logo_geo
eng_logo
როგორ წააკინკლავა გოდერძი ჩოხელმა ერთმანეთს ცეკას თანამშრომლები
- +

7 დეკემბერი. 2020. 20:30

 

 

ნუგზარ ფოფხაძე იხსენებს:

„...ჩვენი გოდერძი მინდა გავიხსენო, ჩოხელი!

მწერალი ხომ იყო და იყო... კინორეჟისორი ხომ იყო და იყო...

ბიჭად ბიჭიც ნამეტნავად კარგი იყო – სუფთა, უღალატო...

თეატრალურში რომ სწავლობდა, ყველანი ყურადღებით იყვნენ განმსჭვალულნი მთიელი ბიჭისადმი. თავადაც ყურადღებიანი იყო თანატოლებისადმი, ალალი და გულიანი... პედაგოგების მხრიდან ხომ დაუფარავ სითბოს გრძნობდა. რექტორი – ქალბატონი ეთერ გუგუშვილი, კინორეჟისორები ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი შვილივით ზრუნავდნენ მასზე... მაგრამ, განსაკუთრებული ღვაწლი მაინც ომარ გვასალიამ დასდო მის, როგორც რეჟისორად და პიროვნებად ჩამოყალიბებას... აი, უფროსი ძმა რომ უპატრონებს მასზედ ძალიან უმცროსს, ისე ექცეოდა ომარი, თავადაც განსაკუთრებული კეთილშობილებით გამორჩეული კაცი... დაოჯახების გადაწყვეტილება „საიდუმლოდ“ გამანდო...

 

 

ტელევიზიის სიძედ გახდომა მოინდომა – „მეორე ნახევრად“ ულამაზესი და უთბილესი ნინო მელაშვილი – ჩემი სტუდენტი და ტელევიზიის თანამშრომელი „შეარჩია“... აი, იმ დროს კი „მთავარ პრობლემად“ წამოტივტივდა ის, თუ სად უნდა „წასულიყვნენ“ ახლადდაქორწინებულნი... ამ მომენტს ხაზგასმით იმიტომ ვიხსენებ, რომ ქვემოთ მოტანილ მოგონებებში გოდერძი ცოტა „მწყრალად“ იხსენებს დედაქალაქის ერთ, იმდროინდელ ხელმძღვანელს, რომელმაც „აღდგომის“ კოლექტიური ნახვისას სულ მცირე შენიშვნა „ჩაილაპარაკა“ თავისთვის. ეტყობა, გოდერძი ნამეტნავად „გაფაციცებული“ გახლდათ და არცთუ სასიამოვნო მოგონებად დარჩა მისი რეპლიკა... არადა, ის კაცი ცოტა ხისტი კი იყო, მაგრამ ღირსეულთა შორის ერთ-ერთი ღირსეული პიროვნება გახლდათ და მას ვერ დავუვიწყებ იმ ამაგს, გოდერძის დაოჯახებისას რომ გასწია ახლად გამოჩეკილ სიძე-პატარძალზე. შევარდნაძესთან მივედი და გოდერძისთვის ბინის ურიგოდ გამოყოფაში ვთხოვე დახმარება, თანაც, დავამატე „საჩუქრად“ არ მინდა, ტელერადიოკომიტეტს რომ ეკუთვნის, ეგებ, წინასწარ „მასესხოთ“ და მერე გავისტუმრებ-მეთქი. გოდერძი მასაც უყვარდა. არაერთხელ უკითხავს ჩეათვის, რას შვება, რას აკეთებსო. ჩემი თხოვნა არ იყო მთლად კანონიერი. მაშინ ბინების განაწილების და რიგითობის პრობლემა მწვავედ იდგა. ცოტა კი შეიშმუშნა, მაგრამ... ზარი ქალაქის ხელმძღვანელთან – თენგიზ მენთეშაშვილთან ჩემი თხოვნის შესაბამისი შინაარსით. მივედი მასაან. საუბარში ჩუქებას კი არა „სესხებას“ ვაწვები, რომ ისიც უხერხულ დღეში არ ჩავაყენო. „კარგი ადგილის“ თემაც „შევაპარე“... (არ შევჩერდები დეტალებზე) მენთეშაშვილი ვაჟკაცურად მოიქცა. გოდერძის „ჯუჯღუნი“ და ერთი უსიამო ინციდენტი (ამაზე ქვემოთ თავად გოდერძი მოგვითხრობს) არ „წამომაძახა“ და... ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ძველ დიღომში ჩინებული ბინა გამოიყო, თანაც, მერე არც „ვალის“ დაბრუნება მოუთხოვია. თქვა, ღვთითბოძებული ტალანტის მქონე მთიელ ბიჭს ბინა დედაქალაქიდან საჩუქრად ჰქონდესო...“

 

გოდერძი ჩოხელის „აღდგომა“

 

„...მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე, ასეთი სასაფლაოები ჩემ სოფელშიც იყო, დიდ ქვებს ადებდნენ, ზედ გამოქანდაკებული არის ქალი, კაცი. ქალი – საკერავი მანქანით ხელში, კაცი – გუთნით. ჩემს სოფელში იმდენი არ იყო ასეთი საფლავები, როგორც მეზობელ სოფელში – დუმაცხოში.

ფოლკლორული ექსპედიცია იყო ჩამოსული, ზურაბ კიკნაძეც იყო იმ ექსპედიციაში და სხვები – ყველა არც მახსოვს. იმათ გავყევი. მოგვიწია ამ სასაფლაოების მხარეს გავლა. გაზაფხული იყო, თოვლი დნებოდა. საოცარი სანხაავი იყო სასაფლაო. ზოგს, მაგალითად, საფლავის ნახატს თავი ჰქონდა ამოყოფილი, ზოგს ხარ-გუთანი უჩანდა, ზოგს – რა, ზოგს – რა. ისეთი ტილო იყო, ფიროსმანისა გეგონებოდა. მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი – ამათზე დოკუმენტურ კინოს გადავიღებ-მეთქი. მერე გადაღება რომ დავიწყე, წავიკითხე წარწერები. ზოგი შენდობას ითხოვდა, ზოგი – რას... ამ ეპიტაფიების გამო დამებადა იდეა, რა მოხდება, რომ გავესაუბრო-მეთქი: გავესაუბრო სიყვარულზე, სიძულვილზე... მაგ კუთხით დავიწყე გადაღება. თანდათან ეშხში შევედი. მომინდა, რო განმეზოგადებინა, ეროვნულ ხასიათში გადამეყვანა, სვეტიცხოველში შევსულიყავი. მერე მომინდა, რო დიდგორის ბრძოლა გადამეღო. მერე მომინდა, რო მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ვინც კი გვყოლია ბრძოლის ველზე დაცემული, ისინი ამოსულიყვნენ, იმათთან მელაპარაკა.

„აღდგომას“ გამოუჩნდა კრიტიკოსი – „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქტორი. მანამდე ჩემზე დადებითი რაღაცები ჰქონდა დაწერილი. და... როგორც ჩანს, იფიქრა, ასიამოვნებდა საბჭოთა ხელისუფლებას.

ამაზრზენი კრიტიკა დაწერა... ომარი (გვასალია – ნ.ფ.) მამშვიდებდა, მაგას ყურადღება არ მიაქციო, გამოჩნდებიან ისინიც, ვინც შენ კინოს გაიგებენო.

„აღდგომას“ ვიღებდით ჩოხში, გუდამაყარში – ლუთხუბში, მთიულეთის ხეობაში. ერთი ეკლესია დგას იმ სოფელში. ზოგიერთი საფლავი ქართლის ხეობებშიც გადავიღე, ფასანაურშიც, მთიულეთში შავოსანი ქალი მოვიდა. თურმე, ჩემი თანაკლასელის საფლავს ვიღებდი, მე არ ვიცოდი, იმისი დედა იყო. პურმარილი მოიტანა. მიცვალებულები იქაურების გახმოვანებულია. ვიღაცაზე ხომ უნდა დამემთავრებინა ფილმი... გმირები არ გვყავდნენ, რომლებსაც ილიას მერე ვახსენებდი... მოწოდებისთვის იყო ჩემი ყვირილი: სადა ხართ, არაგველებო! ვიხმობდი, საიქიდან უნდა გამომეხმო, – გამოდით, კიდე ვიბრძოლოთ-მეთქი. ეს ფილმი ანტიკომუნისტური ხო იყო, ანტირუსულიც იყო თავისი შინაარსით... პირველად ჩემმა პედაგოგმა ომარ გვასალიამ ნახა, ისე მოეწონა, გადაირია. წავიდა და ნუგზარ ფოფხაძეს აჩვენა: – ნახე, რა ფილმი გადავიღეთო. ნუგზარმა, – ვის გარეშეც ვერ გავუშვებთ, იმათ უნდა ვაჩვენოთ – ცეკაში წავიღოთო. ხო შეეძლო, სულ დაემალა ეს ფილმი, გაფრთხილებოდა თავის თავს. ნუგზარს ჰქონდა ასეთი ვაჟკაცობა, რო „აღდგომა“ გამოეჩინა (მაგის დროს აჩვენებდნენ საზღვარგარეთულ ფილმებს, სეფიაშვილი გამოჰყავდათ და ათწუთიანი გინება ჰქონდა. ფილმს ლანძღავდა. სამაგიეროდ, მერე ხომ გადიოდა ის „ასაკრძალი“ ფილმი ეკრანზე!).

„აღდგომა“ რომ გადავიღე, 1981 წელი იყო და ეგეთი ფილმების გაშვებაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა, შეიძლება, დავეჭირეთ კიდეც.

შევარდნაძის დაბადების დღე ყოფილა იმ დღეს. ნუგზარ ფოფხაძეს უთქვამს, საჩუქარი მოგიმზადე და უნდა გაჩვენოო. დამიბარა. წავედით მე და ნუგზარ ფოფხაძე, წავიღეთ „აღდგომა“. ცეკას კინოდარბაზში სხედან შევარდანძე და სხვა ცეკას მდივნები, – მოდი, მოდი, ჩემთან დაჯექიო, – დამიძახა... მივედი და გვერდით დამისვა შევარდნაძემ. დაიწყო „აღდგომა“: მე ვარ გოდერძი ჩოხელი, ქართველი, მინდა დაგიბრუნოთ სიცოცხლე... მინდა ცოტა ხნით საიქიოში წაგიყვანოთ, – ისმის ეკრანიდან...

ჩუმად არიან. გატრუნულია ყველა, როგორია, ცეკას მდივნები საიქიოში წაიყვანო! ამ დროს მე ვფიქრობ: თუ არ დამიჭირეს, საერთოდ ამიკრძალავენ კინოს გადაღებას-მეთქი. რა უნდოდა ამ ფოფხაძეს, რას აიჩემა ფილმის ჩვენება-მეთქი. უცებ შეკითხვა რო დავიწყე მკვდართან და იმანაც რო მიპასუხა, შევარდანძემ გაიცინა. გაიცინა შევარდნაძემო და... გაიცინეს ცეკას მდივნებმა. მთელი ფილმი ასე იყო. აუტყდებოდა შევარდნაძეს სიცილი. განსაკუთრებით იცინა, მკვდარს რო ეუბნება, „ქარი ხო არსაიდან გიქშუტუნებსო“. ისინიც იცინიან. მერე ხო ფილმი ასე მთავრდება: ღირსეული გმირები ამოდიან და როგორც მართლა იყო, იქაც ილიაზე შეწყდა ყველაფერი... დღემდე ვთვლი, რომ ილიაზე შეწყდა დიდი ბრძოლა. შევარდნაძემ უთხრა ცეკას მდივნებს: – აბა, ეხლა თქვენ გაარჩიეთ ეს კინოო. სოლიკო ხაბეიშვილი ადგა და თქვა, – თქვენი არ ვიცი, მაგრამ გოდერძი ჩოხელმა კომუნისტი კაცი დამარწმუნა, რო საიქიო არსებობსო.

ზოგმა რა თქვა, ზოგმა – რა. მენთეშაშვილი ადგა: ქალაქის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე იყო. ის გადამეკიდა, – ილიაზე რატო მთავრდება ეს ფილმიო. დღეს ადამიანი აღარა გვყავსო, რომლის ხსენებაც შეიძლებაო. აქცენტი აქვს აღებული, რო ედუარდზე დავამთავრო. წავა-წამოვა, ვიღაცა რაღაცას იტყვის, ეს ისევ იმას მეუბნება. ბოლოს, შევარდნაძე მიუტრიალდა და უთხრა, – შენ, მგონი, ამ ფილმში ილია ჭავჭავაძე გიშლის ნერვებსო. გაჩუმდა ეს კაცი. გაისუსა. „აღდგომა“ იმავე საღამოს ტელევიზიაში გაუშვეს. ატყდა ერთი ამბავი. ბაზარში რო შევიდოდი, ისე, უფასოდ მატანდნენ ყველაფერს. შენა, შვილო, საიქიო ალაპარაკე და ფულს როგორ გამოგართმევო, – მეუბნებოდნენ. არც ერთი ცეკას მდივანი ასე არ მოიქცეოდა. თავს გამოიდგებდა, როგორ დავესაჯე“.

 

ეკა პატარაია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner