logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: ბუნტის დროს, გამომწყვდეულ ადამიანებს „კარმუშკებიდან“ ესროდნენ და ისე ხვრეტდნენ
- +

3 ივლისი. 2016. 11:26


კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სულხან მოლაშვილი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან"  „ნაციონალური მოძრაობის" დროს, პენიტენციარულ სისტემაში არსებულ სისტემურ წამებასა და ადამიანის უფლებების შელახვაზე საბრობს.


მოლაშვილის განცხადებით, ციხის სკანდალური კადრების შესახებ გავრცელებული ხმები, რომ თითქოს დადგმულია, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მას საკუთარი თვალით აქვს ნანახი თუნდაც ის ფაქტი, თუ როგორ გამოიყვანეს ციხის შენობიდან ე.წ. ამბოხის შემდეგ რამდენიმე ათეული გარდაცვლილი პატიმარი.

 

„არ შეიძლება, ყველგან, ყველა ციხეში კადრები დადგმული ყოფილიყო. ასეც რომ იყოს, რა ვთქვა იმ ეპიზოდებზე და იმ საშინელებებზე, რომლის მოწმეც პირადად გახლავართ. ვგულისხმობ 2004-2006 წლებს. გაგახსენებთ, რომ უკვე 2004 წელს საქართველოს ცენტრალურ საგამოძიებო იზოლატორში, ეგრეთ წოდებულ პირველ ციხეში მასობრივად ილახებოდა ადამიანის უფლებები. მე არ ვგულისხმობ ისეთ უფლებებს, რომელიც ეხება ვთქვათ, მიმოწერის აკრძალვას, ან პაემნის შეზღუდვას, პრესასთან ნაკლებად ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთ რამეს ადამიანი უძლებს და სიცოცხლისთვის საშიში არ არის... მაგრამ სააკაშვილმა და პენიტენციალური სისტემის მაშინდელმა მესვეურებმა სპეციალურად შექმნეს ისეთი რეჟიმი, რომ ადამიანებს საკანში სუნთქვის საშუალება არ ჰქონდათ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი (და ამას დაადასტურებს ათობით ადამიანი, უბრალოდ გამოკითხვა და დაკითხვა სჭირდება პროცესუალურად), რომ ერთ საკანში, რომელიც 20 კვ.მ. იყო, მოთავსებული იყო 100-120 კაცი. იქვე იყო „პარაშა" ე.წ. საპირფარეშო, აბანო, სადაც ცივ შხაპს იღებდნენ ბიჭები, იქვე ირეცხებოდა სარეცხი და იქვე ეძინათ ე.წ. „სმენკაში". როცა ზოგიერთი რიგითობით ძილს ვერ უძლებდა, მხარ-ბეჭზე ქამრებს იმაგრებდნენ, „შკონკაზე" აბამდნენ და ფეხზე მდგარი ცხენივით იძინებდნენ. სინესტის, სიგარეტის კვამლის, საჭმლის ორთქლის გამო ჭერიდან გამუდმებით წვეთავდა ოფლის, ოხშივრის, სიცხის, საპირფარეშოს... გაერთიანებული ნაჟური. ორი კვირაც საკმარისი იყო, რომ ადამიანი სერიოზული ტუბერკულოზით დაავადებულიყო... მეორეც, ბუნტის ფაქტი მინდა გავიხსენო, რომელსაც თითქმის მთელი მთავრობა ახორციელებდა გიგა ბოკერიას მეთაურობით (რომელსაც ფუნქციურად არანაირად არ ევალებოდა იქ ყოფნა, უბრალოდ, გამოძიების დასადგენია, იქ რას აკეთებდა), მათ ჩაიდინეს საშინელება იმიტომ, რომ გამომწყვდეულ ადამიანებს „კარმუშკებიდან" იარაღს ესროდნენ და ისე ხვრეტდნენ ბიჭებს. ძალიან დიდი ტყუილია ის, რომ იმ დღეს მხოლოდ 8 კაცი გარდაიცვალა. მე მაშინ „რესბალნიცაში" ვცხოვრობდი და ფანჯრების წინ იყო რესპუბლიკურის მორგი, სადაც მარტო იმ ღამეს, ათობით ადამიანის გვამი შეიტანეს ვიდრე გათენდებოდა..." - განაცხადა მოლაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner