logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: დღეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება, რომ მოლაპარაკება შედგეს, იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი მაინც შევა პარლამენტში
- +

8 დეკემბერი. 2020. 12:51

 

 

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი, ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. როგორც დავითულიანმა აღნიშნა, ხელისუფლების ცალსახა პოზიციაა, რომ მოლაპარაკება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების რევიზიაზე ვერ შედგება.

 

ამასთან, დავითულიანი იმედოვნებს, რომ დღევანდელი მოლაპარაკება შედეგით დასრულდება და პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მაინც შევა.

 

„დღეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია. „ქართულმა ოცნებამ“ მზაობა გამოთქვა, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგეს. ოპოზიციის მხრიდანაც იყო ამისკენ გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, ჩვენი ცალსახა პოზიციაა, რომ მოლაპარაკება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების რევიზიაზე ვერ შედგება. ეს ოპოზიციისთვისაც სრულად გასაგებია და ჩვენი მხრიდანაც მკაფიოდ გამოკვეთილი წითელი ხაზია. დღეს კიდევ ერთი მცდელობა იქნება, მოლაპარაკება შედგეს. იმედი მაქვს, ეს მოლაპარაკება შედგება და პარლამენტში ოპოზიციის ნაწილი მაინც შემოვა. ეს ყველაფერი მაქსიმუმ პარასკევს გაცხადდება“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

კითხვაზე, არსებობს თუ არა რისკი, პარასკევს პარლამენტი ერთპარტიული იყოს, დავითულიანმა განაცხადა, რომ მსგავსი რამ არც ხელისუფლების და არც ქვეყნის ინტერესში არ შედის. დავითულიანის თქმით, ამ კუთხით პასუხისმგებლობა ოპოზიციის მხარეს არის.

 

„ამაზე დისკუსია საჯაროდ მიმდინარეობს. ეს არც ჩვენ და არც ამ ქვეყნის ინტერესებში არ შედის. ეს არც ოპოზიციის ინტერესებში შედის. თუმცა პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა. მათი გადაწყვეტილებაა და იმედი მაქვს, ისე გადაწყვეტენ, როგორც ყველასთვის ჯობია და არა ისე, როგორც არავისთვის არ სჯობს. მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველი პარლამენტია, რომელშიც საზოგადოების განწყობები მაქსიმალურად პროპორციულად არის წარმოდგენილი. ეს შედეგი საკონსტიტუციო ცვლილებებმა და იმ პოლიტიკამ მოგვცა, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს უკანასკნელი 8 წლის მანძილზე დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. დღეს საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოსახლეობის განწყობები მაქსიმალურად არის ასახული მათ არჩევანში. სამწუხაროდ, ვიღაცები, გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ ეს მონაპოვარი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ, შევდივართ. იმედი გვაქვს ოპოზიციაც ამ არჩევანს გააკეთებს, თავის ამომრჩეველს პატივს სცემენ ის ადამიანები, ვინც ოპოზიციიდანაა არჩეული და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა დავითულიანმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner