ვიცე-პრემიერი კახი კალაძე კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევების თემას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლემ ჩაატარა, კვლევების შედეგებისადმი ეჭვს ბადებს.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ამ მკვლევებით მანიპულირებს, თუმცა ,,ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველა მონაცემებით 2016 წლის არჩევნებზე დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებს.
,,განსაკუთრებით მანიპულირებს ამით „ნაციონალური მოძრაობა". ბოლო კვლევები, რაც მათ მიერ იყო ჩატარებული, ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერ არის შესარულებული. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ კვლევას სერიოზულად შევხედოთ. ყველამ იცის, ვინ იყო თარხნიშვილი და რას წარმოადგენდა. ეს ადამიანი წლების მანძილზე ასოცირებული იყო მოსახლეობის ხმების მოპარვასთან. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს და ბევრს დავდივართ საქართველოს მასშტაბით. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პარტია ,,ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს" აქვს დიდი მხარდაჭერა და ვფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლიტური უმრავლესობით გაიმარჯვებს", - განაცხადა კახი კალაძემ.