ადამიანის სიკვდილისწინა მდგომარეობას აგონია ეწოდება, ხოლო იმ მდგომარეობას, რომელშიც პარტია „გირჩი“ მისი ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადების გამო ჩავარდა, იაგონია ჰქვია.
საქმე ის არის, რომ ამა წლის 29 ნოემბერს პოლიციამ ზუგდიდში მამაკაცი დააკავა, რომელსაც ბრალად არასრულწლოვანის გამოსახულებით პორნოგრაფიული მასალის შეძენა-შენახვა, ფლობა და გამოყენება ედება, რაც ცივილიზებულ სამყაროში და, ბუნებრივია, საქართველოშიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი დანაშაულია.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ პარტია „გირჩისთვის“ სისხლის სამართლის კოდექსზე, კონსტიტუციასა და სახარებაზე მაღლა კვაზილიბერალური დოქტრინა დგას, იაგო ხვიჩიამ ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებლის დაკავება გააპროტესტა და სოციალურ ქსელში დაწერა:
„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.
აი, სწორედ იაგოს ამ განცხადების გამო ჩავარდა „გირჩი“ პოლიტიკურ და მორალურ იაგონიაში, რადგან სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობამ გინება აუტეხა და წყევლა-კრულვა გაუგზავნა.
მართალია, გირჩელებისგან ლიბერასტული სიგიჟეები აღარავის უკვირს, რადგან ეს პარტია, მარიხუანის ლეგალიზაციით დაწყებული, მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციით გაგრძელებული და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებით დამთავრებული, ყოველივე სიბილწისა და უკეთურობის აპოლოგეტად გვევლინება, მაგრამ ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელთა ქომაგობა თვით ამ ხელიდან წასული ლიბერასტებისგანაც კი მეტისმეტია.
მოკლედ, საზოგადოებაც აღშფოთდა და „გირჩის“ გასაბერი მონასტერიც აირია.
კერძოდ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ, რომელმაც ნახა, რომ მის პარტიას მთელი საქართველო განურჩევლად დიდისა და პატარისა, ნაცისა და ქოცისა, ლიბერალისა და კონსერვატორისა, ხმაშეწყობილად აგინებდა, სცადა, საზოგადოებისთვის აეხსნა, თითქოს იაგო ხვიჩიას განცხადება მათ კოლექტიურ პოზიციას არ გამოხატავდა.
თუმცა, ჯაფარიძემ ხვიჩიას განცხადების შინაარსი კი არა, მხოლოდ ფორმა დაგმო:
„როცა ასე რაღაცას ზერელედ, სამი წინადადებით აგდებ და ამას მოჰყვება აფეთქება და დედის ტრ...ის (ცენზურა ჩვენია. რედ.) გინება ყველა მხრიდან, უნდა გესმოდეს, რომ ამით სერიოზული ზიანი მოადგა უკვე „გირჩს“.
როგორც ხედავთ, ჯაფარიძეს სულაც არა აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მისი თანაპარტიელი ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენის, შენახვისა და მოხმარების ბრალდებით ადამიანის დაკავებას სიგიჟედ თვლის, უბრალოდ, იმით არის უკმაყოფილო, რომ იაგო ხვიჩიამ უფრო ლამაზად და დიპლომატიურად არ დაწერა ის, რაც დაწერა.
დიახ, როგორ ლამაზად და დიპლომატიურადაც დათესა „გირჩმა“ მარიხუანა პირდაპირ ეთერში, როგორ ლამაზად და დიპლომატიურადაც გახსნა ბორდელი საკუთარ ოფისში, როგორ ლამაზად და დიპლომატიურადაც დაარსა „გასაბერი ეკლესიის“ სექტა, რომელიც დეზერტირობას ახალისებს, როგორ ლამაზად და დიპლომატიურადაც ჩაიხადა სოფელ ატოცში, საოკუპაციო ხაზთან და როგორ ელეგანტურადაც მიუშვირა შიშველი უკანალი რუს ჯარისკაცებს, როგორ ლამაზად და დიპლომატიურადაც ითხოვს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, სწორედ ასე ლამაზად და დიპლომატიურად უნდა ეთქვა იაგო ხვიჩიას, რომ პედოფილიის წახალისება დანაშაული არ არის და ბავშვთა პორნოგრაფიის მომხმარებელს კანონი არ უნდა სჯიდეს.
ასეთ შემთხვევაში იაგოს განცხადებას ჯაფარიძეც დაეთანხმებოდა და „გირჩი“ იაგონიაში არ ჩავარდებოდა.
ახლა კი რა ხდება? იაგოს განცხადების გამო „გირჩს“ იმდენი აგინეს, იაგონიაში ჩააგდეს და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე იძულებული გახდა საკუთარ თანაპარტიელებს გამიჯვნოდა – ჩემი, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები გაიყო, მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას აღარ ვაპირებო!
