logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ამღებებისა და მიმცემების ამარა შთენილი ქართული პოლიტელიტა
- +

7 დეკემბერი. 2020. 18:54

 

 

ქართული პოლიტიკური სპექტრი ისედაც დიდი ხანია, ამღებებად და მიმცემებად იყოფა, თუმცა, ეს კლასიფიკაცია სადღეისოდ კიდევ უფრო მკაფიო გახდა, რადგან ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების აღება-არაღებაზე მსჯელობენ, ხელისუფლება კი მათთვის დაფინანსების მიცემა-არმიცემის საკითხს განიხილავს.

 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსება ერთბაშად 14 პარტიამ მოიპოვა. მართალია, 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა, მაგრამ მათგან ორს საარჩევნო ბლოკის სახე ჰქონდა და ორივეში ერთად 7 პარტია იყო გაერთიანებული. ამდენად, არჩევნებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიური დაფინანსება ეკუთვნით „ქართულ ოცნებას“, „ნაცმოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს, „პატრიოტთა ალიანსს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“, „ლეიბორისტულ პარტიას“, „გირჩს“, ნიკა მაჭუტაძისა და ნატო ჩხეიძის პარტიას „სახელმწიფო ხალხისთვის“, კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის პარტიას „პროგრესი და თავისუფლება“, პაატა დავითაიას პარტიას „ევროპელი დემოკრატები“, ალეკო ელისაშვილის პარტიას „მოქალაქეები“, გიორგი ვაშაძის პარტიას „სტრატეგია აღმაშენებელი“ და თაკო ჩარკვიანის პარტიას  „კანონი და სამართალი“.

 

თუმცა, როგორც იცით, არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, კენჭისყრის შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლას არ აპირებს, რამაც ლოგიკურად წამოჭრა საკითხი – უნდა მიეცეთ თუ არა მათ სახელმწიფო დაფინანსება?

 

საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ პარტიებმა, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ და ამომრჩევლის მიერ დაკისრებულ მოვალეობას არ შეასრულებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ.

 

და მართლაც, რატომ უნდა კვებოს ქართველმა ხალხმა საკუთარი ჯიბიდან უსაქმური ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ქუჩაში დგომით, პოლიტიკური კრიზისის შექმნითა და დესტაბილიზაციის მოწყობით იქნება დაკავებული?

 

ისე კი, პარლამენტისთვის ბოიკოტის გამომცხადებელ ოპოზიციას პოლიტიკური პრინციპები და ღირსება რომ გააჩნდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე თვითონვე უნდა ამბობდეს უარს.

 

დიახ, თუ თვლი, რომ არჩევნები გაგიყალბეს, ხმები მოგპარეს და გამარჯვება წაგართვეს, მაშინ არც იმ ფულს უნდა მოჰკიდო ხელი, რომლის ოდენობაც არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით გამოანგარიშება.

 

მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიას, რომელიც ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების მინიმუმ ერთ პროცენტს მოიპოვებს, პირველი 50 ათასი ხმის ფარგლებში, ყოველ ხმაზე 15 ლარი, ყოველ მომდევნო ხმაზე კი 5 ლარი ერგება. შესაბამისად, პარტიამ, რომელიც გაიძახის, რომ არჩევნებში მაგალითად 100 ათასი ხმა აიღო, მაგრამ გაუყალბეს და ბევრად ნაკლები დაუწერეს, იმ ყალბი მონაცემების მიხედვით მოპოვებულ დაფინანსებაზე უარი უნდა განაცხადოს, თუ რა თქმა უნდა, „ერთ ადგილს“ არ ათამაშებს და პოლიტიკური ინტრიგანობით არ არის დაკავებული.

 

ხოლო თუ პარტია ერთ ადგილს“ ათამაშებს და პოლიტიკური ინტრიგანობით არის დაკავებული, იმაზეც ყაბულს იქნება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებული ოფიციალური მონაცემის მიხედვით აიღოს, რაც არჩევნების შედეგების აღიარებას ნიშნავს.

 

ასეთი პარტია კი, რასაკვირველია, ამღებთა კატეგორიას განეკუთვნება,

 

იმ ოპოზიციურ სუბიექტებს შორის, რომლებმაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, ამღები 10 პარტია აღმოჩნდა. კერძოდ, ბიუჯეტიდან ფულის ასაღებად ცესკოს ოფიციალური განაცხადით მიმართეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „რესპუბლიკურმა პარტიამ“, „ევროპელმა დემოკრატებმა“, „ლელომ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „სახელმწიფომ ხალხისთვის“, „კანონმა და სამართალმა“ და „პროგრესმა და თავისუფლებამ“.

 

ასე და ამრიგად, ეს ამღები პარტიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს დაეთანხმნენ, რითიც აღიარეს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და მათთვის ხმები არავის მოუპარავს.

 

არჩევნებში ნაჩვენები შედეგის მიხედვით დაანგარიშებული სახელმწიფო დაფინანსების მიღება არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებას რომ ნიშნავს, ამას ზოგიერთი ოპოზიციური პარტიაც ადასტურებს. მაგალითად, ზურა-გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო დაფინანსების აღება პარლამენტის ბოიკოტირებასთან შეუთავსებელია, რადგან ეს არჩევნების შედეგების ირიბ აღიარებას ნიშნავს. იმავეს ამბობს ალეკო ელისაშვილიც – საბიუჯეტო დაფინანსებას თუ იღებ, ე.ი. არჩევნების შედეგებსაც აღიარებო!

 

„გირჩთან“ და ელისაშვილის პარტიასთან ერთად, სახელმწიფო დაფინანსების აღებასთან დაკავშირებული განაცხადი ცესკო-ში არც „პატრიოტთა ალიანსსა“ და ლეიბორისტულ პარტიას არ წარუდგენიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ამღებთა კატეგორიაში არ შედიან.

 

იმის გასამართლებლად, თუ რატომ იღებენ სახელმწიფო დაფინანსებას მაშინ, როცა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, ყველაზე უსასური და იმავდროულად ფარისევლური არგუმენტი „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოიხმო – პოლიტიკაში შავი ფულის ტრიალს ჯობს, პარტიას ლეგალური დაფინანსების წყარო ჰქონდესო!

 

ამღებთა კატეგორიაში მოხვედრისა და საკუთარი უპრინციპობის ასე გამართლება მხოლოდ ხელიდან წასულ ყაჩაღ ბანკირსა და მევახშეს თუ მოუვიდოდა თავში. სხვა თუ არაფერი, უბრალოდ, სასაცილოა, როცა „პოლიტიკაში შავი ფულის ტრიალის“ შესახებ ის ხაზარაძე ლაპარაკობს, რომელიც, თავის მარჯვენა ხელ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, სწორედ შავი ფულის გათეთრებისთვის არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და აღკვეთის ღონისძიებად 700 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

 

ერთი სიტყვით, ამღებთა ვინაობა უკვე ცნობილია და ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, დარჩება თუ არა ქართული ოცნება“ მიმცემის როლში.

 

თუ ახალი მოწვევის პარლამენტმა, რომელიც მალე შეიკრიბება, პარტიების დაფინანსების კანონი არ შეცვალა და საკანონმდებლო ორგანოსთვის ბოიკოტის გამომცხადებელ ოპოზიციას ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი გადაურიცხა, მაშინ საბოლოოდ და ბეჭედდასმულად გვეცოდინება, რომ ქოცების სახით მიმცემებთან გვაქვს საქმე.

 

ამღებებისა და მიმცემების ამარა შთენილი ქართული პოლიტელიტა კი ქვეყანას სიკეთეს ვერასოდეს მოუტანს!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner