logo_geo
eng_logo
ზაალ წულუკიძეს: თუ მართლა იმბეცილი არ ხარ, რატო მივარდები და მეუბნები 20 ივნისი გაიხსენეო?!
- +

8 დეკემბერი. 2020. 02:27

 

 

ტელეწამყვან ზაალ წულუკიძეს (ვინის) სოციალურ ქსელებზე სასაუბროდ დავურეკეთ. აღმოჩნდა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულის ერთ-ერთ კონტაქტად მიიჩნიეს. თან, ჯეკპოტის გათამაშების გამო, ემოციოურობამ ხმის იოგები დაუზიანა და ცოტათი ყელიც ატკინა. პრევენციისთვის პისიარ ტესტი გაიკეთა და პასუხს ელოდა, ამჯერად – უკვე მესამედ (წინა შემთხვევებში, პასუხი უარყოფითი იყო).

 

– სოციალურ ქსელში („მირკში+) პირველად 1997-98 წლებში დავრეგისტრირდი. საკმაოდ აქტიური ვიყავი, ბევრი ადამიანი გავიცანი. მაშინ „სკრიპტები“ ასე განვითარებული არ იყო, კლავიატურით, სხვადასხვა სიმბოლოს ღიმილს ვამსგავსებდით და ასე ვგზავნიდით, ვხალისობდით... მსოფლიოსთან აქტიური კონტაქტის საშუალება ფაქტობრივად მაშინ გაჩნდა.

 

– ქსელში პირველად დარეგისტრირებიდან დღემდე, თუ ყოფილა პერიოდი, როცა სოციალური ქსელებით აღარ სარგებლობდი?

 

– კი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო: 2000 წლიდან დაახლოებით 2007 წლამდე; დანაკლისი არ მიგრძნია, მერე 7-8 თვე „ოდნოკლასნიკებში“ ვიყავი, სადაც ვერთობოდი, 2-3 წელიწადში კი საერთოდ გავაუქმე. დღემდე ყველაზე აქტიური „ფეისბუკში“ ვარ, რადგან სამსახურის გამო ჩემთვის ეს ქსელი საკმაოდ კომფორტულია. ისე, „ვაიბერიც“ მაქვს, „ინსტაგრამიც“, „ვოთსაპიც“.

 

– ბოლო დროს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე შენი დაწერილი სტატუსების გამო ვინმე ხომ არ გაგინაწყენდა ან პირად სივრცეში ხომ არ შემოგეჭრა?

 

– კი, პირად სივრცეშიც შემომიცვივდნენ და საჯაროდ დაწერილ „პოსტზეც“ . ამ მხრივ, ყოველთვის ბოლომდე მშვიდი ვარ. კომენტარები „გამიტარებია“, მაგრამ, როდესაც ადამიანი უკვე ძალიან თავზე „გადაისვრის“, რადგან ჰგონია, რომ „გასდის“ ,ჯობია, მართლა გაეცალ, ბლოკი კარგი გამოგონებაა. სხვათა შორის, ეს ფუნქცია „მირკშიც“ იყო და კარგად ვიყენებდით... რასაც სტატუსად ვწერ, ე.ი. ჩემი აზრია, რომელიც საზოგადოებას გავანდე. სიახლეების ზოლში ხშირად ისეთი პოსტი მხვდება, რომელსაც კატეგორიულად არ ვეთანხმები, მაგრამ ჩემი „შევარდნების“ და განხილვების შემთხვევები 5-6 წლის წინ თუ მომხდარა, ისიც იშვიათად, როცა ყელში ძალიან ამომსვლია. სამაგიეროდ, საპირისპიროს ვიღებ: „პოსტს“ გამოვაქვეყნებ თუ არა, თითქოს ჩასაფრებულები არიან – უცებ შემოცვივდებიან და ატეხენ „ყეაფას“... თან იცი რას მოგიწოდებენ? რასაც თავად ცხოვრებაში არ გააკეთებენ. მორალს გიკითხავენ – მე შენზე 10 თავით მაღლა ვდგავარ, რადგან ასეთი პოზიცია მაქვს, შენ კი მდაბიო ხარ, რადგან სხვა პოზიცია გაქვსო. მდაბიოები იქით მოიკითხონ...

 

– რას გულისხმობ, როცა ამბობ, იმისკენ მოგიწოდებენ, რასაც თავად არ გააკეთებენო?

