვაშაყმაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
- +

4 დეკემბერი. 2020. 17:14

 

ფოთის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

 

სასამართლოზე დაცვის მხარემ ასლან ვაშაყმაძის გირაოს 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა. მოსამართლე დავით კეკენაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაიზიარა და ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს და ამჟამად, ოქრუაშვილის თანაპარტიელს, გამოძიება ძალადობრივი ქმედების მოწოდებისა და სამართალდამცავებზე თავდასხმას ედავება. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ვაშაყმაძეს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

 

საქმე ეხება 30 ნოემბერს, ასლან ვაშაყმაძის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას, სადაც ის სამართალდამცველებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება და მოქალაქეებს მოუწოდებს, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კი 2 დეკემბერს ფოთში, უწყების გადასაცემად მისულ სამართალდამცველებს ვაშაყმაძე თავს დაესხა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

 

ადვოკატ გიორგი გოგინავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ვიდეო მიმართვა არანაირ კავშირში არ არის მის პარტიულ საქმიანობასთან. გოგინავა აცხადებს, რომ ვაშაყმაძემ აღნიშნული ვიდეომიმართვა მხოლოდ აღელვების ნიადაგზე ჩაწერა და ის უკანონოდ დააკავეს.

 

დაცვის მხარე ბრალდებულთან ერთად გადაწყვეტს, გაასაჩივრონ თუ არა სააპელაციო გზით აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

ასლან ვაშაყმაძე თბილისის სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მომდევნო სასამართლო სხდომა 2021 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner