„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა, ელჩების მონაწილეობით, სავარაუდოდ დღეს შედგება.
როგორც მხარეებმა გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში სხვადასხვა საკითხი განიხილეს.
პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გუშინ პოლიტიკურ მხარეებს შორის საინტერესო შეხვედრა შედგა. კობახიძეს შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმებული ვართ ასეთ პირობაზე. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ელჩებს, რომლებიც ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ეს პროცესი გაგრძელდება, შეხვედრა სავარაუდოდ ხვალაც შედგება და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი საბოლოო ჯამში შეთანხმებით დასრულდება“, – განაცხადა კობახიძემ.
შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია არც „ევროპული საქართველოს“ ლიდერ დავით ბაქრაძეს, თუმცა, მისი თქმით, გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება მოხერხდა.
„ბოდიში უნდა მოგიხადოთ, რადგან ელჩების თხოვნით, დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. შემიძლია გითხრათ, რომ იყო გარკვეული საკითხები, სადაც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, მაგრამ დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ერთმანეთთან ვერ დაახლოვდა, ამიტომ გაგრძელდება პროცესი. შემდეგი შეხვედრა ხვალ იქნება და იმედი მაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, საზოგადოებას დეტალები გავაცნოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გუშინ გაიმართა. შეხვედრას ოპოზიციის რვა წარმომადგენელი ესწრებოდა, „ქართული ოცნებიდან“ კი მოლაპარაკებაზე არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე იმყოფებოდნენ.