არჩილ გამზრდია სოციალურ ქსელში წერს:
„საოცარი დაბადების დღე მქონდა, ჯერ იყო და ავდექი დილით 6 საათზე, ეზოში ვმუშაობდი, თივას ვაგროვებდი, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ჩემთვის, თუმცა, ვფიქრობდი, სად გამეპარა ეს წლები- მეთქი, რაღააცეები გადავაფასე, ჩემი თავი შენიშვნებით ავავსე, საყვედურებით, უკმაყოფილებებით, შემდეგ ჩავრთე მობილური და პრაქტიკულად, ჰოთლაინის რეჟიმში ვიღებდი მოლოცვებს, ამან უფრო ამიმაღლა განწყობა, სადღაც 12 საათზე ჯერ კიდევ, მობილურის ინტერნეტმა მაცნობა რომ მქონდა ქრონიკაზე 500-მდე შეტყობინება ანუ მოლოცვა. გავაგრძელე მუშაობა, ხან მობილურს ვრთავდი, ხან ხმას ვუწევდი, თორემ საქმეს ვერ გავაკეთებდი...
შუადღე არ იყო, ერთი ადამიანი შემოვიდა პატარა კარში, ჩემი უკვე მეზობელი, ძველი სტუდენტი, შემომირბინა, მომილოცა, ცოტა ხანს ვისაუბრეთ და გადავიდა თავის სახლში (მოგვიანებით ჩვენთან მოვიდა და ერთად ვიზეიმეთ)
სადღაც 4 საათისკენ, გადაღლილი ჰამაკში წამოვწექი, სულს მოვითქვამ მეთქი, რამდენიმე წუთში ჭიშკართან ვიღაცის თეთრი მინივენი მოგრიალდა სიგნალებით, აი, ისე, ქორწილებში რომ იციან, აღარ გაჩერდა და ჭიშკრის წინ დადგა, შემდეგ ვიღაცის თავი გამოჩნდა და ჭყვიტინა სასტვენებით აიკო იქაურობა, მეზობელი გამოვარდა, ბაზარი ხომ არ მოვიდაო... მივხვდი, ჩემთან იყვნენ, მივირბინე ჭიშკართან და გაოგნებული დავრჩი, ჩემი სტუდენტები რომ დავინახე, ეზოში რომ შემოვიდნენ, ჩემი ნინოლა და კონსტანტინეც გადმოხტნენ...
რაღაცნაირ ტრადიციად იქცა, რომ უკვე რამდენი წელია ჩემს სტუდენტებთან ერთად ვხვდები ჩემს დაბადების დღეს, რომლებიც წინასწარ მალულად გეგმავენ ჩემს მეუღლესთან ერთად სიურპრიზის დეტალებს და ისე აკეთებენ, რომ ვერ გამოვიცნობ... ისეთი მზე და მხიარულება შემოიტანეს ჩემს ეზოში, რომ ემოციებისგან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, აჟიტირებული ვუყურებდი და მათი ცქერით ვტკბებოდი...
იყო მხიარულება, იყო მწვადი, ჩვენებური ქეიფი, ტორტი და ტორტები... ჰო... ცოტა ხანში კიდევ მესტუმრნენ სტუდენტები, შემოიტანეს კიდევ მეტი მზე ეზოში, გამახარეს, გამაბრუეს სიყვარულით და სითბოთი...
სტუდენტები თქო, ვეძახი, თუმცა, ზოგს დიდი ხანია უკვე აღარ ვასწავლი, რამდენიმე თაობის სტუდენტი იყო, ადამიანები, რომლებიც დღეს ჩემი მეგობრები არიან... არა მხოლოდ ჩემი, ჩემი ოჯახის, ნინოლასი, კონსტანტინესი, უკვე ირინოლასიც...
შებინდებული იყო რომ დავემშვიდობე, ასე მხიარულად და კისკისით გავიდნენ და დამტოვეს დადუმებულ ეზოში, რაღაცნაირად გული დამწყდა, გამახსენდა, შვილიშვილები ბაბუას რომ სტუმრობდნენ ხოლმე, აახმაურებდნენ და მერე სევდიანად ტოვებდნენ მარტოს...
მოგვიანებით ისევ შემოვედი ფეისბუქზე, ასობით თუ ათასობით მოლოცვა დამხვდა, ზოგი ქრონიკაზე, ზოგი კომენტარით, ზოგი პირად შეტყობინებებში...
გავიხარე და მხოლოდ ერთ რამეზე შევწუხდი, რომ ვინმე არ გამომრჩეს უყურადღებოდ-თქო, მოგვიანებით ვეცდები ყველას გადაგიხადოთ მადლობა, ახლა კი აქ მიიღეთ.
ბედნიერი ადამიანი ვარ... ადამიანებით მდიდარი და სიყვარულით უხვი...
ყველას დიდი მადლობა, რომ ერთ-ერთ ჩემთვის სრულიად უმნიშვნელო დღეს დღესასწაულად მიქცევთ ხოლმე... განსაკუთრებული მადლობა კი ჩემს ნინოლას, რომელიც სიახრულისა და ბედნიერების მწვერვალიდან ქვევით არ მიშვებს, სულ მაბედნიერებს და მასთან ერთად ჩემს შვილებს, კონსტანტინეს, რომელიც დღეს მეხვეწებოდა, მამა, მომენატრე და შენთან დავრჩებიო და მეფერებოდა, და ირინოლას, რომელსაც ჯერ ეს ყველაფერი არ აღელვებს, მაგრამ მომავალ დაბადების დღეებში, თუ კი მათ მოვეწსრები, ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე განსაკუთრებულად მომილოცავს ხოლმე.
დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, კი გამიგრძელდა სიტყვა, შეიძლება არც წაიკითხოთ, მაგრამ სიხარულმა მაიძულა ამდენი მეწერა."