logo_geo
eng_logo
დავით მაღრაძე: „ქართულ ოცნებას“ კონკურენტი არა ჰყავს!
- +

3 ივლისი. 2016. 03:45

 


„2012 წლის არჩევნები იყო ბრძოლა, კლასიკური გაგებით, ეს არჩევნები არ ყოფილა. იქ ბევრი ნაბიჯის გადადგმა უწევდათ იძულებით, როცა ბრძოლაა, სანგარში ადამიანს არ ეკითხებიან ბიოგრაფიას. ახლა კი აქვს საშუალება "ქართულ ოცნებას", შეადგინოს ისეთი საარჩევნო სია, რომლითაც ღირსეულად წარდგება საზოგადოების წინაშე. ეს ევალებათ და მოეთხოვებათ კიდეც!"- პოეტი დავით მაღრაძე აღნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს!

„აუცილებელია, თვითგათავისუფლება მოხდეს საქართველოში. წინა ხელისუფლების დროს უმაღლესი სასწავლებლების საბჭოებში, სტუდენტურ თვითმმართველობებსა თუ სხვა დაწესებულებებში ადამიანების შერჩევა პოლიტიკური ლოიალურობის ნიშნით ხდებოდა. არ მინდა, ეს ხალხი ახლა "ქართული ოცნების" მომხრეებით ჩანაცვლდეს, მინდა გზა კვალიფიციურ ადამიანებს დაეთმოს.

- ვფიქრობ, კოალიციის დაშლა არც მოულოდნელია და არც საგანგაშო. პოლიტიკური გაერთიანებები დგება და იშლება, ეს არ არის სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ფიცვერცხლით შეფიცული საძმო. რაღაც ეტაპზე ორგანიზაციები ერთიანდებიან გარკვეული მიზნით თუ რიგი საკითხების გარშემო, მერე კი იშლებიან. მთავარი ისაა, რა მოხდა ამ კოალიციის საქმიანობისას. ჩემი აზრით, დემოკრატიის განვითარების გზაზე ქვეყანამ უდიდესი ნახტომი გააკეთა. გაიხსენეთ, სულ რაღაც 4 წლის წინ რა პრობლემატიკა იყო ქვეყანაში - ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ პირდაპირ ქუჩაში ჩადენილი მკვლელობები; სატელევიზიო დაწიოკებები და დაპატიმრებები; საზოგადოების დასაშინებლად და დასაჩაჩანაკებლად ტელეკამერების წინ გაუბედურებული ოჯახები; სისტემური წამების ფაქტები ციხეებში; ფეხქვეშ გათელილი სიტყვის თავისუფლება; ყაჩაღობა, ე.წ. ახევები ბიზნესის სამყაროში და ა.შ. დღეს კი ამ პრობლემატიკიდან მოვედით იქამდე, რომ ქვეყანაში მთავარი პრობლემა ხის გადარგვაა.

უკლებლივ ყველა ტელევიზია ლაპარაკობს, ეს ხე გადარგეს თუ არ გადარგეს, როგორ გადააქვთ ერთი ადგილიდან მეორეზე და ა.შ. აი, ასე, გაუპატიურებული პატიმრებიდან მოვედით ვითარებამდე, როდესაც ყველაზე მეტად ხის გადარგვა გვაწუხებს... დამეთანხმებით, თვალსაჩინო ნახტომია... ასევე დიდი მიღწევა მგონია ისიც, რომ ის პირები, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გაპროტესტებასაც ვერ ბედავდნენ, დღეს ხის გადარგვას აპროტესტებენ და საერთოდ, 9 წელი ხმა რომ არ ამოუღიათ, ახლა ყველაფერზე თამამად ლაპარაკობენ.

რაც შეეხება, ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალ არჩევნებზე, გამიჭირდება, ალბათ, პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მე ისე ვხედავ დღეს ვითარებას, რომ "ქართულ ოცნებას" კონკურენტი არა ჰყავს, რაც კარგი სულაც არ არის. იმედი მქონდა, რომ რეალური ოპოზიცია ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს. დამეთანხმებით, ადამიანთა წამებაში მხილებული ორგანიზაცია ვერავის კონკურენტი ვერ იქნება. " - დავით მაღრაძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner