ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარება და საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზება. ეს არის სოხუმის დე-ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას მიერ შემუშავებული „აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ ერთ-ერთი პუნქტი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
კონცეფციაში ასევე აღნიშნულია, რომ სოხუმის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ოკუპირებული რეგიონის სუვერენიტეტის და მოსახლეობის უსაფრთხოების განმტკიცება, აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვა და კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის ხელშეწყობაა.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საგარეო კონტაქტები მრავალდონიანი უნდა იყოს და ერთმანეთის პატივისცემაზე და თანასწორუფლებიანობაზე იყოს დამყარებული.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სოხუმის დე-ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ საქართველო აფხაზეთისთვის დღესაც საფრთხეს წარმოადგენს.