„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის შეფასებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში სააკაშვილისა და მისი სექტისთვის უმკაცრესი განაჩენი გახლდათ, რადგან დასავლეთი მიხვდა, რომ ამ ბნელ და საშიშ ძალასთან კოჰაბიტაცია უხეში პოლიტიკური შეცდომა იყო. ამის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს, რომლის ფრაგმენტსაც აქვე გთავაზბოთ:
– აქამდე ამერიკელი თუ ევროპელი მაღალი რანგის სტუმრები აუცილებლად ხვდებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ პომპეომ ეს ტრადიცია დაარღვია, რადგან როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი გავლენიანი პოლიტიკოსები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ სააკაშვილისა და ნაცსექტის სახით მათ წინაშეა მარგინალური და გაკოტრებული ძალა, რომელიც ნებისმიერ პროვოკაციასა და ავანტიურაზე წავა. ამერიკა მიხვდა, რომ ამ საშიშ და ბნელ ძალასთან კოჰაბიტაცია იყო მძიმე პოლიტიკური შეცდომა და პომპეომ თავისი საქციელით ხელისუფლებას, ფაქტობრივად, მიანიშნა – ამ ნაძირალებს რაც გინდათ, ის უქენითო! „ქართული ოცნების“ მესვეურებიც მიხვდნენ ამას და იმტომაა, კობახიძე უკვე სხვანაირად აჭიკჭიკდა – ჩვენ გამოვნახავთ კანონიერ და იურიდიულ გზებს, რათა სააკაშვილმა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევა ვეღარ შეძლოსო!
– თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ ნაცმოძრაობა „შავ სიაში“ შეიყვანა და სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ კლასტერს აწი არავითარი შანსი არა აქვთ?
– დარწმუნებული ვარ, შორს აღარ არის ის დრო, როცა ნაცმოძრაობის ბევრი ლიდერი, რომლებსაც საშინელი დანაშაულები აქვთ ჩადენილი, „მატროსოვზე“ აღმოჩნდება. ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ნაცმოძრაობის არსებობა „ქართულ ოცნებას“ აწყობს, ყურით მოთრეულია. ხალხი ტყუილად აბრალებს ბიძინა ივანიშვილს კოჰაბიტაციას, იგი დასავლეთის ზეწოლის შედეგი იყო! მაგრამ ახლა უკვე დასავლეთიც მიხვდა, რომ ამ ბნელებთან და მარგინალებთან ადამიანურად ლაპარაკს აზრი არა აქვს... გაიხსენეთ, რას ამბობდა ბიძინა ივანიშვილი კოჰაბიტაციის გარიჟრაჟზე – მე მინდოდა სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ დასავლეთისგან წარმოუდგენლად დიდი ზეწოლა მოდიოდა, კოჰაბიტაციაც მათ მოიფიქრესო! სალომე სამადაშვილი, რომელიც ევროსტრუქტურებში ელჩად მუშაობდა და იმათი ენა კარგად იცის, იმ ვიღაც უცნობს ტელეფონში სიმართლე ეუბნება – მიშა დასავლეთში პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებულიო! მართლაც ასეა...
– ე.ი. თქვენც ფიქრობთ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა?
– არჩევნები საქართველოში კი არა, ამერიკაში გაყალბდა! დიახ, ტრამპს გაუყალბეს არჩევნები, რის გამოც ხმებს თავიდან ითვლიან. რაც შეეხება საქართველოს, პომპეომ საჭიროდაც არ ჩათვალა არჩევნების გაყალბებაზე ესაუბრა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციის წარმომადგენლებს არც კი შეხვდა. ყველასთვის ნათელია, რომ ნაცებსა და ნაცების „შნირებს“ ხმების გადათვლა კი არა, ცესკოში შეჭრა და ბიულეტენების განადგურება უნდოდათ, რისთვისაც ცივი წყალი მიიღეს... ექვსჯერ და შვიდჯერ პარტია რომ არჩევნებში დამარცხდება, წესით, იმ პარტიის ლიდერი პოლიტიკიდან უნდა წავიდეს, მაგრამ ამათ პარტიები ფულისსაკეთებელ „ცეხებად“ აქვთ გადაკეთებული. ნინო ბურჯანაძემ გამოგვიცხადა – ეკლესიას ასე სააკაშვილის დროს არ ებრძოდნენ, ამ ხელისუფლებას კი ჩემი გამარგინალება უნდოდაო! ქალბატონო ნინო, კონჩიტა ნიკუტა გვარამიას რომ მეგობრობას ეფიცებით და არჩევნებში ხმების 1 პროცენტიც ვერ მიიღეთ, შემთხვევით თქვენ ხომ არა ხართ გამარგინალებული! ამიტომ ვაცხადებ, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალები უნდა ჩამოყალიბდეს და მარგინალები მოშორდნენ!
დიტო ჩუბინიძე