პროექტი ახალი მზიური , მზიურის კაფეს ეზოში იწყებს ღია კინოჩვენებებს.
7 ივლისს, ხუთშაბათს, 21:00 საათიდან, მზიურის კაფეს ეზოში გაიმართება პირველი კინოჩვენება- "პატარა უფლისწული".
მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა არც დროს და არც ადგილს. ხელში მომარჯვებული ფანქრით ყოველთვის ახერხებდა ფურცელზე ოქროსთმიანი ბიჭის დახატვას, რომელმაც საფუძველი ეპოქალური ფრანგული ნოველის, "პატარა უფლისწულის" შექნას ჩაუყარა.
ეგზიუპერი თანაბრად გასაგებია ყველასთვის, სამყაროს რა წერტილშიც არ უნდა ვიმყოფებოდეთ და რა ეროვნებისა თუ რელიგიისაც არ უნდა ვიყოთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი მწერლის საოცარი უშუალობა, სიმარტივე და ჰუმანურობაა.
2015 წელს, დიდ ეკრანზე "პატარა უფლისწულის" ახალი ეკრანიზაცია გამოვიდა. ანიმაცია რომელიც ზედმიწევნით ერგება თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს - ცხოვრება ფანტაზიისა და თავგადასავლების გარეშე ვერ იარსებებს.
ფილმის სიუჟეტი დედა-შვილის გარშემო ვითარდება. გოგონას ცხოვრება მკაცრი სასწავლო გეგმაა. მას დრო არ რჩება არც მეგობრებისთვის და არც გართობისთვის. თუმცა, ცხოვრება და დედის გეგმები იცვლება მაშინ, როდესაც ცხოვრებაში უცნაური მეზობელი ჩნდება, რომელიც გოგონას პატარა უფლისწულის თავგადასავლებზე უყვება...
ჩვენების ორგანიზატორი: ბექა მაისურაძე (თბილისი)
ფილმის რეჟისორი: მარკ ოსბორნი
ხანგრძლივობა: 108 წ.
ქვეყანა: საფრანგეთი
ენა: ქართული
"მზიურის თავისუფალი ჩვენებები" იმართება პროექტ "ახალი მზიურისა" და "ფონდი აჰუაჰუს თავისუფალი კინოჩვენებების" პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.