ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე კორონავირუსს სახლში მკურნალობით უმკლავდება. 79 წლის მოცეკვავე მეუღლესთან ერთად დასნებოვნდა. როგორც ის “პრაიმამბებთან” ამბობს, თავს კარგად გრძნობს და ოჯახის ექიმის ყველა რეკომენდაციას მიჰყვება.
ფრიდონ სულაბერიძე: – უკვე მეშვიდე დღეა, რაც კორონავირუსს ვებრძვი. მე და ჩემი მეუღლე მარტოები ვართ, ორივე დაინფიცირებული. არაფერი მაწუხებს, არ გამრთულებია. ჯერჯერობით, კარგად ვარ და მერე ვნახოთ.
სიცხე საერთოდ არ გვქონია. ღებინების შეგრძნებით დაგვეწყო. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაგვიყვანა და კორონავირუსი დაგვიდასტურდა.
– ფიზიკურად ნავარჯიშები ხართ, როგორ გგონიათ, ასე იოლად ამიტომ გადაგაქვთ?
– რა გითხრათ. მოცეკვავე ვიყავი, ახლა რაღა დროს ჩემი ცეკვაა? 79 წლის ვარ… ყველა რეკომენდაციას ვასრულებ. მივყვები ექიმის რჩევებს. ვცდილობ, განწყობაც შევინარჩუნო.