 

– კონკრეტულ მაგალითს გეტყვი: 7 ნოემბერს „იმედში“ მივედი და 2007 წლის 7 ნოემბერი გავიხსენე. მანამდე „ფეისბუკში“ დავწერე, სად და რატომ მივდიოდი. თუ მართლა არაადეკვატური და იმბეცილი არ ხარ, რატო მივარდები და მეუბნები – 20 ივნისი გაიხსენეო?! ცოტა მეტად იაზროვნონ, მით უმეტეს, ვინც ასეთი კომენტარი დამიწერა, მათ შორის, არც ერთი არ მეგულება, ვინც 20 ივნისზე საუბრისას იქვე 7 ნოემბერსაც გაიხსენებს. სამაგიეროდ, ამისკენ მე მომიწოდებენ, რომელმაც 7 ნოემბერს საშინელება გადავიტანე. წარმოიდგინე, 20 ივნისს დაშავებული წერდეს, – 20 ივნისის გასახსენებლად მივდივარო, მე კი შევუვარდე – 7 ნოემბერიც გაიხსენე, ბიჭო-მეთქი. ჩემი მხრიდან ეს ხომ ძალზე მდაბიო საქციელი, სრული არაადეკვატურობა იქნება?! უკვე ძალიან აურიეს – ერთმანეთისგან პომიდორი და ნუში ვერ გაურჩევიათ, ვინც ჩემს „პოსტზე“ შემომივარდა, 20 ივნისი რომ დადგება, უნდა ჩავუსაფრდე და ყველას ანალოგიურად მოვექცე, დავუწერო – აბა, 7 ნოემბერიც გაიხსენეთ-მეთქი! ხომ ღირსები იქნებიან, არა? თან, ისეთ რაღაცას გთხოვენ, რასაც თავად ცხოვრებაში არ გააკეთებენ, შანსი არაა! ამის უფლებას თავს როგორ მისცემენ? მერე ბელადებს რა პასუხი უნდა გასცენ? განსაკუთრებით, მათ, ვისაც მოსკოვში ვიღაცების ბიძებთან აქვთ დასარეკი. ხომ იფიქრებ, რომ ასეთი ადამიანები არაადეკვატურები ან ვიღაცისგან დარიგებულები არიან, რომ კონკრეტულ „პოსტებზე“ კომენტარები არ „გამაზონ“?

 

– 2007 წლის 7 ნოემბრის გახსენებისას ახსენი, თუ რატომ არ იდექი ამჟამინდელი ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე...

 

– დიახ, აქციაზე იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და ისინი, ვინც ამ პარტიას გამოეყვნენ, მაგრამ ერთ ნავში სხედან. სირცხვილია, რომ მათი მხარდამჭერები ჭკუას მარიგებენ, რადგან ჩუმად ვარ და პასუხს არ ვცემ, ინფანტილური ვგონივარ. ფიქრობენ, ყველაფერს „ვჭამ“, რა... არადა, თავად „ჭამეს“...

 

– შენი პოზიციის ეკრანზე დაფიქსირების შემდეგ, სოციალურ ქსელში, შენს სამეგობროში ვინმემ აზრი შეიცვალა?

 

– ვერ გეტყვი, თვალი არ მიმიდევნებია, მაგრამ ჩემი ამ გამოსვლის შემდეგ ახლობლებმა გული მატკინეს: „მეზღაპრედ“ და „პაიკად“ მომიხსენიეს. თურმე „ვიღაც მიყენებს“, ჩემს ამბავს არ უნდა მოვყვე, რადგან ეს მათ გულზე არ ეხატებათ... ჩემი აზრი საკუთარი სურვილით დავაფიქსირე: ბევრმა ახალგაზრდამ არ იცის, მაშინ რა მოხდა. როცა რეჟიმი სისხლს ღვრიდა, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ პამპერსით დარბოდა... წინასაარევნოდ რამდენიმე პარტიის აქტივისტი ჩემთანაც მოვიდა. სახლში დავისვი და ველაპარაკე: იცით, რომ ესა და ეს თქვენი ლიდერების ჩადენილია-მეთქი? – აუ, არა, ეს ყველაფერი ტყუილია, მოგონილიაო. ვუთხარი, შვილებო, „იუთუბი“ არ გაქვთ? ეგეც ხომ მოსყიდული არ არის? რა არის მოგონილი-მეთქი?!

 

– საუბარმა რა შედეგი გამოიღო?

 

– არ ვიცი. შედეგისთვის ისინი მუშაობენ, ვინც ასეთ ბავშვებს „აზომბირებენ“, სამწუხაროდ, თორემ პირადად მე, საღი აზრი ჩამომიყალიბდა. წლების განმავლობაში, „ნაციონალების“ ხელისუფლების მოქმედების გამო ჩემი ოჯახი რეპრესიებში იყო... როცა ამბობენ, ეს ხელისუფლება არ მოგვწონსო, კითხვას ვუსვამთ, – საპირწონედ ვის გვთავაზობთ-მეთქი? გაუგებარი პასუხები მივიღეთ და თურმე, ისევ „ჩარეცხილებში“ ვართ, „რუსეთუმეები“ და „ვიღაცის მოსყიდულები“. არადა, მარტივი კითხვაა: „ოცნება“ არ მოგვწონს. კი ბატონო, საპირწონედ ვინ უნდა მოვიდეს? როდესაც მეუბნები, რომ გრუ-ს ყოფილი გენერალი, რუსეთში ნასწავლი ადამიანი ან გუბაზი უნდა მოვიდეს, რომელიც ყოველ 10 წუთში ერთხელ რუსეთში რეკავს, იქ საუბარი დამთავრებულია.

 

– ახალგაზრდების ნაწილის სიმპათიით ზურა ჯაფარიძე სარგებლობს...

 

– ზურა ჯაფარიძე, რომელიც „ნაცმოძრაობის“ გენერალური მდივანი იყო, მნიშვნელობა არა აქვს, ამ პარტიას რომელ წლებში შეუერთდა – რაც უფრო გვიან, მით უარესი: ესე იგი, მან ყველაფერი აღიარა, თავისად მიიღო და ისე შეუყვარდა, რომ გენერალური მდივანი გახდა. მოძრაობის თავკაცი როგორ უნდა გავხდე, თუკი ბეგრაუნდი 100%-ით არ მომწონს?! სხვა შემთხვევაში, ძალიან ბინძურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანს არ მოსწონს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს – მაინც გენერალური მდივანი ხდება. მაშინ ეგ საერთოდ არავინ არ უნდა აირჩიოს... ახალგაზრდებმა კი ეს ყველაფერი არ იციან, რადგან მათ უყვებიან, რა კარგია მოსაწევი და ჯაფარა. სინამვდილეში, ყველა დასაჭერია... მოკლედ, ადეკვატურ კითხვას რომ სვამ, თუ ვის გვთავაზობენ ამ ხელისუფლების საპირწონედ და ისეთ ტიპს „მატენიან“, რომელიც აშკარად რუსულ საქმეს აკეთებს, ბოდიში – ჩემთვის არჩევანი დასრულებულია. ეს ზუსტად „კაგებეს“ სკოლის ამბავია: სხვებს, განსაკუთრებით კი – მოწინააღმდეგეებს ის უნდა დააბრალო, რაც თავად ხარ.

 

– შენი „პოსტების“ გამო ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა გაგფუჭებია?

 

– კი, კი, რამდენიმე მომღერალმა და ვითომ საზოგადო მოღვაწემ სამეგობრო სიიდან წამშალა. ჩემთვის ეს პრობლემაარ არის, ბოლოს ერთ-ერთი მათგანი თავადაც „მივაბლოკე“, რადგან აშკარად არაადეკვატურ ქმედებაზე გადავიდა: თუ ადამიანს „ერთი ადგილი“ არ გაქვს, რომ იმუშაო, მე ნუ მაბრალებ, რა...

 

– მოდი, სასიამოვნო თემაზეც ვისაუბროთ: როგორც ვიცი, შენი რჩეული სწორედ სოციალურ ქსელში იპოვე, არა?

 

– კი, ასეა.

 

– ოჯახის შექმნამდე, ონლაინსივრცეში გაჩაღებული რომანტიკული ურთიეროთბები ჩვეული იყო შენთვის?

 

– უჰ, ამიტომ ვიყავი „ოდნოკლასნიკებში“ დარეგისტრირებული, აბა, სხვა რა ინტერესი უნდა მქონოდა (იცინის)? არა, სხვა ამბებიც იყო, თანაკლასელებმა ერთმანეთი ვიპოვეთ. მაშინ „იმედმა“ სიუჟეტიც მოამზადა ჩვენი კლასის შესახებ...

 

– გართობა-გართობაში, გულის სწორს როგორ წააწყდი სოციალურ ქსელში?

 

– სხვათა შორის, ერთმანეთი მეგობრების სიაშიც არ გვყავდა. 2010 წელს, როდესაც „იმედმა“ კონტრაქტი აღარ გამიგრძელა, რაჭაში წასვლა გადავწყვიტე – სექტემბრამდე მაინც არანაირი „გამონათება“ არ იყო, იმ დროს მე და ნინი უბრალოდ ვსაუბრობდით, მისი ადამიანური დამოკიდებულება მომეწონა, უშუალო იყო... ეტყობა, მასში რაღაც დავინახე... ქსელში მესიჯად ჩემი ტელეფონის ნომერი დავუტოვე – 3 თვე ინტერნეტში ვერ შემოვალ, თუ ურთიერთობის გაგრძელებას მოისურვებ, მესიჯი მომწერე-მეთქი. პირადად მე, მისი მობილური ტელეფონის ნომერი არ ვიცოდი. ეტყობა, ჯერ გაბრაზდა, მერე იფიქრა, რამდენიმე დღეში კი, დამიმესიჯა... იმ პერიოდში მასში ბევრი რამ დავინახე, მოვიხიბლე, მიხაროდა, რომ საერთოდ, სამყაროში ასეთი ადამიანები  არსებობენ... ახლა ჩვენი პატარა „გოგოშკა“ – ჩვენი შვილი მალე უკვე 1 წლის გახდება...

 

ეთო ყორღანაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner