logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო!
- +

3 ივლისი. 2016. 12:28


იმ საკანში, სადაც სულხან მოლაშვილი იჯდა, თომას ჰამარბერგერს ცოცხალი თავით არ უშვებდნენ. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, კარს არ გვიღებდნენ, სანამ ყვირი არ დავიწყე, სასწრაფოდ გაეღოთ კარი. თუ არ ვცდები ირინა ცინცაძე, ბაჩო ახალაიას მოადგილე პირადად ამოვიდა დეპარტამენტიდან და მთხოვდა, ძალიან გთხოვ, ეს კარები არ გაგვაღებინოთ, აქ არ შეიძლება ჰამარბერგის შესვლაო. მაინც გავაღებინეთ და შევიყვანეთ." - ასე იხსენებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი თავის და თომას ჰამარბერგის შეხვედრას სულხან მოლაშვილთან.


-როგორ მოახერხეთ სულხან მოლაშვილთან შეგეყვანათ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგი?



-ამის მოხერხება არ იყო ძნელი, რადგან სრული უფლება მქონდა და თომას ჰამარბერგი არ იყო ის ადამიანი, ვინც მას წინ აღუდგებოდა. უბრალოდ, წინასწარ ასე იყო ხოლმე, როცა ჩამოდიოდა საქართველოში, კარგა ხნით ადრე თანხმდებოდა მისი ვიზიტი და ამ ვიზიტის დროს, ხელისუფლება უდგენდა და თანხმდებოდა რომელ დაწესებულებაში წასულიყო. ამ დაწესებულებაში არ იყო ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო.


მე ვუთხარი, ძვირფასო თომას, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ, ჩვენ უნდა წავიდეთ ამ საპყრობილეში. მე მოვითხოვე, პირველი შემეხვედრებინა სულხან მოლაშვილთან და დავით მირცხულავასთან. ეს შეუძლია დათო  მირცხულავას მოყვეს.


ეზოში ვიდექით და იქ უყვებოდნენ ამბებს. პერიოდულად, თომაც ჰამარბერგი სულხანს და დავითს აწყვეტინებდა საუბარს და მეკითხებდა, მართალია რასაც ესენი ყვებიან, ნამდვილად ასეა? შესწავლილი გაქვსო? ვერ იჯერებდა ადამიანი, რომ მსგავსი რამე მოხდა. მე ვუდასტურებდი,  რომ სიმართლე იყო.


ამის შემდეგ, რაც გავაკეთე, ჩავიყვანე ოთხ ე.წ. ავტორიტეტთან, რომლებიც სარდაფში იყვნენ ჩამწყვდეულები და უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ.  აქედან 3 ლოგინად იყო ჩავარდნილი, მეოთხეს ყურში არ ესმოდა. მათთან შეყვანა  სხვა რამის გამო მინდოდა, პრაქტიკულად, ციხის ბუნტი  იმ ოთახში დაიგეგმა. ჰამარბერგისთვის მინდოდა მეჩვენებინა, რომ სარდაფში, სადაც ისინი ისხდნენ, უცხო პირის შესვლა ადმინისტრაციის განზრახვა რომ არ ყოფილიყო შეუძლებელი იქნებოდა. გამორიცხული იყო. ეს იყო ბაჩო ახალაიას და ადმინისტრაციის პირადი გადაწყვეტილება. აი იქ გაჭირდა ჩემი და ჰამარბერგს შესვლა. დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კარს არ გვიღებდნენ, სანამ ყვირილი არ დავიწყე, სასწრაფოდ გაეღოთ კარი. თუ არ ვცდები ირინა ცინცაძე, ბაჩო ახალაიას მოადგილე პირადად ამოვიდა დეპარტამენტიდან და მთხოვდა, ძალიან გთხოვ, ეს კარები არ გაგვაღებინოთ, აქ არ შეიძლება ჰამარბერგის შესვლაო. მაინც გავაღებინეთ და შევიყვანეთ.


ეს იყო გარღვევა სულხან მოლაშვილის საქმეში, თუმცა მანამდე იყო მათიას იორში, რომელმაც მე-7 საპყრობილის სარდაფში მოინახულა მოლაშვილი, ეს იყო უშუქო, უფანჯრო, ნესტიანი ოთახი, სადაც  ჯანმრთელი ადამიანისთვის  ყოფნაც კი  წამებად და არაადამიანურ მოპყრობად შეიძლება ჩავთვალოთ. მითუმეტეს, როცა საუბარი იყო ადამიანზე, რომელიც იყო  სასტიკად  ნაწამები.


ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია  ევროკონვენციის ყველაზე მძიმე მუხლები. წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, რითაც აღიარა, რომ ის იყო უკანონო პატიმარი.


აღიარა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო უფლება, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი იყო უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, დაცვის უფლების დარღვევა,  ზოგადად არასამართლიანი სასამართლო და მეოთხე, წმინდა პოლიტიკური მე- 14 მუხლი, დისკრიმინაციის აკრძალვა. საიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ მისი პატიმრობა იყო ხელისუფლების სურვილი, პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორება.


მე-14 მუხლი გაცილებით მეტად არის დისკრიმინაცია, მითუმეტეს თუ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მთელს შინაარს შევადარებთ. რადგან იმ შინაარსში მოყოლილია, როგორ შეისწავლა სულხან მოლაშვილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა იუსტიციის მინისტრობისა და  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც აღმოაჩინა უამრავი დარღვევები. სწორედ სამი მუხლის დარღვევა: წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებულია შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და  პირად ანგარიშსწორებასთან, სწორედ აქედან   იკვეთება სიტყვა პოლიტპატიმარი. თორემ, ასე პირდაპირ სიტყვა პოლიტპატიმარს არ წერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.


-შეგიძლიათ თქვათ, რომ სულხან მოლაშვილი მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო?


ამას სხვანაირ შეფასებას ვერ მივცემთ. ცხადია, რომ სულხან მოლაშვილი იყო მიხეილ სააკაშვილის პირადი პატიმარი.


-როგორ ვიცით, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სულხან მოლაშვილის საქმეზე  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. თუმცა, მაღალი რანგის პირები, რომელთა სავარაუდო დანაშაული იკვეთება, კონტროლის პალატის ყოფილი შეფის წამებასა და უკანონო თავისუფლების აღკვეთაში, დღემდე არ დაკითხულა. ფიქრობთ, რომ პროკურატურა მიხეილ სააკაშვილზე გავა?


-ის რომ საქართველოს პროკურატურამ თავიდან დაიწყო სულხან მოლაშვილის საქმეზე გამოძიება და გავა თუ არა გამოძიების ძაფი პირდაპირი მიხელ სააკაშვილამდე, ამისთვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებები. რამდენად იქნება ეს შესაძლებელი ძნელია ამაზე პასუხის გაცემა.


წამების ფაქტი სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა. დღეს, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, უშუალოდ ვინ მონაწილეობდა წამებაში, რატომ არ მოხდა წამების გამოძიება, ვინ აფარებდა ხელს და ვინ უშლიდა ხელს გამოძიებას, ვისგან მოდიოდა უკანონო თავისუფლების აღკვეთა, ვინ იყო ბრძანების გამცემი და შემსრულებლები, ვინ მონაწილეობდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაში, ანუ მოსამართლეები, პროკურორები და ა.შ. ამას ემატება მე-14 მუხლი, მისი პატიმრობის პოლიტიკური მუხლი.


ეს ვერ იქნებოდა ვერცერთი დაბალი თანამდებობის პირი. ცხადია, რომ ეს პირდაპირ მიდის მიხეილ სააკაშვილთან და კიდევ 2-3 ადამიანთან, რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებდნენ.  აქ ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილს ვგულისხმობ, მაგრამ ის, რომ გამოძიება უშუალოდ გავა ამ 3 ადამიანზე, რთულ ამოცანად მიმაჩნია. მაშინ უნდა გამოვიდეს ადეიშვილი და პირდაპირ უნდა თქვას, რომ ეს სააკაშვილის პირდაპირი მოთხოვნა იყო.