გამიჯვნა ასე არ უნდაო და იქიდან იაგოც აბობოქრდა, რომელიც ჯაფარიძის განცხადებას ასე გამოხმაურა:
„არასერიოზული, სიგიჟე, ატოცზე ტრ...ის (ცენზურა ჩვენია. რედ.) მაჩვენებელი კაცი წერს ამას. თან რაზე, პორნოს ნახვაზე? ცუდია ეს ყველაფერი, მარა რას ვიზამთ, გაიგებთ, რას ვიტანდი მთელი ეს წლები“.
ხედავთ, რა დღე დადგა და სადამდე მივიდა საქმე? იაგო ხვიჩია ზურაბ ჯაფარიძეს საჯაროდ ათახსირებს – შენ ის კაცი არა ხარ, ატოცში რომ ჩაიხადე და რუსებს უკანალი მიუშვირეო?
ამას კი მართლა იაგონიაში ჩავარდნა და პოლიტიკური აღსასრულის მოახლოება ჰქვია.
მართალია, ხვიჩიამ მოგვიანებით ფეისბუქ-პოსტი წაშალა და ჯაფარიძეს ბოდიშიც მოუხადა – ცხელ გულზე სისულელე დავწერეო, მაგრამ ბაგიდან ერთხელ გამოფრენილი სიტყვის ისევ უკან შეფრენის პრეცენდენტი სამყაროში არ არსებობს, ხოლო პატივცემულ ზიგმუნდ ფროიდსაც თუ შევაწუხებთ, ცხადი გახდება, რომ იაგომ სწორედ ის ამოაფრქვია, რაც ქვეცნობიერში უტრიალებდა.
ის კი არა, იაგო „გირჩის“ თეთრეულის გამოფენითაც დაიმუქრა – მოვყვები, მთელი ეს წლები რასაც ვიტანდი და როგორც ვიტანჯებოდი!
ასე რომ, თქვენ პორნოგრაფია და ეროტიკა მერე ნახეთ, თუ იაგომ პირი მართლა მოაღო და სულ წვრილად გადმოალაგა ყველაფერი, რაც იმ ვიბრატორებითა და მათრახებით გაწყობილ ბორდელში ხდებოდა, „გირჩმა“ საკუთარ ოფისში რომ მოაწყო.
სხვათაშორის, ბავშვთა პორნოგრაფიისა და არასრუწლოვანთა გარყვნის თემა იაგოსგან შორს არც მანამდე ყოფილა, სანამ იგი გაპოლიტიკოსდებოდა და „გირჩში“ ამოყოფდა თავს.
საქმე ის არის, რომ ერთ აწ განსვენებულ ცნობილ ქართველ მსახიობს, რომელიც თავის დროზე არასრულწლოვან გოგონებთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის მრავალჯერად დამყარებაში იყო მხილებული, „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში ადვოკატად სწორედ იაგო ხვიჩია ჰყავდა.
ცნობილი მსახიობი, რომელსაც არასრულწლოვან გოგონებთან გაუკუღმართებულ სექსის გამო გარკვეულ წრეებში „ფაიდეროსის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, ჩვენი გაზეთის წინააღმდეგ სარჩელის შეტანიდან მალევე გარდაიცვალა და სასამართლო პროცესი აღარ შედგა, თორემ მის ადვოკატ იაგო ხვიჩიას სასამართლოს დარბაზში იქნებ იმის მტკიცებად დაეწყო – არათუ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის მოხმარება, არამედ თვით პედოფილიაც კი დანაშაული არ არისო!
ზოგიერთ თეორიას თუ ვერწმუნებით, სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება და, როგორც ჩანს, სრულიად კანონზომიერი იყო, რომ არასრულწლოვანთა გარყვნაში მხილებულმა ცნობილმა არტისტმა ადვოკატად აიყვანა იმ დროისთვის ჯერ კიდევ უცნობი იაგო ხვიჩია, რომელიც არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარებისთვის კაცის დაჭერას სიგიჟედ მიიჩნევს!
არ ვიცით და არც გვაინტერესებს, გამოვა თუ არ „გირჩი“ იმ პოლიტიკური იაგონიიდან, რომელშიც იგი იაგოს საქციელმა ჩააგდო, რადგან იაგოსთან ერთად თუ იაგოს გარეშე, ამ პარტიის იდეოლოგია უცვლელია: მარიხუანა დათესეთო, ეკლესია გაბერეთო, შარვალი ჩაიხედეთო, კაცი კაცზე დააქორწინეთო და ბავშვთა პორნოგრაფიას უყურეთო!
უბედურება ის არის, რომ საქართველოში მოიძებნა 55 ათასი ადამიანი, რომელმაც იაგოს პარტიას არჩევნებში ხმა მისცა და პარლამენტის საგზური გამოუწერა.
ეს მართლაც საგანგაშო სიგნალია, რომელიც გვაფრთხილებს, რომ ერს მორალურ და სულიერ იაგონიაში ჩავარდნა ემუქრება!
ჯაბა ხუბუა