ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება უპასუხისმგებლო ოპოზიციის ბრალია.
ცქიტიშვილსი თქმით, საპროტესტო აქციებზე ოპოზიციის ლიდერები მოქალაქეებს არათუ პირბადის გამოყენებისა და ფიზიკური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ, არამედ აქეზებდნენ, რომ მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ დამორჩილებოდნენ და კოვიდუსაფრთხოების წესები დაერღვიათ.
ვიცე-პრემიერის ამ განცხადების გამო ლამის ტანსაცმლიდან ამოხტა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც პირდაპირ ეთერში თვალების გადმოცვენამდე გაჰყვიროდა – ეს ნაძირალები როგორ ბედავენ, რომ კორონავირუსის გავრცელებაში ოპოზიციას ადანაშაულებენო!
მოკლედ, სახეაჭარხლებული და დუჟმორეული თბილისის ყოფილი მერი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 48 მილიონი ლარის მოპარვისთვის არის ნასამართლევი, ტელესტუდიაში ისე მძვინვარებდა, ქართველ საზოგადოებას მთელი მისი ბეგრაუნდი ხელისგულზე რომ არ ედოს, იფიქრებდა – ამ პატიოსან კაცს, ეტყობა, რაღაც საშინელება დასწამეს და წყობიდან გამოიყვანესო!
არადა, არც უგულავასთვის და არც მთელი ოპოზიციისთვის არავის არაფერი დაუბრალებია, რადგან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბური ზრდა მართლაც იმ წინასაარჩევნო შეკრებებმა და არჩევნების შემდგომმა მიტინგებმა განაპირობეს, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობა თბილისსა და სხვა ქალაქებში აწყობდა.
გაიხსენეთ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ნაცების მიერ ბათუმში მოწყობილი აქცია, როცა ღია სივრცეში, მცირე პერიმეტრზე, დაახლოებით 1500 ადამიანს მოუყარეს თავი და ნამდვილი ზედახორა შექმნეს. ეგზალტირებული ნაცლიდერებისა და გაყინული სკუმბრიებივით ერთმანეთზე მიწებებული მათი აქტივისტების ეს თავყრილობა რომ იხილა, ქართველი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილმა მაშინვე განგაშის ზარი დაარისხა – ესენი გამიზნულად ცდილობენ, კორონავირუსის გავრცელებამ უკონტროლო მასშტაბს მიაღწიოსო!
გაიხსენეთ არჩევნებამდე სამიოდე დღით ადრე თბილისში, „თავისუფლების მოედანზე“ გამართული მიტინგიც, რომელზეც ნაცმოძრაობამ მთელი საქართველოს მასშტაბით შეგროვებული 8000 მხარდამჭერი დააყენა და არჩევნების შემდეგ პარლამენტის შენობასთან თუ ცესკოს ოფისთან მოწყობილი აქციებიც არ დაგავიწყდეთ.
წარმოიდგინეთ, როგორ გაიშალნენ ამ აქციების მონაწილეები თავიანთ უბნებში, ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც ყოველდღიურად ჰქონდათ კონტაქტი ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებთან, მაღაზიის, აფთიაქისა თუ საპარიკმახეროს პერსონალთან და ავტომატურად მიიღებთ პასუხს კითხვებზე – რატომ მიაღწია კორონავირუსის გავრცელებამ საგანგაშო მასშტაბს, რატომ აღარ არის ადგილები საავადმყოფოებში და რატომ იღუპება ყოველდღე რამდენიმე ათეული კოვიდპაციენტი?
მთელი ის განრისხება და ცოფების ყრა, უგულავამ პირდაპირ ეთერში რომ შემოგვთავაზა, უნიჭო თეატრალური წარმოდგენა იყო, რომელშიც ფარისეველი პოლიტიკანი გულწრფელად აღშფოთებული ადამიანის როლის მორგებას ცდილობდა, სინამდვილეში კი თვითონაც მშვენივრად უწყის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ასერიგად დამძიმებაში დიდი წვლილი სწორედ დივერსანტ ნაცოპოზიციას მიუძღვის.
– როგორ, ხელისუფლება გვადანაშაულებს, რომ ოპოზიციაში პოტენციური მკვლელები ვართ და ვირუსის გავრცელებას შეგნებულად ვუწყობთ ხელს? – ვითომ ამის გამო ბორგავდა და იჭაჭებოდა უგულავა – იმ ფაშისტური რეჟიმის ერთ-ერთი „რაიხსფიურერი“, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასადაც არ უღირდა.
რეჟიმი, რომლის სახესაც უგულავა წარმოადგენს, ვითომ, წიწილებივით არ ხოცავდა უდანაშაულო ადამიანებს მაშინ, როცა „კოვიდ-19“ საერთოდ არ არსებობდა!
რეჟიმი, რომლის ლიდერშიპშიც უგულავა შედიოდა, ვითომ, მაღაზიის სახურავზე არ ალაგებდა ცემით მოკლული მშვიდობიანი მომიტინგეების ცხედრებს!
ვითომ უგულავა იმ რეჟიმის სისხლი სისხლთაგანი არ იყო, რომლის შინაგან საქმეთა მინისტრიც ორ გვამს ითხოვდა!
დიახ, სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურა ვაზაგაშვილი, გიორგი გამცემლიძე, გურამ შარაძე, გია კრიალაშვილი, როინ შავაძე, სერგო თეთრაძე, რომან სურმანიძე, მურად გორგაძე, მარად ართმელაძე, დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი კორონავირუსს არ მოუკლავს, ისინი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა დახოცა!
ასე რომ, ნაცმოძრაობა, თავისი ყველა გამონაყოფითა და შენაერთით, არათუ პოტენციური მკვლელი, არამედ უკვე შემდგარი მკვლელია, გამოცდილი და პროფესიონალი მკვლელი!
კორონავირუსსაც, საქართველოში შემოღწევის პირველი დღიდანვე, ნაცმოძრაობაზე დიდი და ერთგული მოკავშირე არ ჰყოლია!
2020 წლის 26 თებერვალს, როცა ჩვენს ქვეყანაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ნაციონალური მოძრაობა მაშინვე ვირუსის მხარეს დადგა და კორონა ერთი დღეც არ დაუტოვებია მარტო!
თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, როცა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი იყო გამოცხადებული და ქუჩაში სამზე მეტი ადამიანის შეკრება არ შეიძლებოდა, ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის ბულვარში ორასამდე მოქალაქე შეყარა, აქაოდა, მიხეილ სააკაშვილის სახელით, პირბადეებს საჩუქრად ვარიგებთო!
ეს იყო პირველი კორონადივერსია, რომელიც ნაცებმა საქართველოში მოაწყვეს!
ეს იყო კორონავირუსისა და ნაცმოძრაობის კოლაბორაციის პირველი თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც პერმანენტული სახე მიიღო და დღემდე გრძელდება!
1936 წელს, როცა ესპანეთში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, მეამბოხეების მეთაურმა, გენერალმა ემილიო მოლამ ასეთი სტრატეგია დასახა – მის ოთხ კოლონას, რომელსაც მადრიდი უნდა აეღო, იერიშის დაწყებისთანავე შეუერთდებოდა უშუალოდ დედაქალაქში მყოფი მეხუთე კოლონა, რომელიც რესპუბლიკურ მთავრობას შიგნიდან დაარტყამდა.
სწორედ აქედან იღებს სათავეს ცნობილი ფრაზეოლოგიზმი – „მეხუთე კოლონა“ – რაც აღნიშნავს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც მტრის შიდა მოკავშირეა და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს.
„მეხუთე კოლონა“ ქვეყნის შიგნით მუდმივად არსებობს და განსაკუთრებით მაშინ აქტიურდება, როცა საომარი მდგომარეობა ან სხვა სახის სახელმწიფოებრივი კრიზისი იჩენს თავს.
ნაცმოძრაობაც, მთელი თავისი არსით, კლასიკური „მეხუთე კოლონაა“, რომელიც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდა მაშინაც, როცა ხელისუფლებაში იყო და იმავეს აკეთებს ახლაც, როცა ოპოზიციის ქურქშია გახვეული.
თუმცა, დღეს ნაცმოძრაობას “მეხუთე კოლონა“ კი არა, „მეხუთე კორონა“ უნდა ვუწოდოთ, რადგან საქართველოსა და კორონავირუსის ომში კორონას მხარეს დგას და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს.
„მეხუთე კორონას“ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – კორონავირუსთან ომში საქართველო დამარცხდეს, მოსახლეობა მძიმე მდგომაროებაში ჩავარდეს და ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწიოს, რის შემდეგაც მთავრობის დამხობა ძნელი არ იქნება.
„მეხუთე კორონა“ მზად არის, პოლიტიკური რევანშის გზაზე გვამებს გადააბიჯოს!
„მეხუთე კორონა“ უყოყმანოდ მოაწერს ხელს, რომ კორონავირუსმა თუნდაც ნახევარი საქართველო გაწყვიტოს, ოღონდ ამას ხელისუფლების ცვლა და ქვეყნის სათავეში სააკაშვილის სექტის დაბრუნება მოჰყვეს!
ნაცმოძრაობა – ეს „მეხუთე კორონა“ გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე ნებისმიერი „მეხუთე კოლონა“, რომელიც საქართველოში ოდესმე არსებულა, თვითონ საქართველო კი გაცილებით მძიმე მდგომაროებაშია, ვიდრე კორონაპანდემიასთან მებრძოლი ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რადგან საქართველოს კორონავირუსი და მასთან შეამხანაგებული „მეხუთე კორონა“ ერთდროულად უტევენ.
საქართველომ კორონავირუსი და „მეხუთე კორონა“ ერთად უნდა დაამარცხოს!
ამ ორიდან მხოლოდ ერთის დამარცხება ქვეყანას შვებას ვერ მოგვრის!
ჯაბა ხუბუა
(ასავალ-დასავალი)