დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაწესებულ რეგულაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.
კითხვაზე, რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს რეგულაციების ნაწილის შემსუბუქება, რაც დეკემბრის ბოლოს იგეგმება, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი მობილობის გაზრდა ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას უწყობს ხელს.
„ამიტომ, დეკემბრის სამი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას უნდა დავაკვირდეთ და საკოორდინაციო საბჭომ ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილებები. ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე - თუ სიტუაცია გაუარესდა, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. თუ ყველაფერს დავიცავთ და ამ შემთხვევაში ციფრები შეიძლება სტაბილიზაციისა და შემდეგ შემცირებისკენ წავიდეს, ამის შემდეგ შეიძლება გარკვეულ შემსუბუქებაზე მსჯელობა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ამირან გამყრელიძემ.