„ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყო მკვდარი, საქართველოში პოლიტიკური პროცესი, მინიმუმ, 10-15 წლით ჩაბეტონდებოდა. თავად ნაცები მიიჩნევდნენ, რომ 30 წელი მაინც უნდა გაგრძელებულიყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ“, - ამის შესახებ სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
მან 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბებისა და ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ფონზე, წინა ხელისუფლებას კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სურდა ქვეყნის მართვა.
„2008 წელს, რომელიც მოვიდა 7 ნოემბრისა და მასობრივი მღელვარების საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებს წინ საპრეზიდენტო არჩევნები უძღოდა. საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალი იყო, რადგან, ხმების პატიოსნად დათვლის შემთხვევაში, მიშა, ალბათ, გავიდოდა პირველ ადგილზე, მაგრამ, ეს იქნებოდა 50%-ზე ბევრად დაბალი მაჩვენებელი და ვერანაირად ვერ გახდებოდა პრეზიდენტი, მეორე ტურში, გაპრეზიდენტების შანსი, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, რადგან ოპოზიციური ხმები ერთიანდებოდა და მეორე - გამარჯვების რწმენა რჩებოდა ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს. საპარლამენტო არჩევნებზე, იმის გამო, რომ მაშინ საპრეზიდენტო რესპუბლიკა ვიყავით, პრეზიდენტს ჰქონდა მთელი ძალაუფლება და ამომრჩეველი უკვე გატყდა, ხელისუფლებას ხელში ჰქონდა ყველა ბერკეტი. ოპოზიციამ წააგო და ამ ფონზე, პარტიების ნაწილმა გადაწყვიტა, არ შესულიყო პარლამენტში და ამით, სერიოზულად იზარალეს. ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოსულიყო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესი იყო მკვდარი, საქართველოში პოლიტიკური პროცესი, მინიმუმ, 10-15 წლით ჩაბეტონდებოდა. თავად ნაცები მიიჩნევდნენ, რომ 30 წელი მაინც უნდა გაგრძელებულიყო, ამაზე ღიად საუბრობდნენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.