„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა დათმობების პრინციპით, არამედ იმ პრინციპით თუ რა სჭირდება ქვეყნის სწორ განვითარებას“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, დათმობა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
„ზუსტად ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ოპოზიციური პარტია ასეთივე პრინციპით ხელმძღვანელობს“, - დასძინა კობახიძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. მოლაპარაკებები თითქმის 6 საათს გაგრძელდა.