თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით მოძრავმა საექსპორტო მატარებელმა საქართველოს საზღვარი უკვე გადმოკვეთა.
ჩინეთის მიმართულებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად მოხდა. მატარებელი სტამბოლიდან 4 დეკემბერს დაიძრა და შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით, სიანის პროვინციაში ჩავა. ის 8 693 კმ-ს 12 დღეში დაფარავს. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან აქამდე შუა სატრანსპორტო დერეფნის მეშვეობით, ტვირთები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიემართებოდა.
ბაქო-თბილისი-ყარსი ახალი სარკინიგზო მარშრუტია, რომელიც საქართველოზე გავლით, ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს. ის სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მოქმედებს.
2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში შუა დერეფანზე ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით საქართველოს გავლით გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 2343 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35.1%-ით მეტია (1734 TEU). მათ შორის 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში BTK-თი გადაიზიდა 1260 TEU, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 371.9%-ით მეტია (267 TEU)
საქართველოზე გამავალი დერეფანი გამოირჩევა არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობით გამოწვეული უპირატესობით, არამედ განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ინსტიტუციური სისტემით.
ამასთან, დერეფნის განვითარება არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობა. მას თან უნდა ახლდეს გამარტივებული და გაციფროვნებული საბაჟო და საზღვრის კვეთის პროცედურები, რაც ჩვენს უპირობო უპირატესობას წარმოადგენს. ამას ემატება საქართველოში მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციის შესაძლებლობები, რომელიც გამოიხატება საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო კავშირების არსებობით მეზობელ ქვეყნებთან.
ამასთან, დაწყებულია მუშაობა ქვეყნის შიგნით არსებული სატრანსპორტო სისტემების (მათ შორის, პორტების) და ამავდროულად, სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების საკითხებზე. ზემოხსენებული პროექტები და აქტივობები საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია.