logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: სააკაშვილის მემკვიდრეობა ასეთია – სომხეთი 500 მეტრით, აზერბაიჯანი, 3 კილომეტრითაა საქართველოში შემოჭრილი!
- +

7 დეკემბერი. 2020. 02:20

 

 

 

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებას ეხმიანება და მიიჩნევს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არაფერს წყვეტს, მთავარია, რომ სააკაშვილისა და მისი გუნდის აზრით, დადგა დრო, როცა ძალაუფლება ხელში უნდა აიღოს:

 

– თუ ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, მთელი ერთი წელი ვიცხოვრებთ ე.წ. დამადლების რეჟიმში, რცა ისინი ქვეყნიერებას აიკლებენ იმის მტკიცებით, რომ დასავლეთს გაუწიეს ანგარიში და ასე იმიტომაც მოიქცნენ! თუ პარლამენტში არ შევიდნენ, მაშინ კიდევ უფრო რთული პროცესები გველოდება წინ. მოკლედ, ორივე შემთხვევაში კრიზისი გარანტირებულია.

 

– თქვენ რას ფიქრობთ – ოპოზიცია პარლამენტში შევა?

 

– დღეს ისეთი სიტუაციაა, რომ ესენი პარლამენტში შემსვლელები არ არიან!

 

– მერედა, რისი იმედი აქვთ? ფაქტია, რომ დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ცნო...

 

– სააკაშვილი და მისი გუნდი თვლიან, რომ დადგა დრო, როცა ძალაუფლება ხელში უნდა აიღონ! ამიტომაც ვერ ისვენებენ და წვრილ-წვრილი პარტიებიც ნახულობენ სარგებელს, რადგან თავიდან ბოლომდე ამოფარებული არიან სააკაშვილის კალთას. თავის მხრივ, სააკაშვილიც სწორად სჯის – რა გარანტია აქვს ნაცმოძრაობას, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ეს პატარა პარტიები ისევ მის კონტროლს დაექვემდებარებიან! ცხადია, ამის გარანტია არ არსებობს... სამაგიეროდ, ქუჩაში მათი კონტროლი ადვილია და არიან კიდეც ქუჩაში!

 

– ე.ი. გამოდის, რომ ალეკო ელისაშვილი, ბაჩუკი ქარდავა, შალვა ნათელაშვილი, „გირჩი“ და სხვები სააკაშვილის „შნირები“ არიან?

 

– რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის თამაშს თამაშობენ და ნაცების დღის წესრიგით ცხოვრობენ! ადამიანები, რომლებიც სააკაშვილს მკვდარსა და ცოცხალს აგინებდნენ, დღეს მას აქებენ და ადიდებენ... მოკლედ, აბსოლუტურად არანორმალური სიტუაციაა... ნინო ბურჯანაძის საქციელი, რომელსაც ამ არჩევნებში არავითარი შანსი არ ჰქონდა, აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ მიკვირს... სხვათაშორის, ელისაშვილისა და „გირჩის“ რეიტინგი ამ სიტუაციაში იზრდება, რაც პარლამენტში მათი შესვლის შემთხვევაში ვერ მოხდებოდა...

 

– მაიკ პომპეო საქართველოში სინამდვილეში რისთვის ჩამოვიდა?

 

– საქართველოში პომპეო უპირველეს ყოვლისა, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო ჩამოვიდა, რომელიც ამერიკის მიერ შემუშავებულ სქემებს ეწინააღმდეგება, პომპეო ჩამოვიდა იმიტომ, რომ ამერიკის მოკავშირე და ნატოს წევრი თურქეთი შეუდგა ინდივიდუალური პოლიტიკის გატარებას. პომპეო ჩამოვიდა, რათა საქართველოსთვის დაედასტურებინა ამერიკის მხარდაჭერა და მოესმინა მოკავშირეების აზრი რეგიონში შექმნილი სიტუაციის შესახებ!

 

– გადაჭრა თუ არა აზერბაიჯანმა ყარაბაღის პრობლემა?

 

– ვერ გადაჭრა! მან დაიბრუნა მხოლოდ შვიდი შიდა რაიონი და ყარაბაღის მესამედი, მათ შორის, ქალაქი შუშა, ხოლო ყარაბაღის ორი მესამედი დარჩათ სომხებს... მოკლედ თუ ვიტყვით, ყარაბაღის ომით წარმატებას მიაღწიეს თურქეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა, მაგრამ ვერცერთმა ვერ გაიმარჯვა! სომხეთი გაიწირა... რუსები მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში რასაც ჩალიჩობდნენ, ის მოახერხეს – რეგიონში სამხედრო ძალა შეიყვანეს, მაგრამ ეს მიღწეულ იქნა სომხეთთან უკიდურესად გაფუჭებული ურთიერთობის, აზერბაიჯანის გაძლიერებისა და ასწლიანი პაუზის შემდეგ კავკასიაში თურქეთის დაბრუნების ფასად!

 

– ყარაბაღის ომის განახლებას ელოდებით?

 

– ყარაბაღში ესამბავი ასე არ დამთავრდება, რადგან აზერბაიჯანმა თავის მიზანს ვერ მიაღწია და ყარაბაღი ვერ დაიბრუნა! სომხეთისთვის ძალიან მძიმე დანაკლისია ლაჩინი და, განსაკუთრებით, ქელბაჯარის რაიონი, რომელიც ისტორიულად ქურთების არის დასახლებული. ყოველთვის ვვარაუდობი, რომ რუსეთი სტეფანაკერტის დაცემას არ დაუშვებდა. არც შევმცდარვარ, როგორც კი სომხების რესურსი ამოიწურა და სტეფანაკერტი დაცემის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, რუსები მაშინვე ჩაერივნენ და ყარაბაღის დედაქალაქი დაცემას გადაარჩინეს. სომხეთისთვის ძალიან დამამცირებელია ის ფაქტი, რომ ორი თურქული სახელმწიფო – თურქეთი და აზერბაიჯანი სწორედ სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი ზანგეზურის დერეფნით დაუკავშირდა ერთმანეთს. სომხეთმა ის მოიგო, რომ ყარაბაღის ორი მესამედი დარჩა და ყარაბაღის სტატუსზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ მოისპო, მაგრამ ზიანი მაინც კატასტროფულია – სომხეთმა დაკარგა 5 ათასი კაცი, ეკონომიკური ბერკეტები, სახელმწიფო რესურსები და, რაც ყველაზე მთავარია, გაჩნდა უნდობლობა რუსეთის მიმართ! როგორც სააკშავილმა არ დაუჯერა ამერიკელებს 2008 წელს, სწორედ ისე არ დაუჯერა ფაშინიანმა რუსებს და კისერიც მოიტეხა!

 

– რუსები ფაშინიანს რას ურჩევდნენ?

 

– რუსები ფაშინიანს ურჩევდნენ, რომ იმ შვიდი შიდა რაიონიდან, რომელიც სომხებმა აზერებს 1994 წელს რუსების დახმარებით წაართვეს, ხუთი აზერბაიჯანისთვის დაებრუნებინა დასანაცვლოდ დარჩენილი ორი რაიონი და მთელი ყარაბაღი შეენარჩუნებინა. ფაშინიანი არ თანხმდებოდა, რადგან ამბობდა – ამ ხუთი რაიონის გადაცემით აზერბაიჯანელი სამხედროები სტრატეგიულ სიმაღლეებს დაეუფლებიან, საიდანაც მთელ ყარაბაღს გააკონტრლებენო!

 

– ყარაბაღის ომით საქართველომ რა იხეირა?

 

– საქართველო დასავლეთისთვის უფრო საინტერესო გახდა და რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო გარღვევის საშიშროება სომხეთის მიმართულებით მოიხსნა!

 

– დავითგარეჯის დაბრუნების პერსპექტივა ამ ომმა გამოაჩინა? გამარჯვებული ალიევი გარეჯს დათმობს?

 

– ეს ძალიან საინტერესო თემაა, რადგან ნელ-ნელა გასაგები ხდება, თუ როგორ ხდებოდა დავითგარეჯის გასხვისება!

 

– დააკონკრეტეთ, რას გულისხმობთ?

 

– მაგალითად, ჩვენ ხელთ გვაქვს 2006 წლის ივლისით დათარიღებული კომისიის ოქმი, სადაც პირდაპირ წერია – მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზღვარმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის გაიაროს მთის თხემზე! ეს გახლავთ შუალედური დოკუმენტი, რომელსაც კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ გიორგი მანჯგალაძემ ხელი არ მოაწერა და ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემიდან წავიდა. აი, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე დადგნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მთის თხემზე... ეს არ იყო დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის საბოლოო დოკუმენტი, ეს შუალედური დოკუმენტი გახლდათ, რომელიც, რა თქმ უნდა, სააკაშვილთან შეთანხმების გარეშე ვერ შეიქმნებოდა!

 

– რა ქნეს, გარეჯის გაყიდვაში ფული აიღეს?

 

– ეს უკვე გამოძიების საქმეა! ფაქტია, რომ გარეჯის თემა გაყიდულია, მაგრამ რამდენად, რის გამო და რაში, არ ვიცი! ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რომ გაიძახის – ორი მხცოვანი მეცნიერი – ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი ამ დოკუმენტი გამო ციხეში ტყუილად სხედანო! – ეგრე არ არის! 2006 წლის ივლისის შუალედურ ოქმზე, რომლის ძალითაც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მთის თხემზე დადგნენ, სწორედ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ხელმოწერებია! ეს დოკუმენტი ჩვენ აზერბაიჯანთან სალაპარაკოდ არ გამოგვადგება, მაგრამ იმის გასაცნობიერებლად ძალიან კარგია, რომ 1996 წლიდან 2006 წლამდე ამ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიამ ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების შეცდომაში შესაყვანად ყველაფერი გააკეთა.

 

– კი მაგრამ, ეს დოკუმენტები აქამდე სად იყო?

 

– მეც ეგ მიკვირს და ვერაფრით ამიხსნია, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას რატომ არ ანიჭებდა!

 

– თქვენ იმედი გაქვთ, რომ საქართველო დავითგარეჯს დაიბრუნებს?

 

– ამ დოკუმენტების მიხედვით, დავითგარეჯს აუცილებლად დავიბრუნებთ, სხვა ვარიანტი არ არსებობს! მაგრამ, თუ აზერბაიჯანის ხელისუფლება ვირზე შეჯდება, ეგ არ ვიცი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ქართულ დიპლომატიასა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე, მეტსაც გეტყვით, სააკაშვილის მმართველობისას სომხეთს წაღებული აქვს ჰუჯაბი და მისი შემოგარენი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მარნეულის რაიონს ეკუთვნოდა. არადა, ამის შესახებ ჯერჯერობით კაციშვილი ხმას არ იღებს, მოკლედ, ყველა სხვა უბედურებასთან ერთად, სააკაშვილის მემკვიდრეობა ასეთია – სომხეთი საქართველოს სიღრმეში 500 მეტრით, ხოლო აზერბაიჯანი, სულ მცირე, 3 კილომეტრით არის შემოჭრილი!

 

– ამის მქმნელი კაცი რატომ არ არის დაპატიმრებული და რატომ გააცილეს 2013 წელს სააკაშვილი საქართველოდან დოლ-გარმონით?

 

– ამ შეკითხვის ადრესატი მე არ ვარ, ამაზე დღევანდელმა ხელისუფლებამ და მისმა გენერალურმა პროკურატურამ უპასუხონ!

 

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner