სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა.
„პრემიერ-მინისტრს შევხვდით. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, შიდა და გარე გამოწვევებისა და პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, მას გადადგომისკენ მოვუწოდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეტაკებები და მოვლენების ტრაგიკული განვითარება“, - ნათქვამია კათოლიკოსის წერილში.
გარეგინ მეორემ ასევე მოუწოდა პარლამენტს, საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ, ახალი პრემიერი აირჩიონ და ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩამოაყალიბონ.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სომხეთის 17-მა ოპოზიციურმა პარტიამ „ეროვნული გადარჩენის კომიტეტის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა და პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა და დროებითი მთავრობის შექმნა მოითხოვა.