დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსგადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემართოს. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, კორონავირუსგადატანილმა პირმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმეგო აცრა.
„ორივე რესპირაციული ვირუსია, მაგრამ „B“ ტიპის ვირუსი არის სხვა და კორონავირუსი სულ სხვა. კორონავირუსგადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. ამიტომ თავდაცვითი ღონისძიებები აუცილებელია. კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა. კორონავირუსი თქვენ გრიპის საწინააღმდეგოდ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამასთან, გამყრელიძემ აღნიშნა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, „სასურველია ჯერ გამორიცხოთ კორონავირუსული ინფექცია და გავიკეთოთ სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი“.
„თუ კორონავირუსი გამოირიცხა, მაშინ დიდი ალბათობით გაქვთ სხვა რესპირაციული ვირუსი. ასევე, როგორც ვიცი, დიდ საავადმყოფოებს და ქსელშიც არის გრიპის სწრაფი ტესტებიც“, - განაცხადა გამყრელიძემ.