„ამ ეტაპზე ექიმების დეფიციტი არ არის და ის მოცულობა, რომლის გამტარობაც ხდება დღეს კოვიდ-ინფიცირებულების, ჩვენი ექიმები ამას სრულად ფარავენ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო.
„ექიმების დეფიციტი საქართველოში იყო პანდემიამდეც და ამ დეფიციტის ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც ერთ წელიწადში ვერ დავძლევთ, ვინაიდან ექიმების მომზადებასა და გადამზადებას ესაჭიროება მრავალი წელი, სულ მცირე 5-დან 12 წლამდე და ეს გასათვალისწინებელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ რიგებს აკლდება გმირი ექიმები. ჩვენ ყველა ღონისძიებას მივმართავთ იმისთვის, რომ როგორც ადგილზე ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ყველანაირი ხელშეწყობა იმის, რომ გატარდეს პრევენციული ღონისძიებები და მოხდეს ექიმების მინიმალური დაზიანება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.