როდესაც სტრასბურგის სასამართლო წერს, სულხან მოლაშვილის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ისევ და ისევ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან მივდივართ. ამ ადამიანის მიმართ არსებობს ევროსასამართლოს ორი გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ სასამართლომ დაარღვია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.


გადაწყვეტილებები გირგვლიანი საქმეზე გამოიტანეს პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, ხოლო მურუსიძე იყო მესამე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე. როცა საქმე, სადაც ლაპარაკი იყო პროცესუალურ დარღვევებზე, იმაზე, რომ პირველი და მეორე ინსტანცია პრაქტიკულად  სასამართლო არ იყო, ცხადია ლევან მურუსიძეს უნდა მიეღო სხვა გადაწყვეტილება, მას არამხოლოდ უნდა გაეუქმებინა, არამედ შეეძლო განჩინებაც  გამოეტანა, რითიც პროკურატურას დაავალდებულებდა გამოეძიება პროცესუალური დარღვევებზე  დაეწყო. მან ეს არ გააკეთა. ბუნებრივია, ისიც არის ამ პასუხისმგებლობის გამზიარებელი. რა ტიპის პასუხისმგებლობა იქნება, გავა თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ეს გამოძიების თემაა, მორალური პასუხისმგებლობა ბუნებრივია მას აკისრია.


-რა გითხრათ სულხან მოლაშვილმა, როდესაც პირველად შეხვდით?


-სულხან მოლაშვილის დაკავება მოხდა აპრილში, მე მაშინ არასამათავრობო ორგანიზაციაში ვიყავი, ომბუდსმენი გავხდი სექტემბერში. როდესაც გავრცელდა ხმები სულხან მოლაშვილის წამების შესახებ, პირად მე და ჩემთან ერთად არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაურეკა გიორგი პაპუაშვილმა, რომელიც მაშინ ზურაბ ადეიშვილის, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო და მითხრა, გთხოვთ შედით, ინახულეთ მოლაშვილი და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ეს ადამიანი იტყუებაო. მე არ წავედი.


მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ვიღაცას გაებედა და სულხან მოლაშვილი ეწამებინა. ვერ  წარმოვიდგენდი, თუ ასე გათავხედდებოდა სააკაშვილი, პირადი ბოღმა და შურისძიება ამ დონეზე ექნებოდა. ასეთი ცნობილი და საჯარო ფიგურის წამებას გაბედავდა. რადგან აქეთ მირეკავდნენ, ჩავთვალე რომ ეს ასე არ იყო. ჩემამდე შევიდნენ სხვები, იყო თინა ხიდაშელი, თეა თუთბერიძე, ისინი რომ გამოვიდნენ მათ პირველებმა  თქვეს, რომ სულხან მოლაშვილი არის ნაწამები. ამის შემდეგ, 2 დღის დაგვიანებით  შევედი მე.


ის დეტალურად ყვებოდა, როგორ ხდებოდა მისი წამება, სიგარეტის მიწვა ზურგზე, დენის შეერთება ფეხებზე და ამით წამება. ამის შემდეგ, მე ვესაუბრე ზურაბ ადეიშვილს. ის ამტკიცებდა, რომ მოლაშვილმა თვითდაზიანებები მიიყენა. ვუთხარი, შეუძლებელია ადამიანმა ზურგზე მიიყენოს ასეთი თვითდაზიანება, საკუთარი თვალით უნდა ნახო, ეს ადამიანი თვითდაზიანების ვერ მიიყენებდა, ეს არის წამების კვალი.


წამება მანამდეც იყო, მაგრამ ეს ერთ-ერთი პირველი საქმე იყო, სადაც გამოჩნდა, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება უკან დამხევი არ არის. ისინი ელემენტარულად ყველაფერზე წამსვლელი იყვნენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner